2019 წელს კიევში დაარსებული ვიდეოწარმოების კომპანია SHELTER.FILM-ი დღეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებსა და ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობს. კომპანიის დამფუძნებელი ახალგაზრდა ქართველი პროდიუსერი ალბერტ ზურაშვილია, რომლის ხედვამაც Shelter.film-ი — შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვან მოთამაშედ, საქართველო კი მსოფლიო ბრენდებისთვის მიმზიდველ გადასაღებ ადგილად აქცია.
2024 წლის 30 აგვისტოს A$AP Rocky-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა ვიდეოკლიპი Tailor Swif, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში არაოფიციალურად გაჟონა. „თითქოს ვიღაცამ მთელი მსოფლიოს სიზმრები ჩაიწერა და დააბლენდერა” — ვკითხულობთ ვიდეოს ქვეშ დატოვებულ ერთ-ერთ კომენტარში. მართლაც, ეკრანზე უცნაური გამოსახულებები უსწრაფესად ენაცვლება ერთმანეთს და თუ გინდა, კლიპი სრულყოფილად აღიქვა, კადრი ყოველწამს უნდა შეაჩერო. ასე აღმოაჩენ, რომ უკანა ფონზე საზოგადოებრივი ტუალეტის ნიჟარაში კურდღელი ღვინოს სვამს, სლავური გარეგნობის მოხუც ქალს კი თმის ნაცვლად თავიდან სიგარეტები ეზრდება. ერთ-ერთ სცენაში ვერტმფრენზე ჩამოკიდებული ძროხა მშვიდად გადაადგილდება კიევის ცაზე — ეს „მიმინოს” რეფერენსია. „წარმოდგენაც არ მინდა, რამდენი ხანი დასჭირდებოდა ამის გადაღებას”, — წერს კიდევ ერთი მომხმარებელი. სინამდვილეში ამ ურთულესი კლიპის ყველა სცენა 2021 წელს, სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში გადაიღეს, დამსახურებული ტაში კი ახალგაზრდა პროდიუსერს, ალბერტ ზურაშვილსა და მის კომპანიას, shelter.film-ს ეკუთვნის.
ალბერტ ზურაშვილი კიევში დაიბადა და გაიზარდა. მცირეწლოვანი იყო, მოძრავი სურათები რომ აღაფრთოვანებდა. ტინეიჯერობაში საკუთარი ორი გატაცების, გრაფიტისა და კინოხელოვნების გადაკვეთის წერტილი იპოვა და გრაფიტის თემაზე დაიწყო ვიდეოების შექმნა. „მაშინ გრაფიტი-არტისტებთან ვმეგობრობდი და მათთვისაც ვიღებდი და ვამონტაჟებდი ვიდეოებს. ყველაფერი მაინტერესებდა, რაც კი ვიდეოსთან იყო კავშირში”, — იხსენებს ალბერტი. 15 წლი სამ ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში კურიერად დაიწყო მუშაობა და ამავე კომპანიაში გაიარა ყველა მნიშვნელოვანი კარიერული საფეხური მმართველი პარტნიორის პოზიციის ჩათვლით. 2019 წელს კი ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილებითა და გლობალური ამბიციებით შეიარაღებულმა გადაწყვიტა, საკუთარი კომპანია შეექმნა.
ერთ კომპანიაში ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება მარტივი არ ყოფილა. რა იყო მთავარი სირთულე საწყის ეტაპზე? — ვეკითხები ალბერტს. „თუ არ ჩავთვლით, რომ Shelter-ის შექმნიდან ერთ წელიწადში პანდემია დაიწყო, და ამის შემდეგ — რუსეთ-უკრაინის ომი, ისეთი არაფერი”, — მპასუხობს სიცილით. ორი გლობალური კრიზისის მიუხედავად, shelter.film-ი თავბრუდამხვევი სიჩქარით გაიზარდა და დღეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებსა და მუსიკოსებთან თანამშრომლობს. დაარსებიდან პირველივე წელს უკრაინაში მომუშავე პროფესიონალებმა Playstationის, IKEA-სა და Renault-ის სარეკლამო რგოლები გადაიღეს, ასევე — მუსიკალური ვიდეო ცნობილი შვედი მუსიკოსის, ToveLo-სათვის. shelter.film-ს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის, ორი ვერცხლის ლომი Cannes Lions-ის კინოხელოვნების კატეგორიაში, ბრინჯაო Clio Awards-ზე და ოქრო ციფრული და ვირუსული ვიდეოების კატეგორიაში Epica Awards-ზე. ალბერტს ასევე მიღებული აქვს პირადი გრანპრი „კანის ლომების” ფესტივალზე და კანის ოქროს ლომი LACOSTE-ს რეკლამისათვის.
