აშშ-ის MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, კარიერაში მე-8 „ოქროს ბურთი“ (Ballon d’Or) მოიგო. წლის საუკეთესო ფეხბურთელი პარიზში გამართულ ღონისძიებაზე გამოცემა France Football-მა დაასახელა, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს 1956 წლიდან ევროპულ კლუბებში მოთამაშე სპორტსმენებს ანიჭებს.
ლიონელ მესიმ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს, ნორვეგიელ ერლინგ ჰაალანდს, ასევე PSG-ისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს, კილიან მბაპეს აჯობა. მათ შესაბამისად მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.
ცნობისთვის, საფეხბურთო კარიერაში მესის მთავარი კონკურენტი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ღირსებას იცავს, წელს „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის არ იყო. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს ეს ჯილდო 5-ჯერ აქვს მოგებული.
რაც შეეხება მესის, მან „ოქროს ბურთი“ პირველად 2009 წელს მოიგო. ამის შემდეგ არგენტინელმა ტიტული 2010, 2011, 2012, 2015, 2019 და 2022 წლებში მოიპოვა.
აქვე გეტყვით, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 პოზიცია დაიკავა და სიაში ისეთ ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორიცაა ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი. მათ, შესაბამისად, მე-18, მე-19 და მე-20 ადგილები ხვდათ წილად. საერთო ჯამში, „ოქროს ბურთზე“ 30 ფეხბურთელი იყო წარდგენილი.
ქალთა შორის „ოქროს ბურთი“ „ბარსელონაში“ მოთამაშე აიტანა ბონმატიმ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე წელია, რაც ეს ჯილდო ესპანელ ფეხბურთელს გადაეცემა. შეგახსენებთ, 2021 და 2022 წლებში „ოქროს ბურთი“ ალექსია პუტელიასმა მოიგო, რომელიც ასევე „ბარსელონის“ ღირსებას იცავს.