საქართველო გზაგასაყარზე: ხავერდი თუ ზუმფარა?

საქართველო გზაგასაყარზე: ხავერდი თუ ზუმფარა?

გასული კვირების განმავლობაში ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა დაიწყო, რომელიც ჯერ კიდევ იკრებს ძალას და რომლის პიკიც, დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ არ გვინახავს. პროტესტის მიზეზი იგივეა, რაც ერთი წლისა და ერთი თვის წინ.. უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც 2023 წელს განცდილი მარცხისა და კანონის უკან არშემობრუნების შესახებ გაცემული სიტყვის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ“ 7 აპრილს ხელახლა დააინიცირა

მწვავე ანტიდასავლური რიტორიკის, წინაპირობების არშესრულების მიუხედავად ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიტატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. როგორც ჩანს, ასეთ ფონზე მიღებულმა კანდიდატის სტატუსმა ოცნებასა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის თავდაჯერება შემატა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა. ამ რწმენას კიდევ უფრო ამყარებდა სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც მმართველ პარტიას მოახლოებულ არჩევნებში კომფორტულ უპირატესობას უწინასწარმეტყველებდა

დღეს ვითარება განსხვავებულია

ამ ვითარებაში .. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ხელახლა ინიციირებამ ბევრი კითხვა წარმოშვა ამ ნაბიჯის დროულობაზე, მის შინაარსსა და სხვა ასპექტებზემათ შორის მმართველი პარტიის მომხრეებშიც. ამ კითხვების დიდ ნაწილს ბიძინა ივანიშვილმა ოცნების“ მიერ ორგანიზებულ მიტინგზე თავად უპასუხა. 20-წუთიან სიტყვაში, რომელიც ჯავაჰარლარ ნერუს არარსებული ციტატით გახსნა, ივანიშვილმა ძირითადად გლობალური ომის პარტიაზეისაუბრა. მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ დღევანდელი საქართველო არც იანუკოვიჩის უკრაინაა და არც შევარდნაძის საქართველო. თითქოს თითოეული გამომსვლელის მიერ გაჟღერებული ქება არ ეყოფოდა, ოცნების“ დამფუძნებელმა თავიც შეიქო და განაცხადა, რომ სწორ დროს სწორი პოლიტიკური სვლის გაკეთება ეხერხება. 

მაგრამ ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ჯერჯერობით საპირისპიროზე მეტყველებს. გასულ კვირებში დედაქალაქში გამართული დიდწილად თვითორგანიზებული და მასშტაბური საპროტესტო აქციები უფრო იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება მოვლენების ასეთ განვითარებას ნაკლებად ელოდა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ აქციების მასშტაბი და უწყვეტობა დიდწილად მოულოდნელი იყო ოპოზიციისთვისაც

ქუჩაში გამოსული ხალხი პოლიტიკური ელიტის კონტროლს მიღმაა, საპროტესტო მოძრაობა დეცენტრალიზებული და ავტონომიურიარაც ქვეყნის ისტორიაში მიმდინარე პროტესტის მასშტაბის გათვალისწინებით, ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა. ახალგაზრდების მიერ მართული საპროტესტო მოძრაობით გამოწვეულმა თითქმის საყოველთაო აღტაცებამ და ეიფორიამ შენიღბა ის რთული და მძიმე არჩევანი, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება ივანიშვილმა დააყენა, რომელიც მომდევნო კვირებსა და თვეებში უფრო კრისტალიზდება

ივანიშვილისა და მისი ქვეშევრდომების რიტორიკა, ქმედებები, სამოქალაქო აქტივისტებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმები და ოპოზიციის ლიდერების ცემა ეჭვს არ ტოვებს, რომ მმართველ პარტიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. კონსპირაციის თეორიებში ჩაძირული ივანიშვილი მომდევნო თვეებს გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევს, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დასავლეთი დამარცხდება. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოძრაობის ტრაექტორიაც განსაზღვრული აქვს, ასეთ ვითარებაში კი ივანიშვილისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია საკუთარი ქვეყნის ქონა/ყოლაა, გატეხილი წინააღმდეგობით და დემორალიზებული საზოგადოებით

მსგავს მოცემულობაში ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებული მასობრივი საპროტესტო მოძრაობების გაანალიზება.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების რამდენიმე თაობის იმედები ავტორიტარული სისტემების მშვიდობიან დემონტაჟზე 2020 წელს ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა იმსხვერპლა. ბელარუსული პროტესტების მარცხი შეცვლილი ეპოქის სიმბოლოა, ამ მარცხით შეიცვალა რევოლუციების შესახებ მსოფლიოში ბოლო ათწლეულებში დამკვიდრებული შეხედულებებიც

დამარცხებული ბელარუსული რევოლუცია გიდია იმ შემზარავი აჩრდილების სამყაროში, რომელიც ჩვენი ეპოქის თავზე მახვილივით კიდია, მათ შორის საქართველოზეც. თითქმის ოთხი წლის წინ ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა გამოავლინა კრიზისი .. ხავერდოვანი რევოლუციების ფილოსოფიაში. აღმოჩნდა, რომ ასეთი რევოლუციები მარცხდება, თუკი ელიტებს სურთ და შეუძლიათ გააგრძელონ ძველებურად ცხოვრება

რუსეთისა და ბელარუსის გამოცდილებამ ასევე გააქარწყლა მანამდე გაბატონული შეხედულება პოსტსაბჭოთა რეჟიმების არასტაბილური წონასწორობის შესახებ. მიიჩნეოდა, რომ ასეთი ტიპის რეჟიმები მოწყვლადები იყვნენ სპონტანური მასობრივი პროტესტების წინაშე და მსჯელობა ძირითადად იმას ეთმობოდა, თუ რა შეასრულებდა .. შავი გედის ფუნქციას. ბოლო წლებში და განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ამ ტიპის რეჟიმების მდგრადობის რეზერვი გვიჩვენა

სტრატეგია, რომ მასობრივი წნეხის ქვეშ რეჟიმი ჩამოიშლებოდა, რუსეთსა და ბელარუსში ჩავარდა. დამარცხებული ბელარუსული რევოლუციის ერთერთი მთავარი შედეგი რევოლუციების შესახებ დამკვიდრებული პარადიგმის ცვლილებაა. ისტორიულად რევოლუციები ყოველთვის ასოცირდებოდა ძალადობასთან, ფიზიკურ დაპირისპირებასა და სისხლისღვრასთან, ასე იყო XIX- საუკუნეში, რომელსაც ისტორიკოსები რევოლუციების საუკუნედ მოიხსენიებენ

ეს პარადიგმა 1980-იანი წლების მიწურულს შეიცვალა, როდესაც დაუძლურებული საბჭოთა კავშირი არსებობას წყვეტდა და მისი ყოფილი კოლონიების შესანარჩუნებლად არც რესურსი ჰყოფნიდა და არც სურვილი. აღმოსავლეთევროპული ქვეყნების ხავერდოვანი რევოლუციები, რომლებიც უნიკალურ ისტორიულ პერიოდში განვითარდა, მოგვიანებით ახალ ნორმად დამკვიდრდა. ხავერდოვანი რევოლუციები ევროპულ ოქროს სტანდარტად გადაიქცა. რევოლუციის ასოციაციურ რიგში ძალადობისა და სისხლისღვრის ადგილი, ფესტივალმა და ყვავილებმა, ვარდებმა და მიხაკებმა დაიკავა. ამ ვითარებაში კი განდიანური მიდგომა ევროპაში განვითარებული საპროტესტო ტალღების ფუნდამენტი გახდა, თუმცა ეს ყველაფერი უკვე გადასული ეპოქის ამბებია

უკრაინის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ავტორიტარული მმართველი მაშინ მარცხდება, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის, რეპრესიულ აპარატს ფიზიკურად დაუპირისპირდეს და ის ფიზიკურად გამოფიტოს. ცხადია, მსხვერპლისა და იმ არეულობის გათვალისწინებით, რაც ღირსების რევოლუციას მოჰყვა, მაიდნის სცენარი საღ აზრზე მყოფი ადამიანისთვის სასურველი საერთოდ არ არის. მეტიც, უკვე წლებია, ვხედავთ, როგორ ცდილობს ოცნება“ მაიდნისგან საფრთხობელა შექმნას, დააშინოს უკმაყოფილოები და თავი სტაბილურობის უკანასკნელ გარანტად წარმოაჩინოს, სწორედ ამ შიშზე გადის მმართველი პარტიის გენერალური პროპაგანდისტული ხაზი.  

საქმე ის არის, რომ მაიდნის მოვლენები არც უკრაინული ოპოზიციონერების არჩევანი არ ყოფილა, მეტიც, თუკი უკრაინის დედაქალაში 2013-14 წლების მიჯნაზე განვითარებულ მოვლენებს კარგად გავიხსენებთ აღმოვაჩენთ, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა კლასმა იანუკოვიჩთან მოლაპარაკებების დაუსრულებელი რაუნდებითა და შეთანხმებებით ყველაფერი გააკეთა მისი პრეზიდენტობის გასახანგრძლივებლად. მაიდნის ბოლო და დასკვნითი დღის ქრონიკასაც თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ იანუკოვიჩის დამხობა პრაქტიკულად ოპოზიციონერთა განწყობის საპირისპიროდ მოხდა.

თავისუფალი მოქალაქეობის სუბიექტურობა, საკუთარი ნების გამოხატვა არის ის, რასაც ვერ ხვდება და აღიქვამს ვლადიმირ პუტინი და მისი ბოლო სიტყვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილიც.

იმ ტიპის რეჟიმებში, როგორიც იანუკოვიჩის უკრაინა და ივანიშვილის საქართველოა, მაიდნის მსგავსი დაპირისპირების ინსპირირება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია და ნებისმიერ მსხვერპლსა და არეულობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ასეთ ხელისუფალს ეკისრება

ასეთ ვითარებაში კი საზოგადოება მეტად არასახარბიელო არჩევანის წინაშე დგებაგაწიოს ფიზიკური წინააღმდეგობა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, ან შეეგუოს თავსმოხვეულ ძალადობრივ დღის წესრიგს, უფლებებისა და ღირსების აყრას. რა არჩევანს გააკეთებს ქართული საზოგადოება ამ გზაგასაყარზე, მომდევნო თვეებში ვნახავთ