ოქტომბრის დასაწყისში საქართველომ უროლოგთა საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა. საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, რომელიც უროლოგიის მეცნიერების განვითარებას, დარგობრივი განათლების ხელშეწყობასა და პაციენტებზე ზრუნვის გაუმჯობესებას ემსახურება, უკვე თითქმის 24 წლისაა. მისი გენერალური მდივანი არჩილ ჩხოტუა Forbes Georgia-ს დარგისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონგრესის შესახებ ესაუბრა და ასოციაციის სხვა მიღწევებიც მიმოიხილა.
რას ემსახურება უროლოგთა საერთაშორისო კონგრესი, როგორ ჩაიარა ღონისძიებამ და გაამართლა თუ არა თქვენი იმედი და მოლოდინი?
ეს იყო ე.წ. „ქართული უროლოგიის მეგობრების“ რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. კერძოდ, მასში მონაწილეობა მიიღეს ევროპის უროლოგთა ასოციაციის ექსპერტებმა, ევრაზიის ურო-ონკოლოგთა ასოციაციამ, თურქეთის, ისრაელისა და ყაზახეთის უროლოგთა ასოციაციებმა.
იდეა პირადად ჩემი და ჩემი მეგობრის, ებრაელი უროლოგის, ავი ბერისაა და გარდა სხვადასხვა ქვეყნის უროლოგების დამეგობრებისა, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთდახმარებას ისახავს მიზნად. ჩვენ, ორივეს, ძალიან გვიხარია, რომ ეს იდეა ასეთი წარმატებული აღმოჩნდა და რომ თავად ფორმატი წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება.
კონგრესი გაიხსნა ევროპის უროლოგიის სკოლის სესიით, რომლის ფარგლებშიც ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის გამოგზავნილმა ექსპერტებმა ქართველ ექიმებს გააცნეს შარდკენჭოვანი დაავადებისა და პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების მართვის ყველაზე თანამედროვე მეთოდები. ჩვენ გვქონდა ისრაელისა და ევრაზიის ურო-ონკოლოგიური ასოციაციების სესიები, რომლებშიც ქართველმა და უცხოელმა უროლოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ყველაზე რთული უროლოგიური დაავადებების მკურნალობის საკუთარი გამოცდილება. ცალკე სესია დაეთმო რთული და იშვიათი კლინიკური შემთხვევების ერთობლივ ანალიზს. იყო ვიდეოდემონსტრირებები, საინტერესო შემთხვევების განხილვა, კითხვა-პასუხი და დისკუსია. კონგრესს დაესწრო დელეგატთა რეკორდული რაოდენობა. ყველაფერმა ამან განაპირობა ღონისძიების უაღრესად დიდი წარმატება, რაც საყოველთაოდ გაზიარებული აზრია.
მოგვიყევით თქვენ მიერ განვლილი პროფესიული გზის შესახებ უროლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელობამდე.
ექიმების ოჯახში გავიზარდე. მამა, ბებია, ბაბუა, ბიძა და დეიდა სხვადასხვა სპეციალობის ექიმები იყვნენ, ამიტომ პროფესიის არჩევა არ გამჭირვებია. შემიძლია ვთქვა, რომ სხვა პროფესიაზე არათუ სერიოზულად, გატაცებითაც კი არასდროს მიფიქრია.
ჩემი საექიმო საქმიანობა 1992 წელს, მაშინდელ ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო. 1999 წელს ინსტიტუტის იმდროინდელმა დირექტორმა, აკადემიკოსმა ლაურ მანაგაძემ, გამანდო, რომ ჩვენს ცენტრში თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაწყება სურდა. მითხრა, რომ სტაჟირების გასავლელად წამყვან ტრანსპლანტოლოგიურ კლინიკაში უნდა წავსულიყავი. ისრაელში ჩემს ორწლიან სტაჟირებას მოჰყვა ერთწლიანი სტაჟირება იტალიაში და წელიწადნახევრიანი — გერმანიაში. სამუშაო გამოცდილება მივიღე თელ-ავივის, ბოლონიისა და ულმის უნივერსიტეტების წამყვან კლინიკებში, 2003 წელს კი საქართველოში დავბრუნდი და ჩვენმა ინსტიტუტმა, პირველმა ქვეყანასა და რეგიონში, თირკმლის ტრანსპლანტაციის დამოუკიდებელი პროგრამა დაიწყო, რომელიც დღემდე წარმატებით გრძელდება.
