ესკალაცია რუსეთ-უკრაინის ომში: როგორ იცვლება დასავლური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში?

ესკალაცია რუსეთ-უკრაინის ომში: როგორ იცვლება დასავლური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში?

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარის წინააღმდეგ საომრად 15 ათასამდე ჯარისკაცი გააგზავნა. საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უფლება მისცა ამერიკის არმიის ტაქტიკური რაკეტებით (ATACMS) რუსეთის კურკსის ოლქი დაებომბა. კრემლი დაიმუქრა, რომ თუ დასავლური იარაღით მოხდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევა, ეს გაუტოდლებოდა „აშშ-ს და მისი სატელიტების“ თავდასხმას რუსეთზე.

რუსეთის დასავლეთისადმი მუქარა, პირველ რიგში, გამოიხატა იმით, რომ 19 ნოემბერს პუტინმა ცვლილება შეიტანა კრემლის ბირთვულ დოქტრინაში. ახალი დოქტრინის მიხედვით, არაბირთვული სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში, უკრაინის) მიერ რუსეთზე ბირთვული სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში, აშშ-ს) მიერ მიწოდებული იარაღით შეტევა გაუტოლდა რუსეთზე თავდასხმას ბირთვული სახელმწიფოს მხრიდან. მუქარის მიუხედავად, რამდენიმე საათში უკრაინამ ამერიკული რაკეტებით რუსეთის ბრიანსკის ოლქი დაბომბა. 

პუტინმა, ცხადია, დასავლეთისადმი მუქარის სისრულეში მოყვანა ვერ გაბედა. თუმცა მან გააკეთა ის, რამაც კონფლიქტს კიდევ უფრო მეტად მასშტაბური განზომილება შესძინა: ახალი საშუალო დიაპაზონის ბალისტიკური რაკეტებით, რომლებსაც პოტენციურად ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია, დაბომბა უკრაინის ქალაქი დნიპრო. გამოყენებული რუსული რაკეტის კოდური სახელწოდებაა „ორეშნიკი“ და უკრაინიული მხარის ცნობით, მისი ჩამოგდება დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული.

დასავლური იარაღით უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვამ და საპასუხოდ, კრემლის მხრიდან საშუალო დიაპაზონის ბალისტიკური რაკეტებით უკრაინაზე თავდასხმამ დასავლეთის ქვეყნებს შორის (გეო)პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი განსხვავებები წინა პლანზე გამოიტანა. დასავლეთის წამყვანი ქვეყნები პირობითად სამ ბანაკად შეგვიძლია დავყოთ, იმის მიხედვით, თუ ვის როგორი სტრატეგია აქვს რუსულ იმპერიალიზმთან გასამკლავებლად. 

პირველ ბანაკში – პირობითად, „ქორებში“, არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ამ წლის დასაწყისში უკვე საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონოდა დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის უფლება. მსგავსი პოზიცია ჰქონდა დიდ ბრიტანეთსაც, რომელიც ადვოკატირებდა აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა კიევს უფლება მისცა, გამოეყენებინა ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინამ რუსეთი ბრიტანეთისგან მიღებული Storm Shadow-ს რაკეტებითაც დაბომბა. 23 ნოემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევს შეუძლია რუსეთის ტერიტორიას საფრანგეთის მიწოდებული იარაღით შეუტიოს. ბაროს თქმით, დასავლეთმა თავის მხარდაჭერას უკრაინისთვის „წითელი ხაზები არ უნდა დაუწესოს.“

საპირისპირო ბანაკში – პირობითად, „მტრედებში“, იმყოფება გერმანია, რომელიც დღემდე არ აწვდის უკრაინას საკუთარი წარმოების, შორ მანძილზე მოქმედ Taurus-ის რაკეტებს. მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ პოზიცია შეიცვალა, გერმანიის კანცლერის სპიკერმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „კანცლერი მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული საზღვრები. მას არ სურს, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უკრაინას გადასცეს. ამ საკითხზე მისი პოზიცია არ შეიცვლება.“

„ქორებსა“ და „მტრედებს“ შორის არის „შუაშისტური“ პოზიცია, რომელსაც აქამდე აშშ გამოხატავდა. ბაიდენის ადმინისტრაცია, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აშკარად „ქორობისკენ“ იხრება. 

გადაჭრით ძნელია იმის თქმა, თუ რითია გამოწვეული გერმანიის „მტრედული“ პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არის გაგრძელება იმ, პირობითად „ლიბერალური“ პოლიტიკისა, რასაც დასავლეთი და პირველ რიგში, გერმანია 1990-იანი წლებიდან დღემდე აწარმოებდა. ეს მიდგომა აქამდე, დიდწილად, წარუმატებელი იყო და ზოგჯერ, პირიქით, მან რუსეთის უფრო მეტად წაქეზება გამოიწვია.

