იაპონიაში, ნაკაში, მსოფლიოს უდიდესი ექსპერიმენტული ბირთვული სინთეზის რეაქტორი უკვე ამუშავდა. ტექნოლოგიის განვითარება ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ბევრი მას სამომავლო ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილების მთავარ წყაროდ მიიჩნევს.
ბირთვული სინთეზი განსხვავდება ატომის გახლეჩისგან – ტექნოლოგიისგან, რომელსაც ატომურ ელექტროსადგურებში გამოიყენებენ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. ბირთვული სინთეზი ორი ატომის შერწყმას გულისხმობს.
6-სართულიანი შენობის ზომის JT-60SA-რეაქტორი 500-მდე მკვლევრისა თუ ინჟინრის, ასევე 70 კომპანიის კოლაბორაციის შედეგია და მისი ძირითადი მიზანი იმის გამოკვლევაა, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბირთვული სინთეზით უსაფრთხოდ, ნახშირბადის გამოყოფის გარეშე იქნას მიღებული ენერგია და, რაც მთავარია, გამომუშავდეს იმაზე მეტი, ვიდრე რეაქტორს მიეწოდება ოპერაციის განსახორციელებლად.
JT-60SA-რეაქტორი შედგება დონატის ფორმის „ტოკამაკისგან“, რომელშიც პლაზმა 200 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება – სწორედ ეს ტემპერატურაა საჭირო იმისთვის, რომ წყალბადის ატომები ჰელიუმისას შეერწყას და ენერგია წარმოიქმნას.
პროექტი, რომელიც ევროკავშირმა და იაპონიამ ერთად განახორციელეს, წინამორბედია საფრანგეთში მშენებარე საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორისა (ITER), რომლის ამუშავებაც გვიანდება, რადგან მკვლევრები ტექნიკური პრობლემების წინაშე არიან.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული სინთეზით დახარჯულზე მეტი ენერგიის გამომუშავება მეცნიერებმა პირველად 2022 წლის დეკემბერში, კალიფორნიაში, ლოურენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში შეძლეს.
ბირთვული სინთეზის დროს იგივე პროცესი მიმდინარეობს, რაც ვარსკვლავის დაბადებისას – ეს იგივეა, დედამიწაზე, პატარა კაფსულში ხელოვნური ვარსკვლავი, მზის რეპლიკა შექმნა.
რეაქტორებისთვის საწვავად გამოიყენება წყალბადი ან ჰელიუმი, რომლითაც მდიდარია ოკეანეები. თუმცა ნებისმიერი წყალბადი ამისთვის არ გამოდგება და საჭიროა სპეციფიკური იზოტოპები ექსტრა ნეიტრონებით, რომლებსაც დეიტერიუმი და ტრიტიუმი ეწოდება.
დეიტერიუმი დედამიწაზე მრავლადაა, თუმცა ტრიტიუმი იშვიათობაა და თანაც, რადიოაქტიურია. არც ჰელიუმი გვხვდება დედამიწაზე მრავლად, რაც პრობლემას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ენერგია წიაღისეული რესურსების ალტერნატივას წარმოადგენს, არის ყველაზე სუფთა, რაც კი დედამიწაზე არსებობს და არ გამოიყოფა ნახშირორჟანგი.
გარდა ამისა, მეცნიერების თანახმად, დღეს არსებული ატომური რეაქტორებისგან განსხვავებით, ბირთვული სინთეზით არ წარმოიქმნება რადიაცია, რომელიც ჩერნობილისა თუ ფუკუშიმის სადგურებში კატასტროფის გამომწვევი მიზეზი გახდა და არც რადიოაქტიური ნარჩენები, რომელთა დაშლას ასიათასობით წელი შეიძლება დასჭირდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ მეთოდის განვითარება ბევრ სირთულეს აწყდება და დიდი ოდენობით ინვესტიციას მოითხოვს, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მომავლის სამყაროში ბირთვულ სინთეზს ენერგიის გამომუშავებაში უდიდესი როლი ექნება.