ალბერტის სტრატეგიული გათვლა, ლოკალური ბრენდების ნაცვლად გლობალურ მოთამაშეებზე კონცენტრირებულიყო, გამართლდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტა, სწორედ ეს იყო. უნდოდა, მეტი მოქნილობა და შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონოდა მსოფლიო შემოქმედებით ინდუსტრიაში საკუთარი კვალის დასატოვებლად.
„shelter.film-ის დაარსებით, როგორც იქნა, შესაძლებლობა მომეცა, ერთ ჭერქვეშ მომეყარა თავი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთან ერთად მუშაობაზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი”, — ამბობს ალბერტი. shelter.film-ის ბიდინგის ხელმძღვანელი მარინა კარმოლიტი მისი კოლეგა იყო წინა კომპანიაში, აღმასრულებელმა პროდიუსერმა, გენა შევჩენკომ კი ვიდეოწარმოებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან გადმოინაცვლა. გარდა ამისა, ალბერტი shelter. film-ის შთამბეჭდავი არტდეპარტამენტითაც ამაყობს, რომლის წევრებსაც ნებისმიერი სირთულის მოდელისა თუ დეკორაციის აწყობა შეუძლიათ. ამ გუნდმა Dua Lipa-ს ვიდეოსთვის, We’re Good-ისთვის, „ტიტანიკის“ რესტორანი უმცირესი დეტალების სიზუსტით გააცოცხლა, შემდეგ კი ხომალდის ჩაძირვის სცენა გადაიღო.
ალბერტი, მარინა და გენა კომპანიის სახელზე რამდენიმე კვირა ფიქრობდნენ და ასობით ვერსიაც ჰქონდათ ჩამოწერილი, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ აღწერდა ახლადშექმნილი კომპანიის განწყობასა და სულისკვეთებას. ერთ დღესაც ალბერტმა ახსენა, რომ ტინეიჯერობისას ფიქრობდა, რომ Shelter კარგი სახელი იქნებოდა მისი კომპანიისათვის. 2000-იანი წლების დასაწყისში Shelter კიევში საკულტო საკვები ობიექტი იყო, სადაც გემრიელი საჭმლისა და სახელგანთქმული წვეულებების გამო, ხშირად იყრიდნენ თავს სხვადასხვა სუბკულტურის წარმომადგენლები. „მივხვდით, რომ ეს სიტყვა და მასთან ასოცირებული მოგონებები ჯერ კიდევ მანამდე გვაერთიანებდა, სანამ ერთმანეთს გავიცნობდით”, — იხსენებს მარინა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე კომპანიის დასახელებამ დამატებითი ემოციური დატვირთვა შეიძინა. ქვეყნისთვის ყველაზე რთულ წლებში shelter.film-მა თავი მოუყარა ადამიანებს, რომელთაც გაუსაძლის პირობებშიც კი მოძებნეს გზა იმ საქმის საკეთებლად, რომელიც უყვართ. თუკი პანდემიის პერიოდში shelter.film-ი მაინც ახერხებდა უსაფრთხოების წესების დაცვით ეთანამშრომლა საერთაშორისო ბრენდებთან, ომმა უკრაინა, როგორც გადასაღები ლოკაცია, გლობალური ბრენდების რუკიდან გააქრო. სამხედრო ვითარების ფონზე საერთაშორისო კომპანიებისათვის უკრაინაში თუნდაც დისტანციურად გადაღება არაერთ დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ომის დაწყების შემდეგ ძირითადმა შემოქმედებითმა ბირთვმა თბილისში გადმოინაცვლა და ახლა კონსტუტიციის ქუჩაზე განთავსებული ოფისიდან მუშაობს ამბიციურ პროექტებზე. თანამშრომლების ნაწილი ახლაც კიევში ცხოვრობს და შეძლებისდაგვარად ერთვება მიმდინარე პროექტებში.
