მაია მალიანოვა ესთეტიკურ მედიცინაში დაახლოებით ათი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც ეს დარგი ქვეყანაში პოპულარობას იკრებდა. სხვადასხვა კლინიკაში მუშაობით დაგროვებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მას ინდივიდუალური მიდგომა ჩამოუყალიბა, რომელსაც პაციენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტების შესათავაზებლად იყენებს. მაია კარიერულ გზაზე, საკუთარ ხედვასა და გეგმებზე გვესაუბრა.
მაია, ესთეტიკურ მედიცინაში ათ წელზე მეტი ხნის წინ მოხვდით, როდესაც საქართველოში აღნიშნული დარგის პოპულარობის ზრდა დაიწყო. რამ შთაგაგონათ კარიერის ამ სფეროსთან დაკავშირება, კერძოდ, ინექციების მიმართულებით სპეციალიზაცია?
ესთეტიკურ მედიცინაში მუშაობის გადაწყვეტილება მომდინარეობდა სურვილით, ადამიანებს მათი ბუნებრივი სილამაზის აღმოჩენასა და თავდაჯერებულობის ზრდაში დავხმარებოდი. ესთეტიკური ტრანსფორმაციის იდეა – როდესაც ცვლილებები არა მხოლოდ ალამაზებს ადამიანს, არამედ ბედნიერებასა და თავდაჯერებულობას ანიჭებს – ადრეული ასაკიდანვე მხიბლავდა.
ინექციის მეთოდები ჩემი სპეციალიზაციის საფუძველი გახდა, რადგან ის თავისებურებების ზუსტი და ინდივიდუალური კორექციის საშუალებას იძლევა. ეს მეთოდები აქცენტს ბუნებრივ მიმზიდველობაზე აკეთებს და თითოეული ადამიანის ინდივიდუალურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ამ სფეროში ისეთ პერიოდში მოხვდით, როდესაც ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით ადგილობრივი საგანმანათლებლო კურსებისა და ტრენინგების შემუშავება ახალი დაწყებული იყო. სად დააგროვეთ ცოდნა?
ამ დარგში განათლება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მივიღე, ვესწრებოდი და ახლაც ვესწრები კონგრესებს, პროფესიულ ტრენინგებსა და სპეციალიზებულ სემინარებს. ამან მომცა საშუალება, მიდგომებისა და ტექნოლოგიების ფართო სპექტრს გავცნობოდი და დავუფლებოდი, ინექციიდან დაწყებული, აპარატურული და არაინვაზიური მეთოდებით დამთავრებული.
სიახლეების მუდმივი გაცნობა და ცოდნის უწყვეტი ზრდა საშუალებას მაძლევს, პაციენტებს ყოველთვის მოწინავე გადაწყვეტები შევთავაზო, ასევე კვალიფიკაციის მაღალი დონე შევინარჩუნო.
როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში ესთეტიკის მედიცინის მიმართულებით სრულფასოვანი განათლების მიღება?
საქართველოში ესთეტიკური მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება და სასწავლო პროგრამებიც მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობაში უფრო მეტად მოდის. თუმცა, ვფიქრობ, სრულფასოვანი ცოდნის მისაღებად საჭიროა მეტი პრაქტიკული სწავლება და საერთაშორისო მეთოდებზე ხელმისაწვდომობა.
რაც უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება ქვეყანაში პროფესიული ცოდნის მისაღებად, მით უფრო მაღალი იქნება ამ სფეროს სპეციალისტების დონე, რაც, თავის მხრივ, სერვისების ხარისხს გაზრდის.
ცოდნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკა, რასაც პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობაზე საუბრისას, თქვენც გაუსვით ხაზი – სად დააგროვეთ ამ კუთხით გამოცდილება?
პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა კლინიკაში მუშაობით დავაგროვე, სადაც არაერთ ტექნიკას დავეუფლე, მათ შორის ინექციურს, აპარატურულსა და არაინვაზიურს.
ამჟამადაც სხვადასხვა დაწესებულებაში ვმუშაობ, სადაც ყოველდღე ვხვდები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე. ეს ყველაფერი ჩემი უნარების გაუმჯობესებაში მეხმარება. დაგროვილი გამოცდილება კი საშუალებას მაძლევს, ნებისმიერ სიტუაციაში კონცენტრაცია და მოქნილობა შევინარჩუნო და ჩემი პაციენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტები ავარჩიო.
ათწლიან პრაქტიკაში ალბათ ბევრი წარმატებული პროცედურა ჩაატარეთ, მაგრამ მოდი ვისაუბროთ გამოწვევებზე, რომელთა გადალახვამაც თქვენი ხედვა და მიდგომა ჩამოაყალიბა.
თითოეული პაციენტი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს და ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მათი უნიკალური მახასიათებლების დანახვა იყო. წლების განმავლობაში მუშაობისას მიღებული გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ საუკეთესო შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რომელი პროცედურებია შესაფერისი კონკრეტული ადამიანისთვის – ინეექცია, აპარატურული თუ არაინვაზიური მეთოდი. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ვიპოვოთ ტექნიკათა იდეალური კომბინაცია და ბუნებრივ, გრძელვადიან შედეგებს მივაღწიოთ.
უკვე ვისაუბრეთ ტექნოლოგიებსა და მეთოდებზე, მოგვიყევით, მათი გამოყენებით რა პროცედურებს ატარებთ? რამდენად ეფექტიანია ეს პროცედურები?
