16 სექტემბერს, აშშ–ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა, „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში, სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებმაც „ძირი გამოუთხარეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას“. სანქცირებულებიდან ორნი მოქმედი თანამდებობის პირები – შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად „ხარება” ხარაზიშვილი და მისი ერთ–ერთი მოადგილე, მილერი ლაგაზაური არიან. მათ გარდა, აშშ–ის ფინანსური სანქციები შეეხოთ ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ალტ–ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
დაწესებული სანქციები ითვალისწინებს ზემოაღნიშნული პირების აშშ-ში არსებული ქონების გაყინვას; ამასთან ერთად, იბლოკება ნებისმიერი კერძო ორგანიზაცია, რომლის აქტივების 50%-ს ან მეტს საქართველოს სანქცირებული მოქალაქეები ფლობენ. დასანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეების მონაწილეობით. ვრცელდება ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი ამბები დამატებით 60-მდე დასანქცირებულ პირზე, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნები აქვს.
პოლიტიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მომავალში, აშშ-ის სანქციები შესაძლოა დაუწესდეს ნებისმიერ პირს, რომელიც ჩაერთვება გარკვეული ტიპის „ტრანზაქციაში ან საქმიანობაში“ სანქცირებულ პირებთან. აქ იგულისხმება ნებისმიერი სახის ფინანსების, საქონლის ან მომსახურების მიწოდება სანქცირებულთათვის ან მათგან ნებისმიერი სახის ფინანსების, საქონლის ან მომსახურების მიღება.
აღსანიშნავია, რომ მსგავს სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია კვლავაც უცვლელია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა გააგრძელონ სანქცირებული ინდივიდების მომსახურება, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი საქართველოს მოქალაქეები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში, აშშ-ის სანქციები შესაძლოა არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არამედ მთელ ქართულ საფინანსო სისტემასა და ეკონომიკას შეეხოს.
იმაზე, რომ აშშ-ის სანქციები მომავალში შესაძლოა უფრო და უფრო მეტად გამწვავდეს, მეტყველებს ის ინფორმაციაც, რაც 20 სექტემბერს, „ამერიკის ხმამ“, აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნების ანონიმურ კომენტარებზე დაყრდნობით, გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ამერიკა მზადაა, ფინანსური სანქციები დაუწეროს საქართველოს მთავრობის დე ფაქტო ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს. თუმცა ეს არ იქნება „გლობალური მაგნიტსკის აქტით“ გათვალისწინებული სანქციების პაკეტი, არამედ ის შეეხება კონკრეტულად ისეთ პირს, რომელიც ახორციელებს რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლო საქმიანობას.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, აშშ, დიდი ალბათობით, უფრო აგრესიულად უზრუნველყოფს სანქციების აღსრულებას უშუალოდ მისი ტერიტორიის მიღმა. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან და რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის მიერ მიღებული ზომები სხვადასხვა დოზით თანხვდენილია ხოლმე აშშ-ის სანქციებთან. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ ზომებს ამერიკის შემდეგ დასავლეთის სხვა ქვეყნებიც მიმართავენ. ეს მარტივად შეიძლება გადაიზარდოს ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში.
„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის ამგვარი დაძაბვა მოსალოდნელი იყო. თუმცა ის ფაქტი, რომ დასავლეთი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ზომებს ერთბაშად არ იღებს, ხელისუფლების ზოგიერთ მომხრეს იმის იმედს აძლევს, რომ ივანიშვილის მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და მზარდ ავტორიტარიზმს ჩვენი პარტნიორების მხრიდან რადიკალური უკურეაქცია არ მოჰყვება. მსგავსი ილუზორული წარმოდგენების გასაფანტად, ამ სტატიაში მოკლედ შევეცდები ავხსნა ის, თუ რატომ არ აწესებს დასავლეთი სანქციებს ერთბაშად და რატომ გვიანდება ამერიკისა და ევროპის რეაქციები „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკაზე.
