FLUTTER ENTERTAINMENT-ის ჯგუფის წევრი ქართული ბრენდის, aPeople-ის 2023 წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს კომპანიის მარკეტინგის გუნდი აჯამებს.
დავიწყოთ თქვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებით. კომპანია გლობალური ჯგუფის, Flutter Entertainment-ის წევრი გახდა. რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა ბრენდზე?
ალისა ოგანეზოვა, მედიისა და კონტენტის დირექტორი: ჩვენ Flutter-ს 2019 წელს შევუერთდით, ხოლო სრულად ამ ჯგუფის წევრი 2022 წელს გავხდით. მოგეხსენებათ, Flutter Entertainment-ი სათამაშო ბიზნესში მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიაა. შესაბამისად, გლობალური გაერთიანების ქოლგის ქვეშ მოხვედრას თან ახლდა გარკვეული გამოწვევები, რაც უკავშირდება სტრუქტურულ ცვლილებებს, შესაბამისობის პოლიტიკის გადახედვას, სტრატეგიული მიზნების დაზუსტებას და სხვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ტრანსფორმაცია რთული პროცესი არ ყოფილა. ჩვენი გუნდი ღირებულებებისა და ხედვის ნაწილში მაღალ დონეზე ემთხვეოდა Flutter Entertainment-ის ღირებულებებსა და მისიას. ხშირ შემთხვევაში, გლობალურად დაწესებული თამასა კონკრეტულ ბაზრებთან მიმართებით ჩვენ შესრულებული გვქონდა. მაგალითად, მთლიანი ჯგუფის მიზანია, 2024 წელს კომპანიებში ლიდერული პოზიციების 40% ქალებს ეჭიროთ, საქართველოსა და სომხეთში, სადაც aPeople-ის გუნდია, ამ სამიზნე ნიშნულს დიდი ხანია, მივაღწიეთ და ამ მიმართულებით საერთოდაც მოწინავე პოზიციაზე ვართ მთელ ჯგუფში.
როგორც უკვე აღვნიშნე, 2023 წელი ძირითადად პროცედურული და სტრუქტურული ტრანსფორმაციის წელი იყო. ფოკუსირება ევროპული გამოცდილებისა და სტანდარტების შემოტანაზე მოვახდინეთ, რაც გულისხმობს მონაცემთა დაცულობის მაღალ ხარისხს, მომხმარებლის უფლებების მიმართულებას, ხარისხის უზრუნველყოფას და ა.შ.
ვფიქრობ, ტრანზიციის მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გავიარეთ.
aPeople-ი ახსენეთ და მინდა გკითხოთ – როგორც ქართული ბრენდი, რას გულისხმობს ის და როგორ პოზიციონირებს დღეს?
ქეთო ბარაბაძე, ბრენდ-დირექტორი: aPeople-ი არის „აჭარაბეთის“ შიდა ბრენდი, რომლის მთავარი აუდიტორია კომპანიის გუნდია. როგორც წესი, ბრენდების უმეტესობა მომხმარებელსაც და გუნდსაც ძირითადი ბრენდით ესაუბრება. ჩვენ განსხვავებული გზა ავირჩიეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ ორ, რადიკალურად განსხვავებულ, აუდიტორიას ერთნაირად არ უნდა ვესაუბროთ.
დღეს aPeople-ი არის საქართველოსა და სომხეთში მაღალი რეპუტაციის მქონე დამსაქმებელი, რომელსაც განსაზღვრული აქვს თავისი პრიორიტეტები, ღირებულებები და მისია. ამ ბრენდით ვართ ჩართული ყველა გარე აქტივობაში, იქნება ეს დასაქმების ფორუმები, სამიტები, კონფერენციები თუ სხვა.
ამასთან, თავად aPeople-ის გუნდი გამორჩეულია კომპეტენციის მაღალი ხარისხით. გუნდის წევრებს წვდომა აქვთ ყველა საჭირო რესურსთან – ტექნოლოგიურთან თუ მატერიალურთან. კორპორაციული კულტურაც სათანადოდ არის განვითარებული, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერი ბრენდია.
