მაჯის საათებზე საუბრისას, პირველი, რაც ყველას ახსენდება, ალბათ შვეიცარიაა. ხშირად ამბობენ, რომ შვეიცარიული საათები ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, დახვეწილი და კარგად დამუშავებული პროდუქტია. შვეიცარიული საათების წარმოებამ გაუძლო დროს, გადაურჩა კვარცის, ციფრული და ჭკვიანი საათების კონკურენციას. დღეს, შვეიცარიული საათები შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ფუფუნების საგანი და ბევრი ადამიანი მათ უმაღლესი ხარისხის გამო, ასევე სტატუსისთვის ხაზის გასასმელად ყიდულობს.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს შვეიცარიული საათების გლობალურმა ექსპორტმა დაახლოებით 25 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი შეადგინა, რაც 27.7 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. პროდუქტის წამყვანი იმპორტიორი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, 15.6%-იანი წილით. იმპორტში მეორე ადგილი ჩინეთმა დაიკავა 10%-ით. ბოლო წლებში შვეიცარიული საათების ექსპორტის ღირებულების უდიდესი ნაწილი ფუფუნების საგნების კატეგორიაზე მოდის. შვეიცარიულ საათებს, რომელთა ფასი 3,000 შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 3,300 აშშ დოლარი) აღემატება, ექსპორტის ღირებულების ძირითადი ნაწილი უკავია.
2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, შვეიცარიის საათების ინდუსტრიაში 680 ინდივიდუალური კომპანია აღირიცხებოდა. საათების მწარმოებელი ამ კომპანიების ყველაზე დიდი რაოდენობა, თითქმის 190 მათგანი, ნევშატელის კანტონში მდებარეობს.
რაც შეეხება შვეიცარიული საათების მწარმოებელ ბრენდებს, მათ შორის ლიდერი Rolex-ია. კომპანიას, რომელიც ჟენევაში მდებარეობს, მსოფლიოში შვეიცარიული საათების ბაზრის უდიდესი წილი უჭირავს. 2022 წელს Rolex-მა მთელი ბაზრის თითქმის 30% შეადგინა.
გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული კომპანიის პროდუქტი 2023 წლის ბაზარზეც ლიდერი იყო, რომელმაც რეკორდული 26.7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი, დაახლოებით $30 მილიარდი შეადგინა. გასულ წელს, მსოფლიო მასშტაბით, Rolex-ის გაყიდვებმა 10 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 11.08 მილიარდი აშშ დოლარი) გადააჭარბა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. უნდა ითქვას, რომ გასული წლის მონაცემებით Rolex-მა მნიშვნელოვნად აჯობა კონკურენტ კომპანიებს, შვეიცარიული Richemont Group-ის საკუთრებაში არსებულ Cartier-სა და შვეიცარიულ ბრენდ Omega-ს, რომელთა გაყიდვებმა, შესაბამისად, 3.1 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი (3.43 მილიარდი აშშ დოლარი) და 2.6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი (2.88 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.
ბრენდების წილი შვეიცარიული საათების ბაზარზე (2023 წლის მონაცემები):
Rolex – 30.3%
Cartier – 7.5%
Omega – 7.5%
Patek Philippe – 5.6%
Audemars Piguet – 4.9%
Longines – 3.4%
Richard Mille – 3.1%
Vacheron Constantin – 2.7%
Tissot – 2.5%
Breitling – 2.4%
IWC – 1.9%
Hublot – 1.9%
Jaeger-LeCoultre – 1.7%
TAG Heur -1.7%
სხვა – 22.9%
(დაფუძნებულია LuxeConsult-ისა და Morgan Stanley-ის მონაცემებზე)