აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის, ბექა გურგენიძის ხელმძღვანელობით კომპანია „ერთი“ საქართველოს სამშენებლო სექტორის ლანდშაფტს საძირკვლიდან ცვლის. 2016 წელს დაარსებული კომპანიის ანგარიშზე უკვე 100-ზე მეტი დასრულებული პროექტია, კომპანიის წარმატების გასაღები თანამედროვე, ეკონომიური და ეკოლოგიური ლითონის ხიმინჯებია. Forbes Georgia ბექა გურგენიძეს განვლილ გზაზე, სამშენებლო სექტორში ინოვაციების მნიშვნელობასა და კომპანია „ერთის“ გეგმებზე ესაუბრა.
ბექა, პირველი შეხება ბიზნესთან მცირეწლოვანს გქონდათ. რა გავლენა მოახდინა ამ ადრეულმა გამოცდილებამ თქვენს კარიერაზე?
ჩემი პირველი ბიზნესწამოწყება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდს ემთხვევა. საზღვრები რომ გაიხსნა, მთელი საქართველო აქტიურად ჩაერთო ვაჭრობაში. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა აჭარაში, საიდანაც უამრავი ადამიანი გადადიოდა თურქეთში. ჩემი ოჯახი ბათუმიდანაა. მაშინ 11 წლის ვიყავი და ვხედავდი, რომ ჩვენი ნაცნობები, მეგობრები და ნათესავები ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები: საზღვარგარეთ მიჰქონდათ საბჭოთა საქონელი და შემოჰქონდათ პროდუქტები, რომლებიც მანამდე ნანახიც კი არ გვქონდა. ამ საქმიანობამ ძალიან მიმიზიდა და გადავწყვიტე, ოფისებისა და საკანცელარიო მაღაზიებისთვის თურქეთიდან შემოტანილი განსხვავებული, ლამაზყდიანი კალკულატორები შემეთავაზებინა. ამას მოჰყვა სხვადასხვა ტიპის წვრილი ტექნიკის ჩაბარება და შემდეგ ბათუმის ფარგლებსაც გავცდი. სწორედ მაშინ მივიღე ერთი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი, რომელსაც ახლაც ვითვალისწინებ: ბაზარზე რაიმე ახალი პროდუქტის შემოტანა ბევრად უფრო სარფიანია, ვიდრე იმ სფეროში შესვლა, სადაც უკვე დიდი კონკურენციაა. ბიზნესში გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა მასწავლა, როგორ უნდა ეურთიერთო კლიენტს, ამოიცნო ბაზრის საჭიროებები და შეიძინო პარტნიორები. ფაქტობრივად, 11 წლის ასაკიდან ამ საქმეს ვემსახურები.
საინჟინრო-სამშენებლო სფეროში როგორ აღმოჩნდით?
ასლან აბაშიძის დროს ჩემი ოჯახი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა და თბილისში გადმოსახლებამ მოგვიწია. მშობლები უსამსახუროდ დარჩნენ და მაშინ ჩემს თავს შემოვუძახე, ახლა უნდა ივაჟკაცო-მეთქი. სამსახური ძალიან მჭირდებოდა და საქართველოს რკინიგზაში მუშად დავიწყე მუშაობა. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ 6 თვის შეუსვენებელი შრომის შემდეგ დამაწინაურეს. სულ 5 წელი ვიმუშავე რკინიგზაში და 22 წლის ასაკში უკვე სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე ვიყავი. პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე და ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე სამშენებლო ტექნოლოგიების შესახებ, მაგრამ ბიზნესის მიმართ ინტერესი არასდროს გამნელებია. ვგრძნობდი, რომ ამ სამსახურის პარალელურად საკუთარი კომპანიის შექმნა არ გამომივიდოდა. ამიტომ რკინიგზის დეპარტამენტი დავტოვე და უკრაინაში წავედი ერთწლიანი სასწავლო კურსით — ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. უკრაინა საქართველოსთან შედარებით ბევრად დიდი ქვეყანაა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების კუთხითაც მეტი პერსპექტივა ჩანდა. იქაც სამშენებლო დარგში დავიწყე მუშაობა და შევიძინე ის უნარები, რომლებიც მოგვიანებით საქართველოს სამშენებლო სექტორში სიახლეების შემოსატანად გამოვიყენე. ვიტყვი, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო.
როგორც ვხვდები, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებამ და სხვა ქვეყანაში სამშენებლო სფეროში მუშაობამ დიდი გავლენა მოახდინა თქვენს პროფესიულ თუ პიროვნულგანვითარებაზე. როგორ გამოიყენეთ იქ შეძენილი გამოცდილება საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
მდიდარი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, უკრაინაშიც ბევრ სირთულეს გადავეყარე: უცხო გარემოში ვიყავი, არც ენა ვიცოდი კარგად და აქედანაც ძალიან მცირე დანაზოგი მქონდა წაღებული. სწავლის პარალელურად იქაც ბევრს ვმუშაობდი. ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნახტომები ყოველთვის არქიტექტურულ გამოფენებს უკავშირდება ხოლმე. ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე აღმოვაჩინე გერმანული ტექნოლოგია, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მონტაჟის საკმაოდ სპეციფიკურ უნარებს მოითხოვდა. ინჟინრული გამოცდილებიდან გამომდინარე, მარტივად ავუღე ალღო, შევისწავლე ეს ტექნოლოგია და იმდროინდელ ხელმძღვანელთან ერთად ახალი კომპანია დავაფუძნე. ძალიან კარგად წავიდა საქმე. ისინი გაყიდვებს ვეღარ აუდიოდნენ, მე კი — მონტაჟს. 2012 წელს საქართველოში დავბრუნდი და ბათუმში იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური პროექტის, 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ჩავუდექი სათავეში. ამის შემდეგ ვმუშაობდი „ისანი მოლის“ პროექტზე, სადაც დარბაზის მშენებლობისას სვეტების მოსაწყობად უნიკალური გერმანული ტექნოლოგია გამოვიყენეთ. პარალელურად სულ ვფიქრობდი შემდეგ ნაბიჯებზე. ძალიან მინდოდა საქართველოს სამშენებლო სექტორში რაიმე ახალი ტექნოლოგიის შემოტანა. ერთ-ერთ არქიტექტურულ გამოფენაზე შემთხვევით გადავეყარე ჰოლანდიური კომპანიის, „ნორდ მეტალიკის“ წარმომადგენელს, რომელმაც ლითონის ნარანდების შესახებ მიამბო და ამიხსნა, რა უპირატესობები ჰქონდა ბეტონის კონსტრუქციასთან შედარებით. აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება ამ ტექნოლოგიით და 2016 წელს „ნორდ მეტალიკასთან“ ერთად დავაარსე კომპანია „ერთი“. დღესდღეობით საქართველოში ლითონის ხიმინჯების ბაზრის 95% ჩვენ გვეკუთვნის. შექმნიდან ერთი წლის თავზე უკვე შვიდი პროექტი გვქონდა დასრულებული, რაც იმ პერიოდისათვის ძალიან კარგი შედეგი იყო, ახლა კი ხანდახან თვეში 7 ობიექტი გვაქვს ხოლმე. ზოგი მცირეა, ზოგიც — მასშტაბური, მაგრამ ჩვენ საქმის მასშტაბები არ გვაშინებს.
კომპანია „ერთი“ლითონის ხიმინჯების ტექნოლოგიის პიონერია საქართველოში. შეგიძლიათ, აგვიხსნათ ამ ტექნოლოგიის მნიშვნელობა და მისი გავლენა სამშენებლო სექტორზე?
ლითონის ხიმინჯებს მოხმარების კუთხით საკმაოდ დიდი დიაპაზონი აქვთ. დაარსებიდან დღემდე ლითონის ხიმინჯები თითქმის ყველა მიმართულებით გამოვცადეთ: ხიდებისა და გზების მშენებლობისას, მდინარეებში, ზღვაში, მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად, სამოქალაქო თუ სამრეწველო მშენებლობაზე, რკინიგზების მშენებლობაზე. ის დანადგარები, რომელთაც ვიყენებთ, არათუ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის დღესაც სიახლეა. ჰოლანდია ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია, რადგან ქვეყნის მოზრდილი ნაწილი წყლითაა დაფარული, ლითონის ხიმინჯები კი საშუალებას იძლევა, მშენებლობისათვის შესაბამისი პირობები წყლიან ადგილებშიც შექმნა. თვითონ ტექნოლოგია, რომლითაც ხიმინჯებს ვათავსებთ, იაპონურია. ეს პროცესი არ იწვევს ხმაურსა და ვიბრაციას. საქართველოსნაირი ქვეყნისათვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მით უფრო – ისტორიულ უბნებში მშენებლობისას.
მშენებლობაში ორი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი — ფინანსები (ხარჯების შემცირება ხარისხის გაფუჭების გარეშე) და დრო. ლითონის ხიმინჯები ორივე ნაწილში შეუცვლელია. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით დამკვეთს მინიმუმ 30%-ით უიაფდება სამუშაოები.
ამ დროისთვის 100-ზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენი ტექნოლოგიებით თითქმის ყველა რეგიონში გვიმუშავია. მე თვითონ ძალიან მსიამოვნებს, როცა მასშტაბურ პროექტებზე ვმუშაობ და პროგრესს ყოველდღიურად ვხედავ.
რთული იყო სამშენებლო სექტორში ახალი ტექნოლოგიის დამკვიდრება? როგორ შეხვდნენ სამშენებლო კომპანიები ამ სიახლეს?
საქართველოში ლითონის ნარანდების შემოტანა რთული არ ყოფილა, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით უშუალოდ ინჟინრების დარწმუნებისას. ჩვენი კლიენტები უმეტესად დეველოპერული კომპანიები არიან, თუმცა მათ სამშენებლო საქმიანობა მინდობილი აქვთ ხოლმე კონკრეტული ინჟინრებისათვის ან სამშენებლო კომპანიებისათვის. სწორედ ისინი წყვეტენ, რა ტექნოლოგიები გამოიყენონ პროექტზე მუშაობისას. გამოცდილი ინჟინრების დარწმუნება, რომ უკვე ნაცადი გზიდან გადაეხვიათ და რაღაც ახალი მოესინჯათ, მარტივი არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე წარმატებული პროექტის შემდეგ ყველაფერი გაიოლდა. მაგალითად, „სითი მოლის“ მშენებლობისას ამ ტექნოლოგიის გამოყენებამ დაახლოებით მილიონი დოლარი დაუზოგა დამკვეთს.
თავიდან, როცა გვჭირდებოდა, ამ ტექნოლოგიის შესახებ ფართოდ გაგვევრცელებინა ინფორმაცია, ვატარებდით სემინარებს და ჩამოგვყავდა უცხოელი პარტნიორები. ახლა უკვე იმდენად დიდი ისტორია გვაქვს, რომ ჩვენი გაკეთებული საქმეები ჩვენ ნაცვლად ლაპარაკობენ. სეგმენტური მომხმარებელი კარგად გვიცნობს.
ლითონის ხიმინჯების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისიცაა, რომ მათი მრავალჯერ გამოყენება შეიძლება. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ამ თვისების გამო ეს ტექნოლოგია ბეტონთან შედარებით უფრო ეკომეგობრულია?
ნამდვილად. ლითონის ნარანდები მრავალჯერადია, რაც, ერთი მხრივ, ფასს ამცირებს, მეორე მხრივ კი, გარემოს დაზიანებისგან იცავს. მშენებლობა მიმდინარეობს ხმაურისა და ვიბრაციის გარეშე. ბეტონის ჩასხმით მშენებლობის მიერ დატოვებული კვალი საუკუნეების განმავლობაში რჩება, მაშინ როცა ეს კონსტრუქცია, როგორც წესი, დროებით სჭირდებათ ხოლმე ქვაბულის გასამაგრებლად ან მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად. ლითონის ნარანდებით იმავე შედეგის მიღწევა სწრაფად, იაფად და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე შეიძლება.
კომპანია „ერთს“ უკვე არაერთ ობიექტზე უმუშავია. რომელპროექტებს გამოარჩევდით ამ ცხრაწლიანი ისტორიიდან?
ამ დროისთვის 100-ზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენი ტექნოლოგიებით თითქმის ყველა რეგიონში გვიმუშავია. მე თვითონ ძალიან მსიამოვნებს, როცა მასშტაბურ პროექტებზე ვმუშაობ და პროგრესს ყოველდღიურად ვხედავ. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ხიმინჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ხშირად გვაქვს ხოლმე ხან მცირე, ხან კი დიდი პროექტები, სადაც სამშენებლო სამუშაოებზე მთლიანად ჩვენ ვართ პასუხისმგებლები. ამით უზრუნველვყოფთ, რომ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ და სამშენებლო სფეროს სიახლეებს არ ჩამოვრჩეთ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო წალკის კანიონი, სადაც ინფრასტრუქტურა, შუშის ხიდის გარდა, სრულად ჩვენ მოვაწყვეთ. მათ შორის, რელიეფისა და გზების არარსებობის გამო, წალკაშივე ავაშენეთ ბეტონის ქარხანა და იქვე ვამუშავებდით ინერტულ მასალებს. 2019 წლის დეკემბერში დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა და პანდემიის პარალელურად მოგვიწია ყველაფრის გაკეთება. სხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც გვქონია, მაგალითად, ბათუმისა და ფოთის პორტებში განხორციელებული სამუშაოები. ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა დიდ სამშენებლო კომპანიასთან.
როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობა „ერთის“ წარმატება?
პირველ რიგში, ბაზარზე ისეთი ტექნოლოგიის შემოტანამ, რომელიც არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ არსებობს. სულ ვცდილობ, რაღაც ახალი შევქმნა და ჩემი თითოეული წამოწყება ამ პრინციპზეა აგებული. რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობა და რეპუტაციაც მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ასევე ხარისხის სტაბილურად შენარჩუნება. კლიენტისთვის სანდო პარტნიორი უნდა იყო. არ შეიძლება ერთ დღეს კარგად მუშაობდე და მეორე დღეს — ვეღარ. უნდა ვახსენო კარგი გუნდიც. გამოცდილი და ერთგული თანაგუნდელების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
ამ დროისთვის რამდენი ადამიანი მუშაობს კომპანიაში და რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ გუნდის მართვისას?
კომპანიის მუდმივი ბირთვი დაახლოებით 50-მდე ადამიანისგან შედგება, თუმცა პროექტების მიხედვით დასაქმებულების რაოდენობა ხშირად იცვლება. ყოფილა შემთხვევები, როცა 500-600-ც ვყოფილვართ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, უშუალო ურთიერთობა მქონდეს თანამშრომლებთან. ყველას აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოვიდეს ჩემთან და ნებისმიერ თემაზე მესაუბროს. შეკრული გუნდის ყოლა არა მხოლოდ კომპანიისთვის არის კარგი, არამედ პირადად ჩემთვისაც. როცა ამდენ დროს ატარებ სამსახურში, უნდა გსიამოვნებდეს კიდეც თანამშრომლებთან ურთიერთობა.
როგორ წარმოგიდგენიათ კომპანიისა და პირადად თქვენი შემდეგი ნაბიჯები? არის რაიმე პროექტი, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ?
როგორც უკვე გითხარით, იმ დანადგარებს, რომლებითაც ასე ვამაყობთ, იაპონური კომპანია აწარმოებს. იაპონია ჩვენსავით მთაგორიანი ქვეყანაა და მათაც სერიოზული პრობლემა აქვთ მეწყრებთან დაკავშირებით. იაპონელებმა ამ პრობლემას ტექნოლოგიური გადაწყვეტა მოუფიქრეს და შექმნეს დანადგარები, რომელთაც კატასტროფის პრევენცია შეუძლიათ. თვითონ დანადგარიც და მასალებიც ძვირად ღირებულია, მაგრამ ვფიქრობ, როცა ადამიანების სიცოცხლესა და დასახლებების გადარჩენაზეა საუბარი, ამ თანხების გამონახვა შესაძლებელი უნდა იყოს. ცხადია, მხოლოდ ჩვენი ძალებით ამას ვერ ვიზამთ, მაგრამ მჯერა, რომ ამის დროც მოვა. კარგი იქნებოდა, თუ იაპონიის მიერ დაგროვებულ გამოცდილებას, ჩვენს უნარებთან ერთად, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას მოვახმარდით. პარალელურად ვმუშაობ სპეციალურ სახელმძღვანელოზე მომავალი მშენებლებისა და ინჟინრებისათვის, რათა მათ გადავცე წლების განმავლობაში შეძენილი ცოდნა და თავიდან ავარიდო ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები. სამშენებლო სექტორში სიახლები მუდმივად ინერგება და ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი სხვა ქვეყნებისგან. ბაზრის სიმცირის გამო დიდი კომპანიების მხრიდან არ არის ინტერესი, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიები შემოიტანონ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ სფეროში ახალგაზრდა პროფესიონალებმა თავად მოიძიონ ინფორმაცია, იმოგზაურონ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და საქმიანობაში გამოიყენონ. კომპანია „ერთის“ მიზანია, მომავალშიც შეინარჩუნოს ლიდერის სტატუსი ამ სფეროში და განაგრძოს საქართველოს სამშენებლო სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვა. მინდა, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო.
S