გუშინ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ეწვია. ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ჩამოვიდა და პროცესის მონაწილე მხარეებს შეხვდა. ჯიმ ო’ბრაიენმა შეხვედრები დღის განმავლობაში კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართა. საღამოს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და ვიზიტი შეაჯამა. გაგაცნობთ, თუ რაზე ისაუბრა ჯიმ ო’ბრაიენმა შეხვედრებზე და რა გამოხმაურებები ჰქონდა მის ვიზიტს.
ო’ბრაიენის ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან 2-საათიანი შეხვედრით დაიწყო, რომელზეც მხარეები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავდნენ. ბუნებრივია, მთავარი საკითხი პარლამენტში დარეგისტრირებული „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი კობახიძემ ამერიკელ ოფიციალურ პირს კანონის საჭიროების შესახებ არგუმენტები მიაწოდა და მზაობა გამოთქვა, რომ ვეტოს პროცესში პარტნიორებისგან სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ირაკლი კობახიძესთან ვიზიტის შემდეგ „ამერიკის სავაჭრო პალატის“ წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში შეხვდა. სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯიმ ო’ბრაიენთან და აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე მხარეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი განიხილეს და ამ კანონის ბიზნესზე გავლენაზე ისაუბრეს.
მოგვიანებით, ჯიმ ო’ბრაიენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებსაც შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრებზეც განხილვის მთავარი საგანი ბოლოდროინდელი მოვლენები გახლდათ. შეხვედრების შემდეგ არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ო’ბრაიენმა საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. გარდა ამისა, აღნიშნეს, რომ აშშ მზადაა, კანონის მიღების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს, თუმცა კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი, არ გაჟღერებულა. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც გამართა, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.
დღის ბოლოს კი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილიც ესწრებოდნენ. პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ისაუბრეს.
ო’ბრაიენი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასაც გეგმავდა, თუმცა ამ უკანასკნელმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული იმის ახსნა, რომ ქართველი მილიარდერი დასავლეთის მხრიდან ფინანსური შანტაჟის ობიექტია და ამ პირობებში ბიძინა ივანიშვილი ო’ბრაიენთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.
შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჯიმ ო’ბრაიენმა ვიზიტი შეაფასა და საკუთარი შეფასებები გააჟღერა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროტესტის მშვიდობიანი ფორმის შენარჩუნება და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს ადამიანების დაშინება და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. საზოგადოებისათვის ცნობილი ამგვარი შემთხვევები კი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ და დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე.
ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ კანონის ისე მიღება, რომ ის არ შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს და ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას რისკის ქვეშ დააყენებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ $390-მილიონიან დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დახმარების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ინსტიტუტების მშენებლობაა. თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული დახმარების მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუკი აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეიცვლება და აშშ მოწინააღმდეგედ იქნება მოაზრებული.
ო’ბრაიენმა პოტენციურ სანქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის ნორმების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ-ის მხრიდან ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვები შეეხება მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და მათი ოჯახის წევრებზე. თუმცა ო’ბრაიენმა განმარტა, რომ სანქციების დაწესება აშშ-ის სურვილს არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელსაც ვეტოს დასადებად ორკვირიანი ვადა აქვს. სალომე ზურაბიშვილის მიერ კანონისთვის ვეტოს დადების შემთხვევაში, პარლამენტი ვეტოს დაძლევის პროცედურას დაიწყებს.