არსებული პროგნოზებით, მიმდინარე წელს, ჩინეთის დადებითი სავაჭრო სალდო ახალ რეკორდს, $1 ტრილიონს მიაღწევს. ოქტომბრის მდგომარეობით, ჩინეთის ექსპორტი იმპორტს $785 მილიარდით აჭარბებდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თითქმის 16%-ით მეტია.
მიღებულ შედეგებსა და პროგნოზებს ჩინეთში ექსპორტის ძლიერი ზრდა განაპირობებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, მზარდი სავაჭრო დისბალანსი წამყვან გლობალურ ეკონომიკებთან – მათ შორის აშშ-სთან – დაძაბულობას ზრდის. მათივე ვარაუდით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთის იმპორტის შესაზღუდად ტარიფებს კიდევ უფრო გაზრდის.
ჩინეთის საექსპორტო ბუმი ნაწილობრივ სუსტი შიდა მოთხოვნითაა გამოწვეული, რომლის გამოსწორებასაც პეკინი ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკით ცდილობს. ექსპორტის მოცულობის ზრდაზე გავლენა ჩინეთის საექსპორტო ფასების კლებამაც განაპირობა. საპასუხოდ, ჩინეთი ბიზნესს მეტ მხარდაჭერას ჰპირდება – ექსპორტის ზრდის ტენდენციისა და დასაქმების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად ამისა, ქვეყნები – სამხრეთი ამერიკიდან დაწყებული ევროპით დასრულებული – ჩინურ საქონელზე სატარიფო ბარიერებს ზრდიან. შედეგად, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მცირდება. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 1990 წლის შემდეგ, ჩინეთში შესაძლოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) პირველი წმინდა გადინება დაფიქსირდეს.
თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, აშშ-სთან ჩინეთის ექსპორტი იმპორტს კვლავ აჭარბებს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დადებითი სავაჭრო სალდო აშშ-სთან 4.4%-ითაა გაზრდილი, ევროკავშირთან – 9.6%-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან – 36%-ით.