თებერვლის მონაცემებით, თურქეთში ინფლაციამ ბოლო 15 წლის მაქსიმუმს მიაღწია და განაკვეთების შემდგომი ზრდის შესახებ შეშფოთებაც გაამძაფრა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის ანგარიშით, თებერვალში ქვეყნის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 67.07%-მდე გაიზარდა.
შედეგად, მონაცემებმა გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს, რომლებიც თებერვალში ინფლაციის 65.7%-მდე ზრდას ვარაუდობდნენ, სანამ 2024 წლის ბოლოსთვის აღნიშნული მაჩვენებელი 42.7%-მდე დაეცემოდა. იანვრიდან თებერვლის ჩათვლით, ინფლაცია 4.53%-ით გაიზარდა, ნაკლებით გასულ თვესთან შედარებით, როდესაც თვიურმა ცვლილებამ 6.7% შეადგინა.
თითქმის ორი კვირის წინ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, 8-თვიანი ზრდის შემდეგ, საბაზისო საპროცენტო განაკვეთის 45%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, მომავალში ანალიტიკოსები საპროცენტო განაკვეთების ზრდას ვარაუდობენ.
ინფლაციის ზრდაზე გავლენა იქონია სასტუმროებისა და კაფე-რესტორნების სექტორში ფასების მატებამ. ექსპერტთა შეფასებით, პირველი იანვრიდან თურქეთში მინიმალური ხელფასის ბოლო ზრდაც შესაძლოა, თებერვალში დაფიქსირებული ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებლის ხელშემწყობ ფაქტორად იყოს განხილული. ცნობისთვის, 2024 წლიდან თურქეთში მინიმალური ხელფასი ივლისში დადგენილ დონესთან შედარებით 49%-ით, ხოლო იანვართან შედარებით 100%-ით გაიზარდა.
მაღალი ინფლაცია დაკავშირებულია თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთანაც. ორშაბათის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 31.53 ლირას უტოლდებოდა. გასულ წელს თურქული ვალუტა დოლართან მიმართებით – 40%-ით, ხოლო ბოლო ხუთ წელიწადში 82.6%-ით გაუფასურდა. ლირის გაუფასურება რიგმა ფაქტორებმა გამოიწვია, მათ შორის პანდემიამ და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ.