გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიგო. მან 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ირანის წარმომადგენელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა. გენომ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 10:9 სძლია.
შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილმა ტურნირზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელ სპორტსმენს, ოლექსანდრ ხოციანივსკის დაუპირისპირდა. ქართველმა მოჭიდავემ შეხვედრა დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0 მოიგო.
ამის შემდეგ, მეოთხედფინალში, გენოს მეტოქე პოლონეთის წარმომადგენელი რობერტ ბარანი იყო. მან ეს შეხვედრაც დამაჯერებელი ანგარიშით, 9:2 მოიგო.
ნახევარფინალში კი პეტრიაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა. გენომ ეს შეხვედრა ანგარიშით 7:0 მოიგო.
ცნობისთვის, ოქროს მოპოვებამდე, გენო უკვე იყო ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია.
ამ დროისთვის ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია –ორი ოქრო (ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული).