ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ილონ მასკის სტარტაპ Neuralink-ს ნება დართო, ტვინის იმპლანტი მეორე პაციენტზეც გამოცადოს. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.
Neuralink-ის ტვინის იმპლანტი ადამიანზე პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში გამოცადეს. ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობდა და შედეგებიც იმედის მომცემი იყო. მოგვიანებით მასკმა პაციენტის პროგრესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Neuralink-ის პირველ პაციენტ ადამიანს, რომელსაც ტვინში მცირე ზომის ჩიპი ჩაუდგეს, საკუთარი ფიქრებით კომპიუტერის მაუსის კონტროლი შეუძლია.
თუმცა ამ თვის დასაწყისში Neuralink-მა განაცხადა, რომ პაციენტის ტვინში ჩადგმულმა მცირე ზომის მავთულებმა ადგილმდებარეობა შეიცვალა. Reuters-ის ინფორმაციით, ამ შედეგისთვის მასკის სტარტაპი მზად იყო, რადგან მსგავსი შემთხვევები ცხოველებზე ტესტირების პროცესშიც დაფიქსირდა.
WSJ-ის ინფორმაციითვე, არსებული პრობლემის გადაჭრას, Neuralink-ი მოწყობილობის ზოგიერთი მავთულის ტვინში უფრო ღრმად შეყვანით შეეცდება. Neuralink-ი მეორე პაციენტს ტვინის იმპლანტს სავარაუდოდ ივნისში გადაუნერგავს. მასკის სტარტაპი მხოლოდ წელს ტვინის იმპლანტის გადანერგვას ათ პაციენტში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ Neuralink-მა ჩიპის იმპლანტაციის ნებართვა აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოსაგან გასული წლის სექტემბერში მიიღო. ცდაში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციების შევსება ჯერ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლიათ, თუმცა სტარტაპი შეთავაზებით კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში გასვლასაც გეგმავს.