სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით 3.6 მლნ. ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც წლიურად 0.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 10.1% ადგილობრივ გადაზიდვაზე მოდის, 30.5% – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4% – ტრანზიტზე.
ამავე პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 76.9% ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე მოდის, 23.1% კი – ქვეყნიდან გატანილზე.
III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 30.8%-ის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო. ცნობისთვის, II კვარტალში რუსეთის წილი 38.4%-ს შეადგენდა.
საქართველოდან რკინიგზით გატანილი ტვირთების მოცულობით რუსეთს ლიდერობა ყაზახეთმა ჩამოართვა. მისი წილი 13.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე რუსეთია 10.4%-ით, მესამე ადგილზე კი სომხეთი 10.3%-ით. დანარჩენი ქვეყნების წილი ამ შემთხვევაშიც 10-10%-ზე ნაკლები იყო.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6% კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, 16.6% – ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების, რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 14.2% – ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
III კვარტალში საქართველოს რკინიგზა 676.1 ათას მგზავრს მოემსახურა. ეს წლიურ ჭრილში 8.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 327.0 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 46%-ით მეტია.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 658.9 ათასი მგზავრი (-8.2%), რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4%-ს შეადგენს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.3 ათასი მგზავრი (-11.4%). საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 79.2% სომხეთიდან შემოვიდა, სომხეთის მიმართულებით კი 20.8% გავიდა.