საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „ჰეშზე“ ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 7 თვის განმავლობაში, ბანკი მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება კი შეზღუდული ექნება.
ცნობისთვის, სს „ჰეშის“ ბიზნესმიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც საბანკო სერვისების მიწოდებას ძირითადად ელექტრონული არხებით გეგმავს. ბანკი მიზნად ისახავს ბაზრის როგორც ტრადიციული, ისე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს.
სს „ჰეშზე“ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორში უკვე თექვსმეტი კომერციული ბანკია წარმოდგენილი.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ციფრულ ბანკს საქმიანობის რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილება ეტაპობრივად, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე მიენიჭება. თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნესმოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.
საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესმოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.
ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება „ჰეშ“ 2022 წლის 17 აგვისტოს დარეგისტრირდა. ბანკის აქციონერთა შორის არიან ვოლოდიმირ ნოსოვი (WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი), სულხან პაპაშვილი, ლაშა პაპაშვილი და ნანა ქებურია.
შეგახსენებთ, პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია სებ-მა გასული წლის ნოემბერში სს „პეისერა საქართველოზე“ გასცა. „პეისერა საქართველო“ ციფრული ბანკი იქნება, რომლის ბიზნესმოდელიც ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და კლიენტებს მომსახურებას დისტანციურად, ფილიალების გარეშე გაუწევს.