2 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ხუთ წარმომადგენელს ვიხილავთ. მათ შორის სამ სპორტსმენს მედლის მოპოვების თეორიული შანსი დღესვე აქვს.
ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან ორი სპორტსმენი იასპარეზებს – კაცთა შორის +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი გამოვა, ხოლო ქალთა შორის +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამიზე სოფიო სომხიშვილს ვიხილავთ. ძიუდოს ტურნირის შეხვედრები დღესაც 12:00 საათიდან დაიწყება.
ოლიმპიადაზე 25 მეტრის დისტანციიდან პნევმატური იარაღით სროლაში იასპარეზებს ნინო სალუქვაძე. შეგახსენებთ, 10 მეტრის დისტანციიდან სროლაში ნინომ 38-ე ადგილი დაიკავა. სალუქვაძისთვის ეს ისტორიული ოლიმპიადაა. ის ქალთა შორის ერთადერთია, ვინც 10 ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობს.
მძლეოსნობაში 100 მეტრის დისტანციაზე იასპარეზებს ოლიმპიადის დებიუტანტი ლიკა ხარჩილავა. მისი გამოსვლა 12:35 საათიდან დაიწყება.
ბატუტზე ხტომაში კი, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპი 14:00 საათზე დაიწყება, ლუბა გოლოვინა იასპარეზებს. ლუბამ პეკინის ოლიმპიადაზე მეექვსე ადგილი დაიკავა. ეს მისთვის მეოთხე ოლიმპიადაა.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტულ ღონისძიებებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ამ დრომდე ოთხი მედალია – ერთი ოქრო (ლაშა ბექაური) და ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე); გარდა ამისა, ლაშა გურულს უკვე განაღდებული აქვს ბრინჯაო, თუმცა ასპარეზობას უფრო მაღალი სინჯის მედლისთვის აგრძელებს.