„საქართველოში მანამდეც ვიღებდით რეკლამებს, უბრალოდ, ფიზიკური ოფისი არ გვქონდა. ომი რომ არა, ალბათ, მაინც გავხსნიდი აქ ოფისს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველი ვარ და აქაურობასთან ბევრი რამ მაკავშირებს”, — ამბობს ალბერტი. shelter.film-ის ამჟამინდელი მისიაა, კინოწარმოების გიგანტებს საქართველო გააცნოს და პირიქით, საქართველოსაც გააცნოს ამ ინდუსტრიის გლობალური სტანდარტები.
„ჩვენ მთელ პაკეტს ვყიდით, — განმარტავს ალბერტ ზურაშვილი, — საოცარი ლოკაციები, წარმოების შეუფერხებელი პროცესები და გუნდი, რომელიც ნიჭითა და გამოცდილებით მსოფლიოს საუკეთესო პროფესიონალებს არ ჩამოუვარდება”.
კითხვაზე, როგორ „ყიდის” საქართველოს საერთაშორისო კლიენტებთან, ალბერტი ღიმილით პასუხობს, რომ უამრავი წარმატებული პროექტის შემდეგ ეს არც ისე რთულია. მისი თქმით, საქართველოში ყველაფერია, რაც შეიძლება გადასაღებად გჭირდებოდეს: ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მოწყურებულები არიან საინტერესო პროექტებს, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ყველა შესაძლო სეზონი, სხვადასხვა ეპოქის ლოკაციები, არაჩვეულებრივი ტექნიკური ბაზა და, რაც მთავარია, „საზოგადოებაც საკმაოდ დიდ მიმღებლობას იჩენს გადამღები ჯგუფების მიმართ”. ბაზრის მოკვლევის ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში გადაღება ევროკავშირის წევრ ბულგარეთთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფი არაა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას კლიენტები სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებენ. მაგალითად, რამდენად კომფორტული იქნება გადაღების პროცესი, შეხვდებათ თუ არა ბიუროკრატიული წინააღმდეგობები და რამდენად მარტივად შეძლებენ საჭიროების შემთხვევაში ქუჩების გადაკეტვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია გუნდი, რომელიც აქ, ადგილზე დახვდებათ. shelter. film-ს მსოფლიოს წამყვან სააგენტოებსა და რეჟისორებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. მაგალითად, თუ პროექტისთვის წინასწარ შერჩეულმა რეჟისორმა განაცხადა, რომ მისი ხედვის საუკეთესოდ განხორციელებას სწორედ shelter.film-ი შეძლებს, ეს ხშირად იმას ნიშნავს, რომ რეკლამას თუ კლიპს სწორედ საქართველოში გადაიღებენ.
სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, shelter.film-ის საქმიანობა გლობალურ ბაზარზე საქართველოს სახელთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. „საკმარისია, შეცდომა დაუშვა და მეორე დღეს მთელმა მსოფლიომ იცის”, — ამბობს ალბერტი. მისი თქმით, პროექტის ჩავარდნის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში კლიენტი იმას კი არ იტყვის, რომ კონკრეტულ ადამიანებთან ცუდი გამოცდილება ჰქონდა, არამედ დაასკვნის, რომ საქართველოში გადაღება არასწორი გადაწყვეტილება იყო. იგივეა წარმატების შემთხვევაშიც. დიდ ბრენდებთან მუშაობის ტალღოვანი ეფექტი ქვეყნის მასშტაბით მთელ შემოქმედებით ინდუსტრიაზე ვრცელდება.
უცხოელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მხოლოდ გადაღების პროცესი, არამედ სხვა ქვეყანაში მუშაობის ჯამური გამოცდილება. „რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, ისეთ ქვეყანაში ჩამოვიდნენ სამუშაოდ, სადაც მთელი კვირის განმავლობაში მუშაობის პარალელურად უგემრიელეს საჭმელს შეჭამენ, საუკეთესო ღვინოს დალევენ და საოცარ ადგილებს მოინახულებენ”, — განმარტავს ალბერტი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილგანწყობა სტუმრების მიმართ: „ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას პროდიუსერმა გვითხრა, რომ 15 წუთის მანძილზე, სანამ სასტუმროს თან ბორდიურზე იყო ჩამომჯდარი ლუდის ბოთლით ხელში, ოთხმა ადამიანმა ჰკითხა გამართული ინგლისურით, რაიმე ხომ არ სჭირდებოდა. არ მგონია, ეს სხვა ქვეყანაში მომხდარიყო”, — ამბობს ალბერტი.
shelter.film-ი ვიდეოინდუსტრიაში ჩართული მნიშვნელოვანი მოთამაშეებისათვის ტექნოლოგიურ სრულყოფილებასთან, დახვეწილ გემოვნებასა და კომფორტულ თანამშრომლობასთან ასოცირდება. „არსებობს აბსოლუტური მინიმუმი, რომლის გაკეთებაც საკმარისია იმისთვის, რომ პროექტი დასრულებულად ჩაითვლოს. კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ ამ ნიშნულზე მუშაობს. ჩვენ კი კლიენტებს იმას ვთავაზობთ, რაზეც თავად არც კი უფიქრიათ”, — ამბობს ალბერტი სიამაყით. shelter.film-მა ახალგაზრდა პროდიუსერს საშუალება მისცა, საკუთარ კომპანიაში ყველა ის მიდგომა დაენერგა, რომლებზეც მთელი კარიერის განმავლობაში ფიქრობდა: „ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავაცოცხლოთ რეჟისორის ხედვა. პროექტის სასიცოცხლო ციკლში თითოეულ დეტალს ვაკვირდებით და ვფიქრობთ, რისი დახვეწა, გამარტივება ან აჩქარება შეგვიძლია”.
ალბერტის მიერ დაკომპლექტებულ საოცნებო გუნდში ყველას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის არეალი. მარინას საქმე პროექტის ოფიციალურად დადასტურებამდე იწყება. მისი პასუხისმგებლობაა პროექტის შესწავლა, დამუშავება, ანალიზი, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ბიუჯეტირება, საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობა და უამრავი მიმდინარე პროექტის ერთმანეთთან კოორდინირება. გენა პროდიუსერების გუნდს ხელმძღვანელობს და მუდმივად ზრუნავს გადაღების პროცესში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაზე. თავად ალბერტი კი ამ საოცრად არაპროგნოზირებად სფეროში კომპანიის მთავარი ნავიგატორია.
„ამ ინდუსტრიაში წარმატების კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს: არ უნდა მოგერიდოს უამრავ კარზე დაკაკუნება. ზვიგენი უნდა იყო, რომ მაღალ კონკურენციაში გადარჩე და თან სასიამოვნო ზვიგენი, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც ადამიანურ კავშირებამდე დადის, — ამბობს ალბერტი. მისი მთავარი საფიქრალი ისაა, როგორ დარჩეს shelter.film-ი მუდმივად რელევანტური იმ ადამიანებისათვის, რომლებიც წყვეტენ, რომელ ქვეყანაში ვისთან ერთად განახორციელონ ესა თუ ის პროექტი. — ჩვენი დამკვეთები სააგენტოები და სხვა ვიდეოწარმოების კომპანიები არიან. წარმოიდგინეთ, რა ხდება ამ პროდიუსერებისა და მენეჯერების თავში: შვიდი მიმდინარე პროექტი, პოსტპროდაქშენი, კლიენტების მუდმივად მზარდი ბაზა… ამ აზრებს შორის უნდა შეაღწიო და დაარწმუნო, რომ შენ უკეთესად გააკეთებ ამ საქმეს, ვიდრე თუნდაც უკვე გამოცდილი მოთამაშეები”.