იმით დავიწყოთ, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას დემოკრატიული წესით არჩეული და დაკომპლექტებული ინსტიტუტები განსაზღვრავენ. ზოგადად, ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებასა და საგარეო პოლიტიკის ახალ რელსებზე გადაყვანას გარკვეული დრო სჭირდება. ამის საპირისპიროდ, საქართველოში რადიკალური ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება, ვინაიდან ქვეყნის პოლიტიკას ერთი პირი: ბიძინა ივანიშვილი წარმართავს. ამ უკანასკნელს, როგორც წესი, ხელისუფლება – მათ შორის, სასამართლო – უმოკლეს დროში და უპირობოდ ემორჩილება.
აშშ-ში საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პრეზიდენტი და კონგრესი არიან ჩართულები. ამას გარდა, აშშ-ის მთავრობა საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას ეყრდნობა საჯარო მოხელეების – პროფესიონალი ბიუროკრატებისა და ექსპერტების ცოდნასა და მოსაზრებებს. მრავალფეროვანი აქტორების ინტერესებისა და პერსპექტივების შეჯერებისთვის, ბუნებრივია, გარკვეული დროა საჭირო.
მართლაც, მანამდე, ვიდრე საქართველოს შესახებ აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში მოსაზრებები შეჯერდებოდა, ამ საკითხზე მიმდინარეობდა აქტიური საჯარო და დახურული განხილვები კონგრესში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, კვლევით ცენტრებსა და მედიაში. ზოგიერთ ასეთ დისკუსიაში მონაწილე პირებმა გაარჩიეს როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი, ისე ამერიკული და მოკავშირეთა სადაზვერვო სამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ეს პროცესი, ცხადია, დროში გაიწელა და ჯერაც არ არის დასრულებული.
მეორე მთავარი მიზეზი, რატომაც აშშ ერთბაშად არ აწესებს სანქციებს ისაა, რომ ამერიკის მთავრობა ელოდება საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარებას. ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, მრავალათასიანი მიტინგების ფონზე, „ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციას კარგავს. ამერიკა და ევროპა, როგორც წესი, მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისათვის მწვავე სანქციებს აწესებენ ხოლმე მაშინ, როდესაც დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა სხვა საშუალება ამოწურულია. საქართველოში კი ჯერ კიდევ არსებობს იმის იმედი, რომ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსიც შესაბამისად შეიცვლება.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს – მაშინაც კი, თუ არჩევნები ცალსახად გაყალბდება, დასავლეთში სულ უფრო და უფრო ნაკლებად დაეყრდნობიან იმ ლოგიკას, რომ „ხელისუფლება სხვაა და ქართველი ხალხი – სხვა“. ასეთ შემთხვევაში, აშშ და ევროპის ქვეყნები რეჟიმის მოწინააღმდეგე ხალხის დაცვის მოტივით ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას აღარ მოერიდებიან.
ზემოთქმული მიზეზებიდან გამომდინარე, ის, რომ დასავლური სანქციები ნაწილ-ნაწილ მოდის და არა ერთბაშად, საერთოდ არაა იმის ინდიკატორი, რომ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდასავლურ კურსს უკურეაქცია არ მოჰყვება. უფრო მეტიც, არჩევნების შემდეგ, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, დიდი ალბათობით, საქართველო ძალიან სწრაფად მოექცევა დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში. ეს საქართველოს მთავრობა უბიძგებს, რომ კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს რუსეთსა და ჩინეთს – როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. საბოლოოდ კი საქართველო მყარად დადგება რუსულ ორბიტაზე.
იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ზემოაღწერილი სცენარის მიხედვით არ განვითარდეს, არჩევნებში ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. ამ ვარიანტზე ბევრად ნაკლებად მდგრადი გამოსავალი იქნება ის, რომ არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან შეკრას ალიანსი და დროებით იცვალოს ფერი (მაგალითად, უარი თქვას დასავლეთის ლანძღვაზე, გააუქმოს მავნე კანონები და გაათავისუფლოს ზოგიერთი საჯარო ინსტიტუტი ოლიგარქის კონტროლისგან). თუმცა ეს ძალიან მყიფე, ორაზროვანი და არასაიმედო პოზიცია იქნება და ის ქვეყანას მოსალოდნელი საერთაშორისო იზოლაციისგან ვერ დაიხსნის.