ამას მოჰყვა ჩემი კარიერული წინსვლა ჯერ ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ თანამშრომლის, ხოლო 2010 წლიდან სამეცნიერო დირექტორის თანამდებობაზე. 2014 წელს საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყრილობაზე ასოციაციის გენერალურ მდივნად ამირჩიეს და ამ მოვალეობას დღემდე ვასრულებ.
რა რეფორმები განხორციელდა საქართველოს უროლოგთა ასოციაციაში 2014 წლიდან დღემდე?
ამ წლების განმავლობაში, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში მცოდნე, მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალების ჯგუფი ჩამოვაყალიბე, რომელთა ერთობლივი ძალისხმევითაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორისაა ასოციაციის სტრუქტურული რეფორმა, რომლის წყალობითაც ის დღეს ევროპის უროლოგთა ასოციაციის სტრუქტურასთანაა თანხვდენილი. სუა-ში გავაწევრიანეთ ექთნები და ჩამოვაყალიბეთ ექთნების სექცია, რითაც მათ საშუალება მივეცით, თავიანთი პრობლემები ჩვენამდე მოეტანათ.
ასევე, ჩამოვაყალიბეთ პაციენტების სექცია, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი და კომენტატორი, აწ განსვენებული, ჯამლეტ ხუხაშვილი ხელმძღვანელობდა. იგი, თავისი უშრეტი ენერგიითა და მოტივაციით, კრებდა სექციის წევრებს, რომლებიც ქართველ პაციენტთა მნიშვნელოვან პრობლემებზე მსჯელობდნენ. შევქმენით უცხოელი წევრების სექციაც, რომელიც ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნიდან აერთიანებს. ეს საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში, მათ დახმარებისა და კონსულტაციისთვის მივმართოთ. აღნიშნული რეფორმების შედეგად, სუა -ის წევრების რაოდენობა დღეისათვის 462-ია. ასოციაციის წარმომადგენლობითობის ასეთმა უპრეცედენტო ზრდამ შესაძლებლობა მოგვცა, უმნიშვნელოვანესი პროექტები განგვეხორციელებინა.
მაგალითად, 2016 წელს ჩემი და ჩემი ებრაელი კოლეგის, წარმატებული უროლოგის, ავი ბერის (ზაზა ბერიძე) ერთობლივი ინიციატივით, ჩამოვაყალიბეთ ფორმატი, რომელსაც დავარქვით „ქართული უროლოგიის მეგობრები“. იმავე წელს ჩავატარეთ ჩვენი გაერთიანების პირველი დამფუძნებელი ყრილობა. ამ გაერთიანებას 2018 წელს შემოუერთდა ევრაზიის ურო-ონკოლოგიური ასოციაცია, ხოლო წელს — თურქეთის უროლოგთა 3000-ზე მეტწევრიანი ასოციაცია.
თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულ რომელ მნიშვნელოვან პროექტებს გამოარჩევდით?
პროექტებს შორის გამოვყოფდი კავკასია-ცენტრალური აზიის პირველ რეგიონულ კონგრესს. ის თბილისში, 2019 წლის 4-5 ოქტომბერს ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სუა-მ უმასპინძლა პირველ რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციას, რომელშიც, საქართველოს გარდა, შვიდმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.
კონგრესი ევროპის უროლოგთა ასოციაციის ეგიდითა და ხელშეწყობით ჩატარდა. მას აღნიშნული ასოციაციის ორი ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა. ღონისძიება უმნიშვნელოვანესი იყო, უპირველეს ყოვლისა, უაღრესად მაღალი დონის წარმომადგენლობის გამო ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. ასევე, პირველად ქართული უროლოგიისა და, ვფიქრობ, მედიცინის ისტორიაში, კონფერენციის პროგრამაში ჩართული იყო ე.წ. ცოცხალი ქირურგიის სესია, რომლის დროსაც ორ სხვადასხვა კლინიკაში ევროპელმა და ქართველმა უროლოგებმა შეასრულეს ურთულესი ოპერაციები საკონფერენციო დარბაზში პირდაპირი ტრანსლირებით, ორმხრივი ვიდეო- და აუდიოკონტაქტით. კონფერენციის მასალები დაიბეჭდა ძალიან მაღალი რეიტინგის უროლოგიურ სამეცნიერო ჟურნალ European Urology Focus-ში. კონფერენცია აკრედიტებული იყო ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის (UEMS) მიერ, რაც ქართულ უროლოგიაში მანამდე არ მომხდარა.