პარალელურად, Flutter Entertainment-ის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას, ადამიანური კაპიტალი თავისუფლად მოძრაობდეს ჯგუფის სხვა წევრ კომპანიებს შორის. ჩვენს თანამშრომლებს აქვთ საშუალება, იმუშაონ სხვა ქვეყანაში, გაეცნონ სხვა კომპანიის კულტურას, სამუშაო პრაქტიკას და რამდენიმეთვიანი გამოცდილება საქართველოში ჩამოიტანონ. ღიაობისა და ცოდნის გაზიარების ეს კულტურაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია ჩვენი ბრენდისთვის.
აღნიშნული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი თანამდევი ცვლილება სრულად AGILE-მიდგომაზე გადასვლა და aPeople-ის გლობალურ და ლოკალურ გუნდებად დაყოფა იყო. რა არის ამ ცვლილების თვალსაჩინო შედეგები?
ალისა ოგანეზოვა: აღნიშნული ცვლილებები გუნდისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. ჩვენი გლობალური გუნდი კომპეტენციას უზიარებს საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივ გუნდებს. ამ მოდელზე პირველად ჩვენი, მარკეტინგის, გუნდი გადავიდა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური სტრუქტურული და იდეური ცვლილება. შესაბამისად ადაპტირდა ჩვენი მარკეტინგული სტრატეგიაც, გლობალური სტრატეგია ეხმიანება Flutter Entertainment-ის ფართო მიზნებსა და ხედვას, ხოლო ადგილობრივი გუნდები ქვეყნების კულტურების შესაბამისად ადგენენ სამოქმედო გეგმასა და მარკეტინგულ კამპანიებს.
ზურაბ მაღალაშვილი, მარკეტინგის დირექტორი: ამ ცვლილების პარალელურად ფართოვდებოდა კომპანიაში AGILE-მიდგომებიც. პრინციპში, ჩვენი რამდენიმე გუნდი, მათ შორის IT-მიმართულება, ისედაც ამ მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობდა. დღეის მდგომარეობით კომპანიაში სამუშაო პროცესები აღარ არის ვერტიკალური და დავალებები, ამოცანები და ლიდერული პოზიციები პროექტების მიხედვით ნაწილდება.
ჩვენი დაკვირვებით, ამ ცვლილებამ გუნდის პროდუქტიულობა გაზარდა. თანამშრომლებისთვის პროცესები უფრო ღია და გამჭვირვალეა, უფრო მკაფიოა სამიზნე ნიშნულები და მათი მიმართება საერთო სტრატეგიასთან. როგორც ყველა ტექნოლოგიურ კომპანიაში, KPI-ები ჩვენთანაც დავიწროებულია, შესაბამისად, წინა პერიოდში ხანდახან რთული იყო, კონკრეტულ თანამშრომელს დაენახა, რა კავშირი ჰქონდა მის საქმიანობას კომპანიის შედეგებთან, დღეს ეს ჯაჭვი ყველასთვის თვალსაჩინოა.
ამავდროულად, გლობალურ და ლოკალურ გუნდებად დაყოფის პარალელურად, AGILE-მიდგომებზე გადასვლამ ტრანზიციის პროცესი გუნდისთვის უფრო მარტივი და კომფორტული გახადა. თუკი ადრე პროცესი გუნდიდან გუნდში გადადიოდა და ხშირად არათანამიმდევრული შედეგები გვქონდა, დღეს ყველამ ზუსტად იცის, პროცესი სად არის, რომელი გუნდი რას აკეთებს და ვის რა კონტრიბუცია აქვს საერთო მიზნისკენ სვლაში.
კვლავ ლოკალურ და გლობალურ გუნდებს რომ მივუბრუნდეთ, რა გავლენა აქვს ამას გუნდის დინამიკაზე?
ზურაბ მაღალაშვილი: ტრანსფორმაციის დაწყებიდან ერთი წლის თავზე სრულყოფილი შეფასების გაზიარება გამიჭირდება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი წარმატებულად მიდის.
ზოგადად, სხვა კომპანიების გამოცდილებიდან ვიცით, რომ სრულყოფილ სახეს საქმიანობის მატრიცული დაყოფა რამდენიმე წელიწადში იღებს. საწყის ეტაპზე სტრუქტურული ცვლილება გუნდისთვის გამოწვევებს აჩენდა, კერძოდ, მათი ნაწილი შეგუებული იყო ვერტიკალურ სტრუქტურას და ახლა ამ გადაწყობის პროცესში ვართ. რაც შეეხება გლობალური და ადგილობრივი გუნდების თანამშრომლობის დინამიკას, პრინციპში, მკაფიოდ არის განსაზღვრული თითოეულის როლი და ეს თანამშრომლობას ბევრად მარტივს ხდის.
გლობალური გუნდი პასუხისმგებელია ზოგადი პოლიტიკისა და სტრატეგიის განვითარებაზე, გლობალური სამიზნე ნიშნულების განსაზღვრაზე. ეს გუნდი რამდენიმე ბაზარზე ერთდროულად მუშაობს, რომ განსაზღვროს სტანდარტები და გრძელვადიანი ხედვა. ხოლო ადგილობრივი გუნდები ამ ხედვის ლოკალიზაციასა და აღსრულებაზე მუშაობენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მხრივ Flutter Entertainment-ი ადგილობრივ გუნდებს საკმაოდ დიდ კრეატიულ თავისუფლებას აძლევს.
ეს ყველაფერი როგორ აისახება თავად კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე?
ნინი გუჯაბიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი: საკომუნიკაციო სტრატეგიაც ორ მიმართულებად არის დაყოფილი. Flutter Entertainment-ის წევრობა ავტომატურად გულისხმობს ისეთი მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას, რომელთა მიზანიც კომპანიის გლობალური ღირებულებების მხარდაჭერაა, იქნება ეს მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, თანასწორობა, ლიდერობა თუ სხვა. ხოლო ლოკალურად, aPeopleის გუნდის უპირატესი ამოცანა იყო და რჩება საქართველოში სპორტის, სპორტული გუნდების, ათლეტებისა და მათი სპორტული წარმატების მხარდაჭერა.
სპორტის მხარდაჭერის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებსა და ინიციატივებს ვახორციელებთ. გვყავს არაერთი ამბასადორი, რომლებმაც საქართველოს არაერთი გამარჯვება თუ მედალი მოუტანეს. მხარს ვუჭერთ სპორტულ კლუბებსა და გუნდებს, მათ შორის „თბილისის დინამოს“, საქართველოს კალათბურთისა და წყალბურთის ფედერაციებს და სხვა.
ლოკალურ კონტექსტში რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის ამ ტიპის მხარდაჭერა?
ნინი გუჯაბიძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, სპორტსმენებსა და გუნდებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი მაქსიმუმი გააკეთონ და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოაჩინონ. 2023 წელს ამის ბევრი ნათელი მაგალითი გვქონდა.
2023 წლის აქტივობებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი „თბილისის დინამოს“ 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებულ ვიდეორგოლს, რომლითაც ნიაზ დიასამიძესთან ერთად საკულტო სიმღერის, „დინამოს“ ახალი ვერსია წარვუდგინეთ საზოგადოებას. ვიდეორგოლმა მაყურებელში სათანადო ემოციები გამოიწვია, ვინაიდან აერთიანებდა საფეხბურთო კლუბის სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს. ვფიქრობ, ეს ვიდეორგოლი კლუბის ისტორიაში დარჩება.
ჩვენთვის ეს არის მოტივაცია, გავაგრძელოთ სპორტის მხარდაჭერა და ათლეტების ხელშეწყობა. ამ მიზნით, შევქმენით აჭარაბეთის სპორტული ნაკრები, რომელშიც ერთიანდებიან როგორც სპორტული კლუბები და გუნდები, ისე ინდივიდუალური სპორტსმენები. ჩვენი მიზანია, ეს ადამიანები გაერთიანდნენ ქართული სპორტის განვითარების იდეის ირგვლივ. ამ ფორმატში სპორტსმენების გაერთიანებამ შექმნა უშუალო გარემო, სადაც ისინი აქტიურად აზიარებენ წარმატებას, ახალ იდეებს, იღებენ მხარდაჭერას სხვა სპორტის სახეობების ათლეტებისგან, ეს კი უფრო მეტად ზრდის მათ მოტივაციასა და ჩართულობას.
