წლებია, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, „თიბისი“ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს. სწორედ ამას ემსახურება ახალი „ყველაფერი ბიზნესისთვის“, რომელიც სექტორის ხელშეწყობას და მისთვის როგორც ტრანზაქციული, ისე ფინანსური დანახარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. კამპანიის დეტალებზე „თიბისის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ვეფხია ლომინაშვილი გვესაუბრა.
„ყველაფერი ბიზნესისთვის“ მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყეთ. რა იყო ის, რამაც ამ კამპანიის საჭიროება დაგანახათ? რა არის მისი მთავარი იდეა?
„თიბისის“ მიზანია, მომხმარებლებს და კომპანიებს ყოველდღიური ცხოვრება და ბანკინგი გაუმარტივოს. სერვისების მიმართულებით უკვე იმდენი რამ გვაქვს, რომ გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა ერთიანი კამპანია, რომლითაც ბიზნესსაზოგადოებისთვის საბანკო მომსახურება ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი გახდებოდა, დაზოგავდა მის დროს, დააკმაყოფილებდა ყოველდღიური საბანკო ოპერაციებისთვის საჭირო მოთხოვნებს და დაეხმარებოდა ბიზნესებს განვითარებაში.
შედეგად, ყველა სერვისს, იქნება ეს საბანკო თუ არასაბანკო, თავი მოვუყარეთ და მოვაქციეთ ერთ კალათაში. ამ კამპანიის მიზანია, მომხმარებელმა ძალიან მარტივად მიაგნოს იმას, რაც სჭირდება, მათ შორის, კონსულტაციებით და არ მოუხდეს სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობა, რაც, საბოლოო ჯამში, ხარჯებს ზრდის. თუ ერთ სივრცეში სარგებლობ ყველაფრით, როგორც წესი, ნაკლები დანახარჯი გაქვს.
ბიზნესნაკრები არის სერვისების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს, რომ სხვადასხვა პროდუქტის ერთად შეძენის შემთხვევაში, ერთეული პროდუქტის ფასიც იკლებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სესხია, სავალუტო ოპერაციები, გადახდები თუ სხვა რამ.
ვისზეა გათვლილი „ყველაფერი ბიზნესისთვის“ და ვის შეუძლია ახალი საბანკო პროდუქტებით სარგებლობა? რა შეღავათებს სთავაზობთ ბიზნესს კამპანიის ფარგლებში?
ეს პაკეტი გათვლილია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME), მცირე მეწარმეებისა და საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც დოვლათს ქმნიან და ორიენტირებულნი არიან საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე. არ აქვს მნიშვნელობა, განვითარების რა ეტაპზე იმყოფებიან ისინი, სტარტაპები არიან თუ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები.
შეიქმნა თუ არა ახალი პროდუქტები ამ კამპანიის ფარგლებში?
ბიზნესისთვის ახალი პროდუქტის რომ შექმნა, პირველ რიგში, ამის საჭიროება უნდა დაინახო. პროდუქტების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ მიმზიდველი საფინანსო ინსტიტუტი ხარ, ამით მომხმარებელი შესაძლოა უფრო მეტად დააბნიო. ჩვენ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ, უკვე არსებულ სერვისებს და პროდუქტებს მოვუყარეთ თავი. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში იქმნებოდა და მათ ყოველწლიურად ვაუმჯობესებდით. შედეგად, მივიღეთ უფრო დახვეწილი, გამარტივებული პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ბიზნესებს დროსაც დაუზოგავს და ფინანსებსაც.
გარდა ფინანსური პროდუქტებისა, „ყველაფერი ბიზნესისთვის“ არასაბანკო სერვისებსაც გულისხმობს. რას მოიცავს ეს მიმართულება?
არასაბანკო სერვისების მომხმარებლისთვის შესათავაზებლად რამდენიმე პლატფორმა გვაქვს შექმნილი. ერთერთი მათგანია განათლების პლატფორმა, რომლითაც მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, სხვადასხვა მიმართულებით გაიარონ ტრენინგები, კურსები და დაესწრონ სამუშაო შეხვედრებს წამყვან სპეციალისტებთან ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის, მონაცემებისა და სხვა საკითხების შესახებ. ეს მათ ბიზნესის სწორად მართვაში ეხმარება. ამ მხრივ საინტერესო მონაცემებიც გვაქვს უკვე 30,000ზე მეტმა კომპანიის წარმომადგენელმა გაიარა ჩვენთან სხვადასხვა კურსი.
ამასთან, შევქმენით კიდევ ერთი პლატფორმა „ხუთშაბათის შეხვედრები“, რომლის ფარგლებში, თბილისში და სხვადასხვა რეგიონში ჩავდივართ, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვსხდებით, ჩაგვყავს საინტერესო სპიკერები, სპეციალისტები და მათთან ერთად ვმსჯელობთ იმ გამოწვევებსა თუ ტრენდებზე, რომლებიც კონკრეტული დარგის შემთხვევაშია აქტუალური. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიახლეებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს.