უნდა ითქვას, რომ პანდემიის განმავლობაში სუა-მ არათუ შეწყვიტა ან შეანელა ფუნქციონირება, არამედ სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობები გააძლიერა. განხორციელდა სულ 20 პროექტი, მათ შორის ორი გასვლითი, მულტიდისციპლინური კონფერენცია ზუგდიდსა და გრიგოლეთში; პაციენტების უფასო კონსულტაცია სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში; 15 მულტიდისციპლინური, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ონლაინ კონფერენცია; ორი ონლაინ ვებინარი ევროპის უროლოგთა ასოციაციის ეგიდით. პანდემიის მიუხედავად, სუა-ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს 11 საერთაშორისო ღონისძიებაშიც.
რამდენადაა ინტეგრირებული სუა უროლოგთა საერთაშორისო გაერთიანებებში? გვეხმარება თუ არა მსგავსი ურთიერთობები, რომ უროლოგიაში ტექნოლოგიურ და მეთოდურ წინსვლას ფეხი ავუწყოთ?
საერთაშორისო სტრუქტურებში ქართული უროლოგიის ინტეგრირება ასოციაციის დამაარსებელმა, აკადემიკოსმა ლაურ მანაგაძემ, თავის თანამოაზრეებთან ერთად გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. სწორედ ამან განაპირობა ქართული უროლოგიის პროგრესი და წარმატება.
ამ გზას ჩვენი თაობა წარმატებით აგრძელებს. კერძოდ, მე გახლავართ ევროპის უროლოგთა საბჭოს (European Board of Urology) მდივანი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენელს მსგავსი პატივი ხვდა წილად. ასევე, 2022-2023 წლებში ვიყავი ევროპის უროლოგთა საბჭოს ოფიციალური გამომცდელი ევროპულ სასერტიფიკაციო გამოცდებში.
სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ევროპის უროლოგთა ასოციაციის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები. მაგალითად, ალექსანდრე ხელაია იქ „ამბულატორიული და ოფის უროლოგიის“ სექციის საბჭოს წევრია; დავით ნიკოლეიშვილი კავკასია-ცენტრალური აზიის სექციის თავმჯდომარე გახლავთ; შალვა მშვილდაძე „ტრანსპლანტაციის“ სექციის მმართველი საბჭოს წევრია, ხოლო ალექსანდრე უჯმაჯურიძე და მე უროლოგთა საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრები ვართ.
ასეთ მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობებს საფუძველი ჯერ კიდევ ასოციაციის დამფუძნებლებმა ჩაუყარეს. პირადად მე და სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ყველანაირად ვცდილობთ, ამ კავშირებს ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ. დღეისათვის სუა არის უროლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი 2019 წლიდან, ევროპის უროლოგთა საბჭოს წევრი 2014 წლიდან და ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი 2000 წლიდან.
მათთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ფეხი ავუწყოთ დარგის განვითარებას და განვახორციელოთ მასშტაბური სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტები. ტექნოლოგიურ წინსვლაში, სამწუხაროდ, ეს ვერ გვეხმარება. ტექნიკური ბაზის განვითარება და განახლება ძალიან რთული და ძვირად ღირებული პროცესია, რაც ცალკეული კლინიკების ვალდებულებაა.
რადგან პრობლემები ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რა არის თანამედროვე მსოფლიოში უროლოგიის მთავარი გამოწვევა? რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?
