ზედიზედ უკვე მე-12 თვეა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით, გასული თვის გლობალური ტემპერატურა საშუალო ისტორიულ მაჩვენებელს 1.52 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სიკვდილიანობის ზრდის მიზეზადაც იქცა.
„კოპერნიკის“ მონაცემებით, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში დაფიქსირებული საშუალო ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონეს 1.63°С-ით აღემატებოდა. ეს არღვევს გლობალური ტემპერატურის მატების 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის ლიმიტს, რომელიც 2015 წელს, პარიზის შეთანხმებით განისაზღვრა. როგორც ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურში აცხადებენ, მსგავს შედეგებს ელოდნენ, თუმცა კლიმატის მონიტორინგის თანამედროვე საშუალებები მათ სიტუაციის მართვის შესაძლებლობას აძლევს.
კიდევ ერთი ექსტრემალური ზაფხულისთვის გამკლავება მოუწევს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს, სადაც მაღალმა ტემპერატურებმა ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე გასულ წლებშიც შეუქმნა. აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთით კი, მიმდინარე კვირაში, სიცხე სავარაუდოდ 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.
ევროპაში მაღალი სიცხეები, განსაკუთრებით ესპანეთის, საბერძნეთისა და საფრანგეთის ტერიტორიებზე, ტყის ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. გასულ თვეში ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, რაც 100-მდე ადამიანის გარდაცვალების მიზეზად იქცა.