ინდოეთში $15.2 მილიარდის ღირებულების ჩიპების ქარხნები აშენდება

ინდოეთში $15.2 მილიარდის ღირებულების ჩიპების ქარხნები აშენდება

ინდოეთში 1.26 ტრილიონი რუპიის ($15.2 მილიარდი) ღირებულების ნახევარგამტარების მწარმოებელი სამი ახალი ქარხანა აშენდება. პროექტები, რომლებიც ინდოეთს ინდუსტრიის ისეთ დომინანტებთან კონკურენციაში დაეხმარება, როგორიც, მაგალითად, ტაივანია, Tata Group-სა და CG Power-ს ეკუთვნით.

არსებული გეგმით, ინდოეთის ნახევარგამტარების ბაზარმა 2026 წლისთვის $63 მილიარდს უნდა მიაღწიოს. თუმცა, ამ ეტაპზე, ქვეყანას ჩიპების წარმოებისთვის საჭირო ობიექტები არ გააჩნია. პრემიერ ნარენდა მოდის სურს, რომ ინდოეთი გლობალურ ბაზარზე ჩიპების მწარმოებლად პოზიციონირდეს. ნახევარგამტარების ინდუსტრიის სტიმულირებისთვის, ინდოეთის მთავრობას თავდაპირველად $10-მილიარდიანი სტიმულირების პაკეტის შემუშავებაც სურდა.

ინდოეთის ელექტრონიკის მინისტრ აშვინი ვაიშნავის განცხადებით, ქარხნების მშენებლობა მომდევნო 100 დღის განმავლობაში დაიწყება. ახალ ქარხნებში წარმოებული ჩიპები თავდაცვის, ავტომობილებისა და ტელეკომუნიკაციების სექტორებში იქნება გამოყენებული. „ქარხნების მშენებლობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩიპების წარმოებაში ინდოეთის თვითკმარ ქვეყნად გადაქცევისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ინდოეთის პირველი ჩიპების ქარხნის მშენებლობისთვის Tata ტაივანის Powerchip-თან ითანამშრომლებს. პროექტი გუჯარათში განთავსდება და მისი ღირებულება დაახლოებით $11 მილიარდი იქნება. CG Power-ი კი იაპონურ Renesas Electronics-თან და ტაილანდურ Stars Microelectronics-თან ითანამშრომლებს. ჩიპების მესამე ქარხანა Tata Semiconductor Assembly-სა და Test Pvt Ltd-სთან პარტნიორობით აშენდება.