საკუთარი თავისთვის „წითელი ხაზების“ დაწესებით დასავლეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში უფლებას აძლევდა რუსეთს, რომ ყოფილიყო თამაშის წესების განმსაზღვრელი. მაგალითად, როდესაც 2022 წელს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, საერთაშორისო ნორმების სრული დარღვევით, ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწესა „წითელი ხაზი“, რომელსაც აშშ არასდროს გადაკვეთდა: ამერიკის ჯარის პირდაპირი ჩარევა კონფლიქტში. რუსეთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გარეგანი შემაკავებლის გარეშე, ორი წლის განმავლობაში, აოხრებდა უკრაინის ტერიტორიას და უკანონო ომში ხოცავდა უკრაინელებს – როგორც სამხედროებს, ისე სამოქალაქო პირებს, მათ შორის ბავშვებს. 

ის, რომ რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის „ლიბერალურმა“, წესებსა და ნებაყოფლობით დაწესებულ წითელ ხაზებზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ არ გაამართლა, ნაწილობრივ, თავად ბაიდენის ადმინისტრაციამაც აღიარა. ამისი გამოხატულებაა სწორედ ის, რომ ამერიკამ უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა. 

ამას გარდა, სავარაუდოა ისიც, რომ მომავალში, რუსეთთან მიმართებაში დასავლეთი სულ უფრო და უფრო ნაკლებად აწარმოებს ძველებურ „ლიბერალურ“ და „მტრედულ“ პოლიტიკას. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მტკიცე პოზიციების გარდა, ამაზე მიგვანიშნებს კიდევ ორი ფაქტორიც: პირველი, გერმანიის მთავრობის მოსალოდნელი ცვლილება (კანცლერ შოლცის მიერ ნაადრევად დანიშნული არჩევნების გამო) და ამერიკაში ბაიდენის ადმინისტრაციის ტრამპის ადმინისტრაციით ჩანაცვლება.

გერმანიის კანცლერი, დიდი ალბათობით, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი, ფრიდრიხ მერცი გახდება. იგი გერმანული Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას და რუსეთთან მიმართბაში ევროპის ერთიან, აგრესიულ პოლიტიკას ემხრობა. თავის მხრივ, ტრამპი ე.წ. „რეალპოლიტიკის“ ფილოსოფიის მიმდევარია, რომელსაც საკუთარი თავისთვის შემაკავებელი ნორმების დაწესება ნაკლებად აღელვებს. შედეგად, უკრაინის კონფლიქტი რამდენიმე თვეში დღევანდელზე ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი, საშიში და არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის გადამწყვეტი გახდება. 

ძნელი სათქმელია, თუ კონკრეტულად რას გამოიწვევს კონფლიქტის ახალ, კრიტიკულად საშიშ ფაზაში გადასვლა. თუმცა დასავლეთის შეცვლილი სტრატეგია იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დიდი ხანი არ გაგრძელდება. 

თუკი ორივე მხარე ეცდება, რომ წინასწარი საზღვრები არ დაიწესოს, ეს ან ესკალაციის სერიას უფრო მეტად დააჩქარებს და მსოფლიოს ბირთვულ არმაგედონამდე მიიყვანს, ან მოწინააღმდეგეები გარკვეულ წერტილში გაჩერდებიან იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის დამანგრეველი შედეგები აირიდონ თავიდან. ამ დაპირისპირებაში ყველა მხარე მაქსიმუმის მიღებას შეეცდება, თუმცა რეალური შედეგი შესაძლოა ისეთი დადგეს, რომელიც არავისთვის იქნება მისაღები.

მოვლენებს ძალიან რომ არ გავუსწროთ წინ, შეგვიძლია მინიმუმ იმაზე შევთანხმდეთ, რომ დღესდღეობით, დასავლეთის შეცვლილი პოლიტიკის შედეგად, რეგიონისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დრამატული გეოპოლიტიკური ძვრების მომსწრენი ვხდებით. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ ახალი მსოფლიო წესრიგი იბადება. შესაბამისად, უკრაინის ომში მნიშვნელოვანი იქნება როგორც ის, თუ როგორ განვითარდება, სამხედრო თვალსაზრისით, ვითარება ფრონტზე, ასევე ისიც, თუ რა იქნება მთავარი გლობალური მოთამაშეების სტრატეგია. ამას გარდა, ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოსა და მოლდოვისნაირ შედარებით მცირე სახელმწიფოებში მიმდინარე შიდაპოლიტიკური მოვლენები და მათით გამოწვეული საგარეო პოლიტიკური ცვლილებები. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის მომავალზე დამაიმედებელი რამის თქმა, სამწუხაროდ, ძნელია.