გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა Adam Smith Institute-მა გამოავლინა ევროპის ქვეყნები, სადაც მოსახლეობასთან მილიონერთა პროპორციული შეფარდება, 2028 წლისთვის, ყველაზე მეტად გაიზრდება. Adam Smith Institute-ის პროგნოზით, ყველაზე მაღალი ზრდა თურქეთში, რუსეთსა და შვედეთში დაფიქსირდება.
სია UBS-ის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის 2024 წლის მონაცემებს ეყრდნობა. UBS-ის ანგარიში თურქეთში, რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, კერძო სიმდიდრის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას. 2022-დან 2023 წლამდე პერიოდში, ქვეყანაში ზრდასრული ადამიანისთვის კერძო სიმდიდრის 157%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
მიუხედავად კერძო სიმდიდრის ზრდისა, თურქეთში რთული ეკონომიკური ვითარებაა. ქვეყანაში ინფლაცია ამჟამად 72%-ს აღწევს. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი დამღუპველია ქვეყნის 85-მილიონიანი მოსახლეობისთვის და მნიშვნელოვნად ამცირებს მათ მსყიდველუნარიანობას. თუმცა, პარალელურად, ინფლაციის გავლენთ, იზრდება მათ საკუთრებაში არსებული აქტივების, მაგალითად, უძრავი ქონების ღირებულება და, შესაბამისად, მათი სიმდიდრეც.
Adam Smith Institute-ის თანახმად, უკრაინის ომისა და ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, მილიონერთა რაოდენობა 2028 წლისთვის გაიზრდება რუსეთშიც. რუსეთი, მთლიან მოსახლეობასთან პროპორციით, მილიონერთა რაოდენობის 23%-იანი ზრდით, ევროპის რეგიონში მეორეა.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი სახელმწიფოებიდან, პროგნოზის თანახმად, უარყოფითი მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებში დაფიქსირდება. ამ ქვეყნების შემთხვევაში, მოსახლეობაში მილიონერთა პროპორცია 2028 წლისთვის შემცირდება. კერძოდ, მილიონერთა რაოდენობა გაერთიანებულ სამეფოში 20%-ით, ხოლო ნიდერლანდებში 5%-ით დაიკლებს.
რაც შეეხება ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკებს, გერმანიასა და საფრანგეთს, ამ ქვეყნებში მილიონერთა პროპორციული რაოდენობის ზრდა 2028 წლისთვის, 15% და 14% იქნება. ევროპაში ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საბერძნეთში დაფიქსირდება და 2%-ს მიაღწევს.
ევროპის ტოპ-10 ქვეყანა, სადაც მოსახლეობასთან მილიონერთა პროპორციული შეფარდება, 2028 წლისთვის, ყველაზე მეტად გაიზრდება:
- თურქეთი – 34%-იანი ზრდა.
- რუსეთი – 23%-იანი ზრდა.
- შვედეთი – 19%-იანი ზრდა.
- ნორვეგია – 17%-იანი ზრდა.
- გერმანია – 15%-იანი ზრდა.
- პორტუგალია – 15%-იანი ზრდა.
- უნგრეთი – 15%-იანი ზრდა.
- ბელგია – 14%-იანი ზრდა.
- ესპანეთი – 14%-იანი ზრდა.
- საფრანგეთი – 14%-იანი ზრდა.