ახალგაზრდა უროლოგების/რეზიდენტების განათლება და ტრენინგი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს. უშუალოდ ჩემი ინიციატივითა და ევროპის უროლოგთა საბჭოსთან შეთანხმებით, 2018-2019 წლებში სუა-მ საქართველოში უპრეცედენტო ევროპული წერითი გამოცდები ჩაატარა. შედეგად, ქართველ ექიმებს ქვეყნიდან გაუსვლელად, გადასახადის გარეშე, ქართულად თარგმნილი და ადაპტირებული ტესტებით პირველად შეეძლოთ, ჩაებარებინათ ევროპული გამოცდა უროლოგიაში და მიეღოთ ევროპული სერტიფიკატი. დავგეგმეთ რეზიდენტების განათლების რამდენიმეწლიანი პროგრამაც, რომელიც გულისხმობს მათ თეორიულ მომზადებას ევროპული რეზიდენტურის პროგრამების შესაბამისად.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ჩვენ, უროლოგები, და, დარწმუნებული ვარ, სხვა სპეციალობის ექიმებიც ვაწყდებით საქართველოში, არის მოსახლეობის უნდობლობა სამედიცინო სექტორის მიმართ. მეტიც, ძალიან ხშირია პირდაპირი აგრესიის გამოხატვა მედიკოსების მიმართ. ეს ურთიერთდაკავშირებული და მრავალწახნაგოვანი პრობლემებია. სწორედ ამ უნდობლობით არის განპირობებული პაციენტების მასობრივი გადინება თურქეთისა და სხვა ქვეყნების კლინიკებში. მთავარი ისაა, რომ ამით ყველაზე მეტად თავად პაციენტები ზარალდებიან. პრობლემას სჭირდება აღიარება, ანალიზი და მისი დაძლევის მრავალწლიანი გეგმის შემუშავება, რაშიც დიდი როლი უნდა შეასრულოს სამთავრობო სტრუქტურებმა, თქვენ, ჟურნალისტებმა, და სხვა უწყებებმა.
თირკმლის ტრანსპლანტაციაზეც ვისაუბროთ. რამდენად აქტიურად ტარდება ჩვენს ქვეყანაში ეს პროცედურა? როგორია წარმატების მაჩვენებელი?
ეს ძალიან რთული და საჭირბოროტო თემაა, რომელსაც ვერც ერთ და ვერც რამდენიმე ინტერვიუს ფარგლებში ვერ ამოვწურავთ. ტრანსპლანტოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირად ღირებული დარგია, რომლის განვითარებაც დიდ მატერიალურ და არამატერიალურ ინვესტიციებს მოითხოვს. მე ჩემი ცხოვრების 23 წელი შევალიე ამ დარგს და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში მისი განვითარების სათავეებთან ვიდექი. დარგის ნოვატორი საქართველოში აკადემიკოსი ლაურ მანაგაძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც 1976 წელს განხორციელდა თირკმლის ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაციები გვამური დონორიდან აღებული ორგანოებით. მისივე მხარდაჭერით 1995 წელს უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო ცოცხალი დონორებიდან აღებული ორგანოების ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაციები.
იმ დროს ქვეყანაში მხოლოდ თირკმლის ტრანსპლანტაციები ტარდებოდა, დღეს კი საქართველოში უკვე წარმატებით მიმდინარეობს ღვიძლის, ძვლის ტვინისა და რქოვანა გარსის გადანერგვა. ეს მაინც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რისი მოთხოვნილებაც არსებობს.
რაც შეეხება მიღწევებს, თირკმლის ტრანსპლანტაციაში ჩვენი შედეგები არაერთხელ წარვადგინეთ უმაღლესი დონის ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო კონგრესებზე და ისინი მათი შედეგების იდენტურია. ასევე, გვაქვს ამ საკითხზე გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში, უცხოეთში დაბეჭდილ წიგნებში და სხვა.
ბოლოს, გაგვიზიარეთ, როგორია ასოციაციის სამომავლო გეგმები?
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობებს. მაგალითად, სუა, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრთან და საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციასთან ერთად, ამჟამად ატარებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგს უროლოგიურ დაავადებათა რადიოლოგიური დიაგნოსტიკის აქტუალურ საკითხებზე. ეს აქტივობა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და მინიჭებული აქვს შესაბამისი კრედიტ-ქულა.
ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობებს რეგიონებში, რაც უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია. უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ შემდეგი გასვლითი, მულტიდისციპლინური კონფერენცია გვექნება ქალაქ ბათუმში. ის აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების ექიმებისათვის ტარდება.
გარდა ამისა, გაისად ჩატარდება ჩვენი ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი და აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ დიდი ფორმატის რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაში.