ტანსაცმლითა და აქსესუარებით ვაჭრობის ქართული ონლაინპლატფორმა Phubber-ი ბაზარზე დაახლოებით ხუთი წლის წინ გამოჩნდა. სტარტაპი, რომელიც 2019 წელს, $15-ათასიანი ინვესტირებით ანანო დოლაბერიძემ და გიორგი ჩუგოშვილმა დააარსეს, დღეს 220 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
საერთაშორისო ბაზარზე მოგზაურობა Phubber-ის გუნდმა 2020 წელს, უკრაინაში შესვლით დაიწყო. 2022 წელს დაწყებულმა ომმა ქვეყანაში სტარტაპის ბიზნესგეგმა მცირედით შეცვალა, თუმცა არ შეუცვლია მისი მთავარი მიზანი – გაეგრძელებინა ექსპანსია საქართველოს საზღვრებს მიღმაც. უკრაინაში მიღებული პირველი საერთაშორისო გამოცდილებით Phubber-ი სომხეთსა და აზერბაიჯანში გაფართოვდა, უახლოეს გეგმებში უზბეკეთი და ყაზახეთია, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის ბაზრის ათვისებაც აქტიურად განიხილება.
როგორც Forbes-თან საუბრისას სტარტაპის თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე აღნიშნავს, ამჟამად მათი მთავარი მიზანია აითვისონ ბაზრები, სადაც Phubber-ის მსგავსი აპლიკაციის გამოცდილება ჯერ კიდევ არ არსებობს. შედეგად, სრული პროცესი – ბაზრის შესწავლითა და ოპერაციების განსაზღვრით დაწყებული, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებითა და მათი ხედვის ჩამოყალიბებით დასრულებული – თავიდან ბოლომდეა გასავლელი, რაც ერთდროულად საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევაცაა.
მიუხედავად ამისა, Phubber-ი წლებია, წარმატებით განაგრძობს ოპერირებას და ემსახურება მთავარ მიზანს: მოდის მდგრადი და ცირკულარული მომავლის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, პარალელურად კი მოსახლეობაში ამაღლებს ცნობიერებას ავთენტურობისადმი, ავლენს „ფეიკ“-ინდუსტრიის მავნებლურ მხარეს და იბრძვის მის წინააღმდეგ.
სწორედ მიღწეულ შედეგებზე, საერთაშორისო გეგმებსა და არსებულ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება Phubber-ის თანადამფუძნებელმა ანანო დოლაბერიძემ Forbes-თან საუბრისას:
„უკვე მეხუთე წელი დაიწყო, რაც საქართველოში ვოპერირებთ და დღევანდელი მონაცემებით 220 ათასზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს. უკრაინის შემდეგ შარშან ორ ბაზარზე, სომხეთსა და აზერბაიჯანში გავედით. სომხეთში აპლიკაცია გავუშვით, რომლის შედეგებმაც ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა, აზერბაიჯანში კი ჯერ შოურუმი გავხსენით, ახლა აპლიკაციასაც ვუშვებთ.
სომხეთში აპლიკაცია თავდაპირველად სატესტო რეჟიმში ჩაეშვა, რადგან მოგეხსენებათ, ტექნოლოგიების გადართვა სხვა ქვეყანაზე მარტივი პროცესი სულაც არაა. აღნიშნულ პროცესს ართულებს ის ფაქტიც, რომ სამწუხაროდ, რეგიონში არ არსებობს ერთიანი გადახდების პროცესინგის სისტემა, როგორიც მაგალითად საზღვარგარეთ Stripe-ია. რეალურად, ერთი თვეა, რაც სომხეთში აპლიკაცია სრული ძალებით გაეშვა და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენა. ვინაიდან ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობდა მსგავსი აპლიკაცია, Phubber-მა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია.
კომპანიაში მაქსიმალურად ორიენტირებულნი ვართ ორგანულ ზრდაზე და ვცდილობთ, მარკეტინგში კოლოსალური თანხებიც არ დავხარჯოთ. გვირჩევნია, თავად ბრენდი იყოს მიმზიდველი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ორგანულად დაახლოებით 15 ათასამდე რეგისტრაცია სომხეთის ბაზარზე, თანაც ერთი თვის განმავლობაში, ძალიან კარგი შედეგია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყანაში დაახლოებით რვა თვეა, ქონსაინმენთი ფუნქციონირებს, აპლიკაცია აქტიურად ახლა გაეშვება და შესაბამისი კომუნიკაციაც ამასთან დაკავშირებით უკვე დაგეგმილია.
პირველი საერთაშორისო გამოცდილება უკრაინაში მივიღეთ და ახალ ბაზრებზეც შემდეგში უკვე სხვა მიდგომებითა და სტრატეგიით შევედით. სამწუხაროდ, ომმა ჩვენი ბიზნესგეგმა შეცვალა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ როგორც კი სიტუაციის დასტაბილურდება, მუშაობის გაგრძელებას შევძლებთ.
ვცდილობთ, რომ მთავარი ოფისი საქართველოში გვქონდეს და აქედან მივაწოდოთ ჩვენი სერვისები სხვადასხვა ქვეყნის ოფისებს, იქნება ეს დიზაინის მიმართულება, მარკეტინგის, ტექნიკური დეპარტამენტის თუ სხვა. ამ სერვისებს ყველა ქვეყანას საქართველოში არსებული გლობალური გუნდი აწვდის, თუმცა ლოკალური თანამშრომლებიც გვყავს – მაგალითად, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში, ასევე ქვეყნის გენერალური მენეჯერი და საოპერაციო მენეჯერი. უკრაინაში თავდაპირველად მთლიანი გუნდი ავიყვანეთ, თუმცა მალევე მივხვდით, რომ ბრენდის ეფექტიანად მართვა ახალ ბაზრებზე ნაკლები ფინანსებითაც შეგვეძლო“.
ცენტრალური აზიის კომპანიების ასათვისებლად ჯამში $600-$700 ათასის ინვესტიცია ჩაიდება. ახალ ბაზრებზე არჩევანს Phubber-ი რამდენიმე მიზეზით ხსნის. ვინაიდან ევროპაში მსგავსი პლატფორმები შედარებით მრავლადაა წარმოდგენილი, სტარტაპმა თავიდანვე მიზნად დაისახა, აეთვისებინა ქვეყნები, სადაც ანალოგიური შეთავაზება მომხმარებლისთვის თითქმის არ არსებობს:
„ჩვენი ბიზნესმოდელი ორიენტირებულია მოდის მდგრად განვითარებაზე და ერთგვარი გამოწვევაცაა, შევიდეთ ბაზრებზე, სადაც ბიზნესთან ერთად, ხედვას და მაინდსეტსაც ჩვენვე შევიტანთ. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია გააზრებული შოპინგი, საჭირო ინფორმაციის ქონა არჩევანის გაკეთებამდე. შესაბამისად, ამ ბაზრებზე შესვლით ჩვენივე თავი გამოვიწვიეთ. ამ ქვეყნებში შევიტანეთ არა მარტო ახალი ბიზნესი, არამედ ახალი, განსხვავებული ხედვაც და ნულიდან დავიწყეთ კომუნიკაცია მდგრად მოდასთან დაკავშირებით“.
Phubber-ის საშუალებით ახლა უკვე ონლაინვაჭრობა შესაძლებელი გახდა საქართველოდან სომხეთსა და აზერბაიჯანში და პირიქით. დამატებითი კომფორტია ისიც, რომ ნივთი ერთ, მაქსიმუმ ორ დღეში უკვე საქართველოშია. ახალ ბაზრებზე მიღწეულმა წარმატებამ დამფუძნებლებს სტარტაპის გრძელვადიანი სურათი დაუსახა. წლის ბოლოს აპლიკაცია უკვე ხუთ ქვეყანას გააერთიანებს, შედეგად, მათ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება მხოლოდ პლატფორმის გამოყენებით, მარტივი ჯაჭვით, შეიძინოს პროდუქცია სომხეთში ან აზერბაიჯანში, ან გაყიდოს უზბეკეთში, ყაზახეთში ან საქართველოში.
სტარტაპის მართვა რთული პროცესია, თუმცა Phubber-ში მტკიცედ სწამთ, რომ თუ სამ ქვეყანაში ოპერირებას წარმატებით ახერხებენ, ამას უფრო მეტ ქვეყანაშიც იმავე წარმატებით შეძლებენ. არსებული გეგმით, 2024 წლის ბოლოსთვის Phubber-ი ხუთ ქვეყანაში – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი – იქნება წარმოდგენილი და 1 მილიონამდე რეგისტრირებულ მომხმარებელს გააერთიანებს. სტარტაპის ღირებულება დღეისთვის $10 მილიონს აჭარბებს, 2028 წლისთვის კი ბრუნვამ $86 მილიონს უნდა მიაღწიოს.
შემდეგი ეტაპი უკვე ევროპაა: მეტად კონკურენტული ბაზარი, მრავალი მსგავსი მცირე თუ დიდი პლატფორმით. თუმცა Phubber-ის მთავარი უპირატესობა ევროპის ბაზარზე, მის ძლიერ კატალოგთან ერთად, ხელმისაწვდომობაც იქნება:
„ჩვენი სტრატეგია და მთავარი მამოძრავებელი კატალოგია. ევროპაში თითქოს ბევრი პლატფორმაა, თუმცა პროდუქციისა და გადამყიდველების მოზიდვა უმეტესად რეკლამირებასა და მარკეტინგში დახარჯული სოლიდური თანხების ხარჯზე ხდება. ჩვენ შემთხვევაში მთავარი უპირატესობა სწორედ ეს იქნება: ჩვენ გავხდებით მთავარი რეგიონული მიმწოდებლები და შევძლებთ უკვე ძალიან დიდი და ძლიერი კატალოგით შევიდეთ ევროპის ბაზრებზეც. ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში, რისეილ-პლატფორმებზე ფასთა ზრდაც შეინიშნება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მსგავსი პლატფორმების პოპულარობის სწორედ მისი ხელმისაწვდომობა იყო. ესეც ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ვინაიდან იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ ვართ, Phubber-ის ანალოგი არ არსებობს, შესაბამისად ფასებიც კონკურენტულია და ხელმისაწვდომი. შედეგად, ჩვენ შევძლებთ ევროპის მოსახლეობას შევთავაზოთ ხარისხიანი და დიდი კატალოგი, ბაზარზე არსებულ სხვა პლატფორმებთან შედარებით უფრო შეღავათიან ფასად“.
კიდევ ერთი მიზანი კი, რომელსაც Phubber-ის გუნდი ემსახურება, ავთენტურობის მნიშვნელობისადმი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. გაშვების დღიდან Phubber-მა სწორად შეძლო ბაზარზე პოზიციონირება და მომხმარებლამდე მისი მისიისა და შინაარსის სრულყოფილი მიტანა. Phubber-ის საიტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ნივთის იდენტიფიკაციას, შესაბამისად, პლატფორმაზე განთავსებული ყალბი პროდუქცია უქმდება და მყიდველამდე არ მიდის.
„ავთენტიფიკაციასთან, „ფეიკ“-პროდუქციასთან და ზოგადად მომხმარებელში ცნობიერების ამაღლებასთან მიმართებით დღემდე კომუნიკაციის პროცესში ვართ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ფეიკ“-ინდუსტრია და მისი კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფაა. შეიძლება ითქვას, რომ ავთენტიფიკაციის საკითხი ძირეულად სწორედ ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოში. ვცდილობთ, ავუხსნათ მომხმარებელს, თუ რატომ არ უნდა შეიძინონ ყალბი ნივთები და ამჟამად უკვე საერთაშორისო ბაზარზეც ვმუშაობთ ახალი ხედვის დასანერგად.
პლატფორმის ჩაშვებიდან დღემდე, ჩვენი საიტის საშუალებით არცერთი ყალბი ნივთი არ გაყიდულა. პლატფორმა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ნივთის იდენტიფიკაციას და ვფიქრობთ, ეტაპობრივად მომხმარებელიც ხვდება, რომ Phubber-ზე ყალბი პროდუქციის განთავსებას აზრი არ აქვს, რადგან ის უბრალოდ შემოწმებას ვერ გაივლის და მომხმარებლამდე ვერ მივა. ეს ყველაფერი ჩვენი გუნდის მხრიდან სწორი კომუნიკაციისა და ბაზარზე სწორად პოზიციონირების შედეგია.
აზერბაიჯანშიც მსგავსი სიტუაციაა. თითქმის მუდმივად ხარისხიანი პროდუქცია იტვირთება და გვიხარია, რომ ამ ბაზრებზეც სწორი პოზიციონირება შევძელით, რადგან ძალიან დიდი რესურსი მიდის ჩვენი მხრიდან გამყიდველსა და მყიდველს შორის არსებული ჯაჭვის ეფექტიანად მართვისთვის: პროდუქციის იდენტიფიკაციით დაწყებული, მისი ოპერატიული მიწოდებით დასრულებული.
შესაბამისად, ის ძალისხმევა, რომელიც „ფეიკ“-პროდუქციის აღმოჩენასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე იხარჯება, ნამდვილად შედეგიანია. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევით, საქართველოს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება შევძელით და მაინდსეტის ცვლილებაშიც მნიშვნელოვანი როლი ვითამაშეთ. ამჟამად კი იმავე კომუნიკაციას ახალი ბაზრებისკენაც მივმართავთ და წარმატებით განვაგრძობთ მდგრადი მოდის პოპულარიზაციას“.