ამერიკულმა გამოცემა Bloomberg-მა სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „როგორ დაჰაკეს რუსმა ჯაშუშებმა მთელი საქართველო“. Bloomberg-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსი ჯაშუშები, წლების განმავლობაში, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ კომპანიებს აკვირდებოდნენ და აგროვებდნენ ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოტენციური საბოტაჟისთვის. გამოცემის ინფორმაციით, ჰაკერული კამპანია 2017-2020 წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
Bloomberg News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნულ ბანკსა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო პროვაიდერებში შეაღწიეს. რუსულ დაზვერვას ამ წლებში წვდომა ჰქონდა ქართულ ელექტროენერგიის კომპანიებთან, ნავთობტერმინალებთან, მედიაპლატფორმებთან და სამთავრობო უწყებებთან.
Bloomberg-ისა და ევროპული სამთავრობო წარმომადგენლების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებულმა ჰაკერების ჯგუფმა გატეხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ელფოსტა და, სავარაუდოდ, მოიპოვა წვდომა მის ნაწილზე, ასევე რამდენიმე მედიაორგანიზაციაზე, მათ შორის „იმედსა“ და „მაესტროზე“. დოკუმენტების მიხედვით, FSB-ს ორი წლის განმავლობაში წვდომა ჰქონდა საქართველოს რკინიგზის ეროვნული კომპანიის IT-სისტემის ნაწილზე.
გარდა ამისა, ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ჰაკერების ჯგუფმა ერთთვიანი ოპერაციის შედეგად, შეაღწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტაში და მოიპოვა საქართველოს საელჩოების მონაცემები მთელი მსოფლიოდან. ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, მაღალჩინოსნები საქართველოში დასავლეთის მხრიდან რუსეთის შესაძლო ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა უცნობია, მოჰყვა თუ არა ამას რაიმე ქმედება ქართული მხარისგან.
Bloomberg-ის ცნობით, 2019-2020 წლებში კიბერთავდასხმების სამიზნე გახდა საქართველოს ეროვნული ბანკიც. კერძოდ, რუსულმა მხარემ წვდომა მოიპოვა ბანკში მომუშავე პერსონალის ელფოსტის დიდ ნაწილზე, რაც მათ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე ეროვნულმა ბანკმა უარი განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციითვე, 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში რუს ჯაშუშებს წვდომა ჰქონდათ კომპანია „თელასის“ თანამშრომლების მიმოწერასა და შიდა კამერების მეშვეობით მათ მუშაობასაც აკვირდებოდნენ. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, თავდასხმების უკან რუსეთის სადაზვერვო სააგენტო იდგა. ენერგეტიკულ სახელმწიფო კომპანიაში შეღწევა კი პროგრამული უზრუნველყოფის – GreyEnergy-ის საშუალებით განხორციელდა. თუმცა კომპანია „თელასის“ წარმომადგენლის, ვალერი ფანცულაიას განცხადებით, ამ პერიოდში ინფორმაციის გაჟონვისა თუ ჰაკერული თავდასხმის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. გამოცემის ცნობით, 2017-2020 წლებში რუსეთის ჰაკერული კამპანიის ფარგლებში ასევე მოექცნენ ბათუმის ნავთობტერმინალი, ტელეკომუნიკაციების ოპერატორი Skytel-ი და ა.შ.
Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროზე სათვალთვალო ოპერაცია ჩაატარა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც Turla-ს სახელითაა ცნობილი. აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, Turla რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილების – Center 16-ის ნაწილია. განყოფილება ქალაქ რიაზანში ოპერირებს და 2004 წლიდან ათეულობით ქვეყანაში აქვს ჩატარებული ჰაკერული თავდასხმები. გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ქსელში Turla 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში შეიჭრა და მოიპარა მონაცემები 114-ჯერ, ჯამში დაახლოებით 2.1 გიგაბაიტის მოცულობის.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ სტატიაში გამოცემა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და არჩევნებზეც მსჯელობს და წერს, რომ „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული და სავაჭრო გზების სასიცოცხლო კარიბჭე საქართველო, სულ მცირე, ორი ათწლეულის განმავლობაში ცენტრალური ფიგურა იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის გეოპოლიტიკურ ბრძოლაში“. Bloomberg-ის შეფასებითვე, ამ ბრძოლაში საქართველოს როლი კიდევ უფრო აშკარა ახლა, შაბათს გასამართ არჩევნებამდე გახდა.
Bloomberg-ის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, თუ როგორ გაფართოვდა კრემლის გავლენა კავკასიის თითქმის ოთხმილიონიან ქვეყანაში მაშინ, როდესაც საქართველო ცდილობდა თავი დაეღწია მოსკოვის გავლენისგან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზით. გამოცემის თანახმად, „2004 წლის პროდასავლური ვარდების რევოლუციის შემდეგ“, საქართველოსა და რუსეთს შორის მტრობა კიდევ უფრო გამძაფრდა. ამ მტრობამ კი ახალი იმპულსი 2022 წელს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიძინა.
„საქართველო მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინაშე დგას, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს, ქვეყანა განაგრძობს დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობებს, თუ მოსკოვისკენ შებრუნდება. ერთმანეთს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია და ოპოზიციური ძალები დაუპირისპირდებიან, რომელთა მტკიცებითაც, საქართველო ზურგს აქცევს აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს და პუტინის რეჟიმის მხარეს გადადის“, – ვკითხულობთ Bloomberg-ის სტატიაში.
ამერიკული გამოცემა „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონზე, ვაშინგტონის მხრიდან, „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ 60-ზე მეტი ქართველისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზეც წერს და ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერაზე და გახდა იმპორტის გამტარი, რომელიც მიზნად შეზღუდვების თავიდან აცილებას ისახავს.