პრაქტიკაში ინექციური, აპარატურული და არაინვაზიური პროცედურების ფართო სპექტრს ვიყენებ. მაგალითად, ვატარებ საინექციო პროცედურას, როგორიცაა კონტურირება. ის სახის თავისებურებების მოდელირებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც პაციენტის ბუნებრივ სილამაზეს უკეთ წარმოაჩენს.
აპარატურული მიმართულებით ლაზერულ და მიკრონიდლინგის პროცედურებს ვატარებ. ის კანის ტექსტურის გაუმჯობესებას, მისთვის ელასტიკურობის მინიჭებასა და დეფექტების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
არაინვაზიური მკურნალობა ღრმა დატენიანებას, წმენდასა და რეგენერაციას უზრუნველყოფს, რაც ჯანსაღი და ბზინვარე კანის შენარჩუნებას უწყობს ხელს. თითოეული ეს ტექნიკა ეფექტიანია და კომბინირებისას მართლაც შთამბეჭდავ შედეგს იძლევა.
როგორ უწყობთ ფეხს ესთეტიკურ მედიცინაში ტექნოლოგიების განვითარებასა და სხვა სახის სიახლეებს?
რეგულარულად ვესწრები საერთაშორისო კონგრესებს, ტრენინგ-კურსებსა და მასტერკლასებს, რაც საშუალებას მაძლევს, ესთეტიკური მედიცინის სიახლეების საქმის კურსში ვიყო. ეს ეხება ყველა მიმართულებას – ინექციის ტექნიკას, აპარატურულ ტექნიკასა და არაინვაზიურ პროცედურებს. ცოდნის მუდმივი განახლება მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩემს პაციენტებს მოწინავე მეთოდები და ეფექტიანი გადაწყვეტები შევთავაზო.
ყველაზე ხშირად რა პროცედურების ჩატარება გიწევთ? რა არის ყველაზე პოპულარული ესთეტიკურ მედიცინაში?
პაციენტები ხშირად ირჩევენ კომბინირებულ პროგრამებს, რომლებიც ინექციურ და არაინვაზიურ მეთოდებს მოიცავს. ინექციები ლაქების კორექციისა და სახის მახასიათებლების მოდელირების საშუალებას იძლევა, ხოლო აპარატურული პროცედურები და არაინვაზიური მეთოდები ხელს უწყობს კანის ესთეტიკის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას. ეს ყოვლისმომცველი მიდგომა განსაკუთრებით მოთხოვნადია, რადგან ის ხანგრძლივ და ბუნებრივ შედეგს უზრუნველყოფს, რასაც პაციენტები ძალიან აფასებენ.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრების რაოდენობა გასული ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თქვენი დაკვირვებით, რამდენად გაიზარდა მომსახურებების ხელმისაწვდომობა ფინანსური კუთხით? ასევე მომსახურებებზე მოთხოვნა.
ესთეტიკური მედიცინა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა ადამიანებისთვის და ამან მოთხოვნის ზრდაზეც იმოქმედა. პარალელურად კი, კონკურენცია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, მათთვის ყველაზე შესაფერისი და დადებითი შედეგის მომტანი პროცედურები შეარჩიონ.
ბოლო პერიოდში ამ სფეროში ხშირად უჩივიან არაპროფესიონალიზმს, რის საფუძველსაც პროცედურების შემდგომი გართულებების სიმრავლე იძლევა. თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა და როგორ გესახებათ მისი მოგვარების გზები?
მთავარი პრობლემა სპეციალისტთა ნაწილის კვალიფიკაციის ნაკლებობაა. ეს ეხება არა მხოლოდ ინექციების მიმართულებას, არამედ აპარატურულ მეთოდებსაც. მნიშვნელოვანია, სპეციალისტებმა გაიარონ სერტიფიცირება და რეგულარულად გაიუმჯობესონ კვალიფიკაცია. ხარისხის კონტროლი და სტანდარტიზაცია პაციენტების უსაფრთხოების ზრდასა და ესთეტიკური მედიცინის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ბოლოს, სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
საკუთარ თავს მომავალშიც მუდმივ განვითარებაში ვხედავ. ვცდილობ, სწავლა და უნარების გაუმჯობესება გავაგრძელო, ამ გზით კი პაციენტებს ყველაზე ინოვაციური და ეფექტიანი გადაწყვეტები შევთავაზო.
ჩემი მიზანია, შევიმუშაო ორიგინალური პროგრამები, რომლებიც ინექციურ, აპარატურულ და არაინვაზიურ ტექნიკას გააერთიანებს. ეს სილამაზისა და ჯანმრთელობის ყოვლისმომცველ მიდგომას ჩამოაყალიბებს.
მსურს, არა მხოლოდ მივყვე ტენდენციებს, არამედ თავადვე ჩამოვაყალიბო ისინი, შევქმნა უნიკალური მიდგომები, რომლებიც თითოეულ პაციენტს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის პოვნაში დაეხმარება.
ასევე ვცდილობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გადავცე. მხარს ვუჭერ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რათა მათ ესთეტიკურ მედიცინას არა მხოლოდ როგორც ტექნიკას, არამედ როგორც ხელოვნებას, ისე შეხედონ.
ბევრი იდეა და პროექტი მაქვს, რომელთა განხორციელებაზეც ვოცნებობ. დარწმუნებული ვარ, როცა დროს მოვა, ისინი ესთეტიკურ მედიცინაში ახალ სიტყვას იტყვიან.