Google-მა და Apple-მა ევროკავშირის წინააღმდეგ მილიარდდოლარიანი დავები წააგეს

Google-მა და Apple-მა ევროკავშირის წინააღმდეგ მილიარდდოლარიანი დავები წააგეს

ევროკავშირის კონკურენციის მიმართულების ხელმძღვანელის, მარგრეტე ვესტაგერის უფლებამოსილების ბოლო პერიოდში, ევროპულმა სასამართლომ ორი ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ისა და Google-ის წინააღმდეგ მილიარდდოლარიანი დავების გადაწყვეტილება მიიღო.

საუბარია 13-მილიარდევროიან კონფლიქტზე, რომელიც Iphone-ების დამამზადებელი კომპანიის მიერ ირლანდიაში უჩვეულოდ დაბალი გადასახადების გადახდას ეხება. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, Apple-ს ირლანდიის ხაზინაში სწორედ 13 მილიარდი ევროს (14.3 მილიარდი დოლარი) გადახდა მოუწევს.

მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღეს რეკორდულ 2.4-მილიარდევროიან ჯარიმაზეც, რომელიც Google-სა და მის მშობელ კომპანია Alphabet-ს 2017 წელს დაუწესეს საძიებო სისტემაში ფასების შესადარებელი საკუთარი სერვისის, Google Shopping-ისთვის უპირატესი მდგომარეობის მინიჭებისთვის. სასამართლოს თანახმად, კომპანიამ კონკურენციის წესები დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ Google-ის პირველი გასაჩივრება წარუმატებლად დასრულდა, Apple-მა კი თავისი საქმე 2020 წელს მოიგო, რისი დამსახურებაცაა, რომ კომპანიას ირლანდიის ხაზინისთვის 13 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა არ უწევს.

ამ გადაწყვეტილებებით დასასრულს უახლოვდება მარგრეტე ვესტაგერის ბრიუსელური კარიერა, რომელიც ევროკავშირის წევრებსა და მულტინაციონალებს შორის სპეციალურ საგადასახადო გარიგებებზე მარწუხების მოჭერით დაიწყო – ზოგიერთ საქმეში მისი ყოფილი ბოსი და ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჟან-კლოდ იუნკერიც იყო გარეული.

ვესტაგერი სენსიტიურ საკითხს შეეხო. როგორც წესი, საგადასახადო პოლიტიკას მთავრობები აკონტროლებენ და ბრიუსელს ჩარევის უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გადასახადების შემცირება არასამართლიან სუბსიდიებად აღიქმება.

Starbucks-ის, Fiat Chrysler-ის, Amazon-ისა და სხვა კომპანიების წინააღმდეგ ევროკავშირის სამართლებრივი გამოძიებების შემდეგ ვესტაგერს EU-ის „გადასახადების ლედი“ შეარქვეს. მართალია, სასამართლოებში მისი საქმეები არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ, მისი თქმით, ამან საგადასახადო ხვრელების ამოსავსებად ეროვნული და საერთაშორისო რეფორმების საჭიროება წარმოაჩინა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკავშირმა Big Tech-ში ანტიკონკურენტული მოქმედებების შესაზღუდად ახალი კანონი მიიღო.