Microsoft-ი Activision Blizzard-ისა და Xbox-ის 1,900 თანამშრომელს გაათავისუფლებს

Microsoft-ი Activision Blizzard-ისა და Xbox-ის 1,900 თანამშრომელს გაათავისუფლებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Microsoft-ი Activision Blizzard-ისა და Xbox-ის 1,900 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ ტექნოლოგიური გიგანტები კადრების შემცირებას 2024 წელსაც აგრძელებენ.

როგორც ირკვევა, შემცირება Microsoft-ის გეიმინგ-მიმართულების თანამშრომლების 8%-ს, ძირითადად, Activision Blizzard-ში მომუშავეებს შეეხება. მათ შორის, პოსტს დატოვებს Activision Blizzard-ის პრეზიდენტი, მაიკ იბარა.

შეგახსენებთ, Microsoft-მა “Call of Duty”-ის შემქმნელი Activision Blizzard-ის შესყიდვასთან დაკავშირებული $69-მილიარდიანი გარიგება დაახლოებით ერთი თვის წინ დახურა. ამ ნაბიჯით ტექნოლოგიური გიგანტი ვიდეოთამაშების ბაზარზე საკუთარი წონის გაზრდასა და ინდუსტრიის ლიდერ Sony-სთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ არაერთმა მსხვილმა კომპანიამ განაცხადა. Alphabet-მა, Amazon-მა და ebay-მ ათასობით კადრი სამსახურიდან უკვე დაითხოვა. ვებგვერდ Layoffs.fyi-ის თანახმად, იანვარში 76 ტექნოლოგიურ კომპანიაში მომუშავე 21,000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

Challenger, Gray & Christmas-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ტექნოლოგიურმა სექტორმა 168,032 სამუშაო ადგილი შეამცირა. მათ შორის, Microsoft-მა 10,000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.