თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ – მიმდინარეობს. სიტყვით გამომსვლელთა შორისაა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, რომელმაც კონფერენციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.
ჰერჩინსკის გაცხადებით, 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობა განიხილეს. მისივე თქმით, განსაკუთრებით მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიღებული გადაწყვეტილება მკაცრად იქნა დაფიქსირებული ევროპული საბჭოს დასკვნაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლას წარმოადგენს. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“, – წერია ევროსაბჭოს დასკვნაში.
მედიასთან კომენტარისას პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს, მას აშკარა უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა და ხაზი გაუსვა ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკასაც, რომელიც სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. „ევროკავშირში შემდეგი დიდი გაფართოება იგეგმება და მხოლოდ საქართველოზე და ქართველებზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა საქართველო ამ გაფართოების ნაწილი“, – აცხადებს ჰერჩინსკი.
ელჩის ინფორმაციითვე, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) და გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც 2024 წელს, საქართველოსთვის უნდა გადაეცათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღეს.
„ამ მომენტისთვის, ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა გადაგვეცა, 30 მილიონი ევროს ოდენობით, გაყინულია. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საქართველოს მთავრობისადმი პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება და შევეცდებით, ეს თანხა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისაკენ მივმართოთ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.