საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და „ლიონთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ირკვევა, „მეცი“ 23 წლის ქართველის 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმობაზეა თანახმა.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე სწორედ ლიონშია დაბადებული და ფეხბურთის თამაშიც ამ ქალაქის კლუბის აკადემიაში დაიწყო. გიორგის დიდი სურვილის მიუხედავად, მისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა „ლიონში“ არ დაწყებულა. ახალგაზრდულ კლუბებში თამაშის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი „მეცში“ აღმოჩნდა, რომელმაც ის ბელგიაში, „სერენში“ გაანათხოვრა.
2023 წლის ზაფხულში გიორგი „მეცმა“ „აიაქსში“ გაასხვისა. ნიდერლანდურმა კლუბმა სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა „აიაქსში“ მიქაუტაძის კარიერა ვერ აეწყო და ცოტა ხნის წინ ის კვლავ „მეცმა“, 13 მილიონი ევროდ გამოისყიდა.
„მეცის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში არასრულ სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე 13 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა. მიქაუტაძემ თავი ევროპის ჩემპიონატზეც გამოიჩინა, სადაც სამი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. შედეგად, ქართველი ფეხბურთელი EURO 2024-ის ბომბარდირებს შორის მოხვდა და „ოქროს ბუცი“ მოიგო.