საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, თანამდებობა დატოვა. საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება გოგა მელიქიძეს, როგორც განცხადებიდან ირკვევა, ის კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს.
„საინვესტიციო საბჭო მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს ხუთწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის, მისი უაღრესად მნიშვნელოვანი როლისთვის, როგორც საინვესტიციო შედეგების, ისე მაღალი კომპეტენციის გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში“ – განაცხადა საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივიერ რუსსომ.
შეგახსენებთ, გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს 2020 წლის აპრილში შეუერთდა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისი სააგენტოში მუშაობის პერიოდში საპენსიო აქტივების მოცულობამ 6.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო საინვესტიციო მოგებამ 1.4 მილიარდ ლარს.