ქართველმა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ მისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის 100 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა, ვაზარის გდება შეასრულა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე სამი შიდო მიიღო და, შესაბამისად, შეხვედრა წააგო. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელ ძიუდოისტს ორი შიდო ჰქონდა მიღებული.
ილია სულამანიძე, რომელიც ტურნირზე მეორე ნომრად იყო განთესილი, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. ის იტალიელ ჯენარო პირელის დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
ამის შემდეგ ილია ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონს, იაპონელ აარონ ვოლფთს დაუპირისპირდა. სულამანიძემ ეს შეხვედრა ვაზარით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ილიას მეტოქე შვეიცარიელი დანიელ ეიხი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა მოწინააღმდეგე შეხვედრის დაწყებიდან ათ წამში, იპონზე დააგდო და ფინალში გავიდა.
საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე უკვე სამი მედალი აქვს მოპოვებული – ერთი ოქრო და ორი ვერცხლი. ვერცხლის მედალს ძიუდოში, -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა; ოქრო კი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა მოიპოვა.