პარიზის პარაოლიმპიადა 2024 - ვინ წარადგენს საქართველოს?

პარიზის პარაოლიმპიადა 2024 - ვინ წარადგენს საქართველოს?

პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, სპორტის მოყვარულთა ყურადღება უკვე პარაოლიმპიური თამაშებისკენ მიეპყრო, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ოფიციალურად ხვალ, 28 აგვისტოს გაიხსნება. სპორტული ღონისძიებები სტარტს 29 აგვისტოდან აიღებს და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ზაფხულის XVII პარაოლიმპიურ თამაშებში 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაახლოებით 4,400 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ერთმანეთს სპორტის 22 სახეობაში, 549 ოქროს მედლის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან.

წელს საქართველოს პარაოლიმპიადაზე რეკორდული რაოდენობის, 14 სპორტსმენი წარმოადგენს. მათ შორის არიან:

  • ანა ჯაფარიძე – პარატაეკვონდო

19 წლის ანა პარაოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. მან უკვე შეძლო ევროპის საკონტინენტო ტურნირის მოგება.

  • გიორგი ნიკოლაძე – პარატაეკვონდო

გიორგი ევროპის საკონტინენტო ტურნირისა და გრან-პრის ორგზის გამარჯვებულია.

  • ლია ჩაჩიბაია – პარატაეკვონდო

ლიას ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

  • ირმა ხეცურიანი – ეტლით ფარიკაობა

ირმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, მას მსოფლიო თასი 21-ჯერ აქვს მოგებული.

  • ნინა თიბილაშვილი – ეტლით ფარიკაობა

ნინა პარაოლიმპიურ მედალს უკვე ფლობს – ის ტოკიოს ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. გარდა ამისა, თიბილაშვილი არის მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ თანრიგში და მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული.

  • გიგა ოჩხიკიძე – პარამძლეოსნობა (ბირთვის კვრა)

გიგა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ამასთანავე, მას ეკუთვნის რეკორდი ევროპის მასშტაბით.

  • დავით ქავთარაძე – პარამძლეოსნობა (შუბის სტყორცნა)

დავითი შუბის ტყორცნაში გრან-პრის გამარჯვებულია. მან ტოკიოს პარაოლიმპიადაზე ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა.

  • რევაზ ჩიკოიძე – პარაძიუდო

რევაზს ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ის არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი.

  • გიორგი ქალდანი – პარაძიუდო

გიორგი ევროპის ორგზის ჩემპიონია. ამასთანავე, ის არის არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

  • ინა ქალდანი – პარაძიუდო

ინა ტოკიოს ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

  • ლაშა ყიზილაშვილი – პარაძიუდო

ლაშას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

  • ზურაბ ზურაბიანი – პარაძიუდო

ზურაბი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს ფლობს, ასევე არის ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

  • აკაკი ჯინჭარაძე – პარაწოლჭიმი

აკაკი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებულია.

  • ლადო ჭინჭარაული – პარასროლა

ლადო ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.