რას უნდა ველოდოთ დღეს ოლიმპიადაზე?

რას უნდა ველოდოთ დღეს ოლიმპიადაზე?

გუშინ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. მანამდე კი პირველი მედლის მოგება ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა შეძლო, რომელიც ოლიმპიურ ვერცხლს დაეუფლა.

დღეს საქართველოს სახელით პარიზის ოლიმპიადაზე ორი სპორტსმენი იასპარეზებს – ძიუდოისტი ილია სულამანიძე, რომელსაც მედლის მოგების შანსი დღესვე ექნება და მოკრივე ლაშა გურული, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში მედალს გაინაღდებს, თუმცა ფინალისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ილია სულამანიძე, რომელიც ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს. მისი მეტოქე იტალიელი ჯენარო პირელი ან ხორვატი ზლატკო კუმრიჩი იქნება. ტურნირი, ჩვეულად, 12:00 საათიდან დაიწყება.

რაც შეეხება ლაშა გურულს, ის დღეს მეოთხედფინალურ შეხვედრას გამართავს, სადაც ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ლაშა ბრძოლას მაღალი სინჯის მედლისთვის გააგრძელებს, თუმცა ბრინჯაო გარანტირებული ექნება.

აღსანიშნავია, რომ კრივში საქართველოს მხოლოდ ერთი ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული – 2000 წელს სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ჭანტურიამ ბრინჯაო მოიპოვა.

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტულ ღონისძიებებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.