მნიშვნელოვანია ის ტრადიცია, რომელსაც კომპანიამ ჩაუყარა საფუძველი – 2021 წელს ჩვენ შევქმენით სპორტული დაჯილდოება „adjarabet Awards“, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში ვავლენთ გამარჯვებულებს. ჩვენი სურვილია, სპორტსმენებმა იგრძნონ, რომ მათი შრომა და თავდადება დაფასებული და მხარდაჭერილია. ამასთან, ამ ჯილდოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავად გამარჯვებულების არჩევის პროცესი ანიჭებს – თითოეულ ნომინაციაში მოხვედრა მხოლოდ მიუკერძოებელი გულშემატკივრების მხარდაჭერით არის შესაძლებელი.
როგორც ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც წვდომა აქვს მომხმარებელთა ბაზებიდან გენერირებულ დიდ მონაცემებთან, რა ფორმით იყენებთ ამ მონაცემებს ციფრული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვისას და რამდენად შესაძლებელია გამოცდილებების პერსონიფიცირება?
ნინო ხელაია, ციფრული მარკეტინგისა და მარტექის დირექტორი: მომხმარებლების მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ მათი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. გამოცდილების პერსონიფიცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და გამომდინარე იქიდან, რომ ციფრული კომუნიკაცია ყოველდღიურად ვითარდება, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ციფრული კომუნიკაცია დავხვეწოთ, უფრო მეტად პერსონალიზებული გავხადოთ და მაქსიმალურად მოვარგოთ მომხმარებლების ინტერესებსა და ქცევას, მივაწოდოთ საინტერესო კონტენტი მათთვის მოსახერხებელი საკომუნიკაციო არხებით.
გასული წლის რომელ მარკეტინგულ აქტივობას გამოარჩევდით და, შედეგების გათვალისწინებით, რაზე იქნება თქვენი აქტივობები ფოკუსირებული 2024 წელს?
ნინი გუჯაბიძე: ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ სპორტი რჩება. შესაბამისად, ყველა ძირითადი აქტივობა მჭიდრო კავშირში იქნება ამ სფეროსთან. გარდა ამისა, დაგეგმილია საინტერესო პროექტები სხვა მიმართულებებითაც.
როგორც Flutter Entertainment-ის წევრებს, გვაქვს ჩვენი CSR-სტრატეგია, რომელიც საზოგადოების მხარდამჭერ მნიშვნელოვან პროექტებს მოიცავს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა შშმ პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტები. მათ შორის გამოვარჩევდი თანამშრომლობას ორგანიზაციასთან „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“. თანამშრომლობა გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობებისა და შეჯიბრებების ადაპტირებულ ფორმატში ჩატარებას, იქნება ეს ზიპლაინინგი, პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა თუ სხვა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის იმის ფუფუნება, რომ ეს სერვისები სტანდარტულად იყოს ადაპტირებული. რამდენიმე დღის წინ, 17 დეკემბერს, გვქონდა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ახალი ხედვა წარვადგინეთ.
ალისა ოგანეზოვა: ბევრჯერ ვახსენეთ, რომ ტექნოლოგიური კომპანია ვართ. შესაბამისად, ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი ციფრული მიმართულების კიდევ უფრო განვითარებაა. ამავდროულად, Flutter Entertainment-ის ჯგუფის წევრობა გვაძლევს საშუალებას, თვალი ვადევნოთ საერთაშორისო და ევროპულ ბაზარს და მუდმივად ვიცავდეთ უახლეს სტანდარტ როგორც ციფრულ მარკეტინგში, ისე ჩვენი საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფაში.
დღეს ინდუსტრიაში გლობალური ტრენდია გამოცდილების მაქსიმალური პერსონიფიკაცია და მომხმარებლის ჩართულობა. გლობალური ტრენდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პასუხისმგებლობიანი და უსაფრთხო გემბლინგის მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლები უფრო გათვითცნობიერებულები და დაცულები იყვნენ. შესაბამისად, მარკეტინგის გუნდის ძირითადი სტრატეგიაც სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებაზე იქნება მიმართული.