მესამე პლატფორმა ბიზნესდაჯილდოებაა, პროექტი, რომლის მოტივი არის ის, რომ ფართო საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული კომპანიები და მათი საქმიანობა, რათა პოპულარიზაცია გავუწიოთ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს სეგმენტი თუ არ განვითარდა, ჩვენც ვერ განვვითარდებით, ხოლო თუ ისინი წარმატებულები იქნებიან, ჩვენც წარმატებულები ვიქნებით. ვეხმარებით მათ სხვადასხვა პროექტებითაც, რომ ქვეყნის გარეთ პროდუქციის გატანა მოახერხონ.
თუ ქვეყანაში სტარტაპერების კულტურა არ გავაღვიძეთ, ჩვენი განვითარების ტემპი არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. წლების წინ, სწორედ ამიტომ შევქმენით სპეციალური პროგრამა „სტარტაპერი“, რომლის მიზანი ახალი ბიზნესებისთვის ფეხზე დადგომაში დახმარება იყო და მათ ბევრი ფინანსური და არაფინანსური ბენეფიტი შევთავაზეთ. გავაკეთეთ სტარტაპიდეის ფინანსირებაც. მთავარია, ჰქონდეთ კარგი იდეა, კარგად გაწერილი ბიზნესპროექტი და ჩვენ მათ ფინანსურ მხარდაჭერას გავუწევთ. სტარტაპერებს 200,000 ლარამდე სესხს ვთავაზობთ დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე.
წლების წინ, როდესაც სოფლის მეურნეობის დაფინანსება სიახლე იყო, ჩვენ განვახორციელეთ უპრეცედენტო პროექტი რეგიონში და დღეს ფერმერებს ხუთწლიან საშეღავათო პერიოდს ვთავაზობთ. ყოველთვის ვიკვლევთ, რა სჭირდებათ სტარტაპებს და ვცდილობთ, დავეხმაროთ იმ კონკრეტული მიმართულებით.
რა უნდა გაითვალისწინონ სტარტაპებმა „თიბისიში“ ფინანსური სერვისებით სარგებლობისას და რომელ კრიტერიუმს უნდა მიაქციონ ყველაზე დიდი ყურადღება?
მთავარი გამოწვევა ისაა, რომ სტარტაპერების ბიზნესგეგმა ხშირ შემთხვევაში არაა გამართული. ერთია ფურცელზე დაწერა და მეორე პრაქტიკაში განხორციელება. ამიტომ, როდესაც სტარტაპიდეის ფინანსირებაზე დავიწყეთ ფიქრი, დავინახეთ, რომ ზოგიერთ პროექტზე უარის თქმა მოგვიწევდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ძალიან საინტერესო ყოფილიყო. არ გვინდა, მომხმარებელს ბიზნესგეგმა ჩვენ შევუქმნათ და ეს პასუხისმგებლობა ჩვენზე იყოს, რადგან ასე სწორი არ იქნება.
სტარტაპიდეის ფინანსირების დროს დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბიზნესგეგმის დეტალებს. ეს გულისხმობს, როგორც საწარმოს შექმნას, ისე გარკვეული პროდუქტისა თუ სერვისის გამოშვებას და რაც ყველაზე მთავარია, რეალიზაციის ბაზარს, თუ რამდენად კარგად არის ის შესწავლილი, მაგალითად, ვინ არიან მათი კონკურენტები. როგორც წესი, სტარტაპერები წარმატებას ვერ აღწევენ მაშინ, როდესაც კარგად არ იცნობენ ბაზარს, მომხმარებლებს, იმას, თუ რას აკეთებენ კონკურენტები მომხმარებელთა მოსაზიდად. თუ ვხედავთ, რომ სტარტაპერს კარგად აქვს გააზრებული, რასთან მოუწევს შეჯახება და შესაბამისი რისკები გონივრულად აქვს დაზღვეული, ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომ პროექტის დაფინანსებისკენ გადავდგათ ნაბიჯი.
რას გვეტყვით ციფრულ არხებზე?
ციფრული არხები, ინტერნეტ და მობილბანკი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმებია და ამ არხებში სერვისების, პროდუქტების დახვეწასა და სწრაფ მიწოდებას სტრატეგიულად ვუყურებთ. ციფრულ არხებში ჩვენს მომხმარებელს ხვდება იმ პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებისთვისაც ფიზიკურად ფილიალში ვიზიტი იყო საჭირო და ეს არის სწორედ ის გზა, რითაც ადამიანს თუ კომპანიას ყველაზე ეფექტურად შეუძლია დაზოგოს დრო.