shelter.film-ის ორი მთავარი მიმართულება სარეკლამო კლიპებისა და მუსიკალური ვიდეოების წარმოებაა. კომპანიის პორტფოლიოს დაახლოებით 80% გლობალური ბრენდების რეკლამებს უჭირავს, 20% კი — მუსიკალურ ვიდეოებს. კომერციული და შემოქმედებითი პროექტების დაბალანსება მუდმივი გამოწვევაა, რომელიც ყურადღებასა და ზუსტ გათვლებს საჭიროებს. „ჩემი ფილოსოფიაა One for the Meal, One for the Reel [ერთი პროექტი — შემოსავლისთვის, ერთი — პორტფოლიოსთვის]”, – ამბობს ალბერტი. სწორედ კომერციული შეკვეთების უწყვეტი შემოდინება აძლევს shelter.film-ს საშუალებას, თავით გადაეშვას ისეთ ყოვლისმომცველ პროექტებში, როგორიც A$AP Rocky-ის მუსიკალური ვიდეო იყო.
„შეიძლება იფიქროთ, რომ მუსიკალური ვიდეოებით ბევრ ფულს ვშოულობთ, თუმცა ხშირად პირიქით, თავად გვიწევს ინვესტირება. თუ მოგებას ვნახულობთ, ეს დაახლოებით 2%-ია, — ამბობს ალბერტი. — Tailor Swif-ის თავდაპირველი იდეა უკვე საკმარისად გიჟური იყო, თუმცა პროცესში მასშტაბი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. ეს ცვლილებები ვინმემ უნდა დააფინანსოს და ჯერ არ მქონია შემთხვევა, რომ არტისტს ეთქვას, მოდი, ფულს დაგიმატებთ, რაკი ასეთი კარგები ხართო”. თუმცა მსგავს პროექტებზე მუშაობისას მთავარი მოტივაცია ფინანსური მოგება ნამდვილად არაა. წლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური ვიდეოს კრედიტებში shelter.film-ის გამოჩენა კომპანიის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანი ამბავია, საუკეთესო პროფესიონალებთან მუშაობის პროცესი კი ალბერტისა და მისი გუნდისათვის უზომოდ სასიამოვნო იყო.
მჭიდრო ვადებისა და წარმოუდგენლად რთული ჩანაფიქრის გარდა, A$AP Rocky-ის პროექტის განხორციელების მთავარი სირთულე პროექტის გასაიდუმლოება იყო. გადამღები ჯგუფის დიდმა ნაწილმა გადასაღებ მოედანზე აღმოაჩინა, რომ ჩინური მობილური კომპანიის რეკლამას კი არა, ჰიპ-ჰოპ არტისტის მუსიკალურ ვიდეოს იღებდა.
„სცენარის პირველი ინტენსიური წაკითხვისათვის დაახლოებით რვა საათი დაგვჭირდა. პარალელურად მოვამზადეთ დოკუმენტაცია გუნდის თითოეული წევრისათვის, სადაც ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გასაიდუმლოებული იყო. ასეთი პროექტები გასაჯაროების დიდი რისკის ქვეშ დგას. საკმარისია, ინფორმაციამ სადმე გაჟონოს და გადასაღებ მოედანზე მისულს უამრავი რეპორტიორი გხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერაფერს გადაიღებ”, — გვიყვება ალბერტი.
მიუხედავად მკაცრი ზომებისა, მუსიკალური ვიდეოს გამოქვეყნების გეგმა მაინც თავდაყირა დადგა, როცა ნამუშევარი ინტერნეტში არაოფიციალურად გავრცელდა. A$AP Rocky-ის ლეიბლის წარმომადგენლებმა ყველაფერი გააკეთეს გაჟონვის ლოკალიზებისათვის და რეალურად დაუსრულებელი ვიდეო მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნახეს, თუმცა ოფიციალური რელიზი ამის გამო რამდენიმე წლით დაგვიანდა. „ჩვენდა საბედნიეროდ, გაჟონვასთან დაკავშირებით ჩვენზე არავის გასჩენია ეჭვი, რადგან ის ვერსია, რომელიც გავრცელდა, ფიზიკურად ვერ გვექნებოდა”, — ამბობს ალბერტი.
საბოლოოდ ნამუშევარმა დღის სინათლე რამდენიმე თვის წინ იხილა და კრიტიკოსების აღფრთოვანება დაიმსახურა. ოქტომბერში ბერლინში გამართულ ფესტივალ CICLOPE-ზე, რომელიც სარეკლამო ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან მოთამაშეებს აერთიანებს, ვიდეომ ჯამში ხუთი პრიზი მოიპოვა, მათ შორის — ოქრო რეჟისურაში და ფესტივალის მთავარი პრიზი.
ალბერტ ზურაშვილისთვის ფესტივალზე მოპოვებული ჯილდოები, პირველ რიგში, მისი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა: „სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ჩვენი შრომა ასეთ პლატფორმებზე აღინიშნება”. ცხადია, პრესტიჟული პრიზები არა მხოლოდ თანამშრომლების მოტივაციაზე მოქმედებს, არამედ გლობალურ ბაზარზე კომპანიის ხილვადობასაც ზრდის.
2023 წელს shelter.film-მა კიევისა და თბილისის შემდეგ მესამე, ბრიუსელის ოფისი გახსნა. ევროპის შუაგულში ახალი ბაზის დამატება სასიამოვნო სიახლეა ფრანგი და ბრიტანელი კლიენტებისათვის, რომლებიც კომპანიის მნიშვნელოვანი დამკვეთები არიან. „ბრიუსელი სტრატეგიული წერტილია. გლობალური კლიენტებისათვის თბილისი, ცოტა არ იყოს შორსაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ისევ ვაგრძელებთ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს პოპულარიზაციას”, — ამბობს ალბერტი.
shelter.film-მა ხუთწლიანი ისტორიის განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეუპოვრობა და პროფესიონალიზმი გამარჯვების მომტანი კომბინაციაა მაშინაც კი, როცა წარმატების გზაზე მხოლოდ კონკურენტები კი არ უნდა ჩამოიტოვო, არამედ გეოპოლიტიკურ კრიზისსაც უნდა გაუმკლავდე. თუმცა პროდიუსერები რისი პროდიუსერები იქნებოდნენ, პრობლემის გადაჭრის ინსტინქტები რომ არ ჰქონოდათ.
„ალბერტის გონება საოცრად მუშაობს. ერთდროულად განიხილავს საუკეთესო და ყველაზე ცუდ სცენარებს. ყოველთვის ყველაზე რამდენიმე ნაბიჯით წინაა და უკვე სამომავლო პრობლემების გადაჭრაზე ფიქრობს, სანამ ჩვენ ყოველდღიურ საკითხებზე ვფიქრობთ”, — ასე ახასიათებს მარინა ალბერტს.
მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო თუ კინოინდუსტრია დასვენებისა და მოდუნების საშუალებას არასდროს გაძლევს, shelter.film-ი უკრაინელი და ქართველი პროფესიონალებისათვის იმ ადგილად იქცა, სადაც ქაოსის დროს თავი შეგიძლია შეაფარო და მშვიდი გონებით მოიფიქრო, რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი.
„არის რაიმე, რაზეც პირდაპირ ეუბნებით კლიენტს, რომ ვერ იზამთ? — ვეკითხები ალბერტს. მთელი საუბრის განმავლობაში მისი მონათხრობის თითოეული დეტალი იმაზე მეტყველებს, რომ რთული პროექტები შიშის ნაცვლად აზარტით ავსებს.
„კი, არის. ამინდის შეცვლა ჯერჯერობით არ შეგვიძლია”, — ამბობს ალბერტი ღიმილით.