კვირას, საფრანგეთში, რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. გასული კვირის პირველი ტურის შედეგებისგან განსხვავებით, გუშინდელი დღის დასასრულს საფრანგეთში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა მივიღეთ. არსებული შედეგებით, არჩევნებში ახლახან შექმნილმა მემარცხენე ალიანსმა – „ახალმა სახალხო ფრონტმა“ – გაიმარჯვა, ხოლო მეორე ადგილზე მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება – „ერთად“ – გავიდა.
არჩევნების პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, მეორე ტურის შედეგებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტი“ მარინ ლე პენის ლიდერობით, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. კენჭისყრის შედეგები, უმეტესწილად, მეორე ტურში ამომრჩევლის მაღალი აქტივობის დამსახურებაა. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი საყოველთაო არჩევნების დანიშვნა ივნისის დასაწყისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს მოჰყვა. გადაწყვეტილებისკენ მაკრონს არჩევნებში მემარჯვენეთა მიმართ მხარდაჭერის ზრდამ უბიძგა.
შედეგად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული სპეციალურად მაკრონის ვადამდელი არჩევნებისთვის შექმნილი მემარცხენე ალიანსია. „ახალი სახალხო ფრონტი“ მემარცხენე ლიდერ ჟან-ლუკ მელანშონის „დაუმორჩილებელ საფრანგეთს” (LFI), მწვანეებს, სოციალისტებს, კომუნისტებსა და ტროცკისტებსაც კი აერთიანებს. მემარცხენე ვეტერანმა ოფიცერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად ექსტრემისტადაც მოიხსენიებენ, პრეზიდენტ მაკრონსა და მის კოალიციას დამარცხების აღიარებისკენ უკვე მოუწოდა. მისივე თქმით, პრეზიდენტი მაკრონი ვალდებულია, „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობის ფორმირება შესთავაზოს.
მიუხედავად გამარჯვებისა, საფრანგეთის 577-მანდატიან პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო ხმების მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში, მარინ ლე პენის პარტიის მიერ ხმათა თითქმის 35%-ის მოპოვების შემდეგ, ბევრი ულტრამემარჯვენეებისგან უმრავლესობის მოპოვებასაც ელოდა, მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ისინი პარლამენტში მხოლოდ 143 მანდატს მიიღებენ. თუმცა ცუდი შედეგი ესეც არაა, რადგან არჩევნებამდე ისინი მხოლოდ 88 ადგილით შემოიფარგლებოდნენ.
არჩევნების დასრულების შემდგომ შედეგებზე თავად ლე პენმაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ეროვნული ფრონტი“ დღეისთვის საფრანგეთში, პარლამენტართა რაოდენობით, პირველი პარტიაა. ეს გარკვეულწილად მართებული განაცხადიცაა, ვინაიდან, როგორც „მაკრონისტები“, ასევე „ახალი სახალხო ფრონტიც“ – კოალიციებია, 100-ზე მეტი დეპუტატი კი არცერთ სხვა პარტიას არ ჰყავს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს: ბოლო მონაცემებით, არჩევნების გამარჯვებულმა „ახალმა სახალხო ფრონტმა“ პარლამენტში 182 მანდატი მოიპოვა, მაკრონის კოალიციამ კი – 168. „ეროვნული ფრონტი“ პლუს მოკავშირეები – 143-ით, ხოლო „რესპუბლიკელები“ და „მემარჯვენეები“ პარლამენტში 60 მანდატით იქნებიან წარმოდგენილნი.
აქვე უნდა აღინიშნოს მეორე ტურის მაღალი აქტივობა, რომელმაც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. გუშინდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მოსახლეობის 66.63%-მა მიიღო, რაც ყველაზე მაღალი შედეგია 1997 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ.
არჩევნების შედეგების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. თუმცა პრეზიდენტისთვის გადადგომის მოთხოვნით მიმართვას გეგმავს პრემიერი გაბრიელ ატალი. ჯერ უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს მოქმედ პრემიერს, თუმცა ატალს უახლოეს მომავალში კვლავ მოუწევს თანამდებობაზე დარჩენა, სამშაბათს კი ვაშინგტონშიც უნდა გაფრინდეს, ნატოს შეხვედრაზე დასასწრებად.