ამ მიმართულებით მომხმარებელს განახლებული დიზაინი, გამარტივებული სერვისები დახვდება და ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს. გარდა ამისა, გვინდა, გამოცდილება უფრო ინტერაქციული გავხადოთ. საქართველოში პროდუქტების გაციფრულება ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ახალ კომპანიებში და ახალგაზრდა თაობაში, მაგრამ შედარებით დაბალი ინტენსივობაა ტრადიციულ კომპანიებსა და ასაკოვან მოსახლეობაში. ჩვენი მიზანია, ციფრულ არხებში ნავიგაცია იმდენად მარტივი გავხადოთ, რომ ის ყველასთვის ნომერ პირველი არჩევანი იყოს ჩვენთან ურთიერთობისას.
რა ტიპის პროდუქტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხრიდან?
მომხმარებელთა საჭიროებების დასანახად, კვლევებს სისტემატურად ვატარებთ. მცირე თუ მსხვილი ზომის კომპანიას სესხის საჭიროება საშუალოდ თოთხმეტ თვეში ერთხელ აქვს, საბანკო ოპერაციების წარმოების საჭიროება კი ყოველდღიურად, შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ კუთხით მათ კომფორტი შევუქმნათ. აქ მიღებული ცუდი გამოცდილება ნიშნავს, რომ სესხის აღებისას კომპანია სხვა პარტნიორის ძებნას დაიწყებს და არ ექნება სურვილი, შენთან კიდევ ერთი მომსახურებით ისარგებლოს.
ჩვენი დაკვირვებით, ბიზნესებისთვის ყველაზე კრიტიკულია ყოველდღიური საბანკო ოპერაციები, კომფორტი და მათზე მორგებული ტარიფები. ჩვენს პორტფოლიოშიც კლიენტების დაახლოებით 60% სარგებლობს სესხით, დანარჩენები კი სესხით საერთოდ არ სარგებლობენ. კლიენტები მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის გამო არ მოდიან შენთან, მათ სხვა მხრივაც უნდათ შენთან პარტნიორობა.
საქართველოში მცირე ბიზნესის დაწყება მარტივია, მაგრამ ასევე მაღალია მათი წარუმატებლობის მაჩვენებელიც. როგორ ახერხებს ბანკი ამ ტიპის ბიზნესის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას?
ამ მიმართულებით დაზღვეული ვერასდროს იქნები, რადგან საბანკო საქმიანობა სწორედ ასეთ რისკებთანაა დაკავშირებული და ეს თავიდანვე კარგადაა გააზრებული. დანაკარგების მინიმალიზაციისთვის გვაქვს პროექტების შეფასების ძალიან კარგი სისტემა, რომლის მიხედვითაც კომპანიის რეიტინგს, ფიზიკური პირების დაკრედიტებისას კი რისკანგარიშს ვადგენთ, რაც გვეხმარება, გამოვავლინოთ დასაფინანსებელი ბიზნესის სისუსტეები. შემდგომ მათ ამ სისუსტეებზე ვესაუბრებით და ორივე მხარე ვცდილობთ, რისკები დავაზღვიოთ, რადგან დასაფინანსებელი პროექტის წარმატება ორივე მხარისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
როგორ შეაფასებთ ამ ეტაპისთვის არსებულ შედეგებს? როგორია დაინტერესება MSME სექტორის მხრიდან?
ყველაზე კარგი შეფასება მომხმარებლის უკუკავშირია, შესაბამისად, სისტემატურად ვატარებთ სხვადასხვა ტიპის კვლევას ჩვენს მომხმარებლებში. კომპანიაში დავნერგეთ მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენის, შეფასების და მისი მოგვარების ძალიან ეფექტური სისტემა, რაც გვეხმარება, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა აწუხებს და რა უხარია ჩვენს მომხმარებლებს, რა საჭიროებები აქვთ და როგორ უნდათ, რომ ამ საჭიროებებს ვპასუხობდეთ. ჩვენი ყველა ქმედება სწორედ კვლევებს ეფუძნება. ამ კამპანიის საჭიროებაც კვლევებმა გვაჩვენა და შესაბამის შედეგსაც ყოველდღიურად ვხედავთ პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების ინტენსივობის ზრდის კუთხით.
გაგრძელდება თუ არა კამპანია სამომავლოდაც? გეგმავთ თუ არა მის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას?
ეს არ არის დროებითი კამპანია. ბუნებრივია, გაგრძელდება პროდუქტების სრულყოფა და ნაკრებში დამატება, რათა სერვისები მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, მათ შორის, ფინანსური კუთხით. ეს კამპანია მუდმივად განვითარდება და პერიოდულად, მასთან დაკავშირებით მომხმარებლებთან ვისაუბრებთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ყველა საფინანსო ინსტიტუტმა მომხმარებლებს მსგავსი სერვისი შესთავაზოს და მცირე და საშუალო ბიზნესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდეს.
„თიბისი“ ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების კუთხით, შესაბამისად, როგორც წესი, ჩვენი აქტივობები გადამდებია. იმედი გვაქვს, ეს კამპანიაც ასეთი იქნება და ბანკები თავიანთი მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული მომსახურების თუ პროდუქტის შეთავაზებაზე კიდევ უფრო მეტად იზრუნებენ.
S