„გაამოს“ იდეა პინტერესტის სქროლვისას გაჩნდა, როცა რუტინული სამსახურიდან დაბრუნებულმა ნინო შოშიაშვილმა აპლიკაციაში ორიგინალური ორცხობილების ფოტოები აღმოაჩინა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნება აეხდინა და შეექმნა საკუთარი ბრენდი, რომლის მისიაა მომხმარებლებს „აამოს“.
ახლახან ბრენდმა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პროექტი საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. ამ ბლოგში კი ნინოს ბიზნესის ისტორიასა და პროგრამაში მიღებულ გამოცდილებაზე გიამბობთ.
„საქმიანობა 2019 წელს, როგორც მოყვარულმა კონდიტერმა დავიწყე. საწყისი ინვესტიცია დაახლოებით 100 ლარი იყო, რაც ინგრედიენტების, ფორმებისა და შესაფუთი მასალების შესაძენად გამოვიყენე. პროდუქციის დამზადება კი იუტუბის ვიდეორგოლებიდან ვისწავლე“, - იხსენებს ნინო შოშიაშვილი.
თავდაპირველად მარტო მუშაობდა, სახლიდან. მალე კი საქმეში ოჯახის წევრებიც ჩართო. მოგვიანებით საკონდიტროც გახსნა, სამუშაო და მომხმარებლების მისაღები სივრცეებით, სადაც მასტერკლასების ჩატარებაც დაიწყო.
2023 წელს ნინომ გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო სწავლისა და განვითარებისთვის, ამიტომ აქტიურად ესწრებოდა საქართველოს ბანკის მასტერკლასებს მეწარმე ქალებისთვის.
„მალევე ფეისბუქიდან გავიგე, რომ „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. მეგობარი მეწარმე ქალებისგან მსმენია ამ პროგრამის დადებითი მხარეების შესახებ. შევავსე განაცხადი და მეოთხე ნაკადშიც მოვხვდი“.
ისიც, როგორც სხვა ქალი მეწარმეები, საქმიანობაში გარკვეულ გამოწვევებს აწყდებოდა. შეხვედრია სტერეოტიპულ განწყობებსაც. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ნინომ საკუთარი ბიზნესი სხვა ქალების გასაძლიერებლად გამოიყენა.
„ბევრი ქალი უარს ამბობს კარიერაზე ან მცირე მიღწევებით შემოიფარგლება. მაშინ, როდესაც ქალებს ჩვენი მრავალფეროვანი უნარების წყალობით, გაცილებით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. საქმიანობიდან გამომდინარე, გოგოები მყავს დასაქმებული და ხშირად გვაქვს საუბრები გენდერულ თანასწორობაზე, მომავალ მიზნებზე თუ შესაძლებლობებზე“, – აღნიშნავს ნინო და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზეც საუბრობს.
„პროგრამა დადებითად აისახა ჩემს საქმიანობაზე, გავიცანი ახალი ადამიანები, დავამყარე სანდო კონტაქტები, ამიმაღლდა თავდაჯერებულობა, მოტივაცია, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია, ცხოვრება მილიონობით შანსს გვაძლევს, მთავარია, ჩვენ შევძლოთ ამ შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება.“
ახლა ნინოს სამომავლო მიზნებს შორის ახალი ფილიალის, კაფეს გახსნაა და როგორც ამბობს, პროგრამაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის მიღწევაში დაეხმარება. S
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა.