2017 წელს ვლადიმირ პუტინი ხმეიმიმის სამხედრო აეროდრომზე 2-წლიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად „ტერორისტების წინააღმდეგ მიღწეული ბრწყინვალე გამარჯვების” გამოსაცხადებლად ჩავიდა.
“თუკი ტერორისტები ისევ წამოყოფენ თავს, ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, რომლებიც აქამდე არ უნახავთ“, – ამბობდა რუსეთის პრეზიდენტი.
ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში განვითარებული მოვლენები ყველაზე ნაკლებად მოგვაგონებდა ვლადიმირ პუტინის ამ სიტყვებს.
სირიის ფერფლიდან აღმდგარი რევოლუცია დასრულებულია, წაქცეულია არაბული გაზაფხულის ბოლო ჯალათი. 8 დეკემბერს დაემხო ასადების 54-წლოვანი სირია, დასრულდა ერთი ოჯახის უსასტიკესი მმართველობა – ოჯახის, რომელსაც პრაქტიკულად პრივატიზებული ჰქონდა ქვეყანა.
ასადის რეჟიმის მოულოდნელი და გამაოგნებელი მარცხი მისი მთავარი მოკავშირეების დასუსტების შედეგია. ლიბანური „ჰეზბოლა“, ვლადიმირ პუტინი და ირანის აიათოლების რეჟიმი ამ დროისთვის ჩართულები არიან დაპირისპირებაში, რომლებიც მათ არსებობასა და ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს და ამ მოცემულობაში მათთვის სირია უკანა პლანზე რჩება.
გასულ წლებში სამივე მოთამაშემ სხვადასხვა ხარისხით სტრატეგიული მარცხი განიცადა, ხოლო სირიელი აჯანყებულების მთავარმა მხარდამჭერმა, თურქეთმა, შექმნილი ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
სირიის არმიის ჩავარდნის მთავარი მიზეზი ისრაელის მიერ რუსული და ირანული შეიარაღებით აღჭურვილი „ჰეზბოლას“ სტრატეგიული დასუსტებაა. „ჰეზბოლა“ ასადის მხარეს მებრძოლი ყველაზე ეფექტიანი სახმელეთო დანაყოფი იყო, რომელმაც სამოქალაქო ომის წლებში აჯანყებულების დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა..
მაგრამ გასული წლის ოქტომბერში დაჯგუფების ლიდერმა, ჰასან ნასრალამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და ისრაელს ე.წ. „ჰამასთან“ სოლიდარობის ფრონტი გაუხსნა. პარალელურად „ჰეზბოლამ“ შეიარაღებისა და დანაყოფების მნიშვნელოვანი ნაწილი ლიბან–ისრაელის საზღვარზე გადაისროლა იმ იმედით, რომ ისინი კარგად გათვლილ კამპანიაში ერთვებოდნენ, თუმცა დაჯგუფებამ განიცადა სხვა არაფერი, თუ არა სამხედრო კატასტროფა.
გასულ თვეებში ისრაელმა პრაქტიკულად სრულად გაანადგურა „ჰეზბოლას“ უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის თავად ნასრალაც. ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შედეგად ისრაელმა „ჰეზბოლა“ სასაზღვრო ზოლიდან უკუაგდო და ცეცხლის შეწყვეტის სეპარატული ხელშეკრულების გაფორმება აიძულა.
2015 წელს ასადის გადასარჩენად სირიის სამოქალაქო ომში ჩართვას რუსეთი უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენდა, რომელმაც რეგიონში ამერიკის დომინაცია დაასრულა. შემდეგ იყო 2022 წლის 24 თებერვალი, რომელიც პუტინის მიერ დაგეგმილი სწრაფი გამარჯვების ნაცვლად, ხანგრძლივ და სისხლიან გამოფიტვის ომში გადაიზარდა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგები ცოცხალ ძალაში ნახევარ მილიონს აჭარბებს, გარდა ამისა, განადგურებულია ჯავშანტექნიკის პარკის ნახევარზე მეტი. კერძო სამხედრო კომპანია, „ვაგნერი“, რომელსაც სირიაში კრიტიკული ფუნქცია ჰქონდა, განადგურებულია, ხოლო დაჯგუფების ლიდერები, ევგენი პრიგოჟინი და დმიტრი უტკინი 2023 წლის აჯანყებიდან 2 თვის შემდეგ ავიაკასტროფაში დაიღუპნენ.
რუსეთის ავიაციას, რომელმაც ასადის რეჟიმის გადარჩენაში პრაქტიკულად გადამწყვეტი როლი შეასრულა, არ განუცდია ისეთი მძიმე დანაკარგები, როგორიც სახმელეთო ძალებს, თუმცა მათი რესურსების უდიდესი ნაწილი ამ დროისთვის უკრაინისკენაა მიმართული.
ასეთ ვითარებაში სირიის რევოლუციას მოულოდნელი ლიდერი გამოუჩნდა – 2003 წლის მარტში აბუ მოჰამად ალ–ჯულანი დამასკოდან ბაღდადისკენ მიმავალ ერთ–ერთ ავტობუსში იჯდა და ერაყში მოახლოებული ამერიკული ინტერვენციის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდა.
ალ–ჯულანი სამშობლოში 2011 წელს ამერიკულ საველე საპატიმროში გატარებული 5 წლის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაქრ ალ–ბაღდადის ემისრის რანგში დაბრუნდა. ალ–ჯულანი სირიაში ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნებით და ისლამური სახელმწიფოს გლობალიზების, მოძრაობის გაფართოების მიზნით ჩავიდა.
გასულ კვირას 42 წლის აბუ მოჰამად ალ–ჯულანი ტრიუმფით შევიდა ალეპოში. სირიის მეორე უმსხვილესი ქალაქის ისტორიულ ციხესიმაგრეში ალ–ჯულანი თურქეთის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებულთა კოალიციის ლიდერის რანგში შევიდა – კოალიციის, რომლის ბირთვსაც მისი დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ აშ–შამი“ წარმოადგენს.
ალ–ჯულანის მოულოდნელი და სწრაფი გამარჯვება ახლო აღმოსავლეთის უახლოესი ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე დრამატული მომენტია, რეგიონი კი დრამის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.
ალ–ჯულანის ირგვლივ შეკრებილ ისლამისტებს, ისლამური სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჯერჯერობით არ მოუწყვიათ სექტარიანული სასაკლაოები, მეტიც, ბოლო დღეების განმავლობაში ალ–ჯულანიმ რამდენიმე ედიქტიც გამოსცა, რომელშიც ქრისტიანული, შიიტური და სხვა რელიგიური სიწმინდეების დაცვის ვალდებულებას იღებდა, ხოლო რელიგიურ უმცირესობებს არწმუნებდა, რომ შურისძიებას ადგილი არ ექნებოდა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავლის სირიაში მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერე იქნება და არა სისუსტე“,– ნათქვამია ერთ–ერთ ასეთ ედიქტში.
ალ–ჯულანის გამაოგნებელი გამარჯვება ერთი კაცის არაჩვეულებრივი პოლიტიკური ტრანსფორმაციის ანარეკლია – კაცის, რომელსაც ამ დრომდე ტერორისტად მიიჩნევს ამერიკის შეერთებული შტატები და რომელიც ბაშარ ასადის გაქცევის შემდეგ სავარაუდოდ სირიის ახალი მმართველი გახდება.
აჰმედ ჰუსეინ ალ–შარაა, ერ–რიადში მცხოვრები და საუდის სახელმწიფო სანავთობო კომპანიაში მომუშავე ინჟინრის ოჯახში დაიბადა. ალ–ჯულანი მისი საბრძოლო ფსევდონიმია, რომელიც მისი ოჯახის წარმომავლობას უკავშირდება. ალ–ჯულანის წინაპრები გოლანის მაღლობებიდან არიან, რომელიც 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ ისრაელს აქვს ოკუპირებული.
ოჯახი მალევე დაბრუნდა სირიაში, ალ–ჯულანის ბავშვობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ ისლამურ სახელმწიფოს ის 2012 წელს, ხოლო ალ–ქაიდას 2016 წელს გამოეყო. და, ამ დროიდან მოყოლებული, ორივე ორგანიზაციის წინააღმდეგ არაერთი სისხლიანი სამხედრო კამპანიაც გადაიხადა.
ამგვარად, ალ–ჯულანიმ თავისი დაჯგუფება გამოაცალკევა ტრანსნაციონალური ჯიჰადისტური მოძრაობისგან, რომელიც თავისი არსით არ ცნობს ეროვნულ საზღვრებს მუსლიმური უმის შიგნით, მათი გაგებით ეს კოლონიალისტების მიერ თავს მოხვეული ხელოვნური კონსტრუქციაა და პირველ რიგში დაინტერესებულია დასავლეთთან ბრძოლით.
გლობალური ჯიჰადის მეომრობის ნაცვლად ალ–ჯულანიმ საკუთარი დაჯგუფება მკაცრად დისციპლინირებულ იერარქიულ ძალად აქცია, რომელიც 2015 წლიდან იდლიბის პროვინციაში კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნს მართავს და რომელიც მხოლოდ სირიაზეა ფოკუსირებული. ეს დაჯგუფება წარმოადგენს ისლამიზმისა და ნაციონალიზმის ნაზავს, რომელიც უფრო ახლოსაა ავღანელ თალიბებთან, ვიდრე პალესტინურ „ჰამასთან“.
ისლამის დროშის ნაცვლად ალ–ჯულანის დაჯგუფება სირიის დროშის, 1963 წლამდე, ანუ ბაასისტურ რევულუციამდე არსებული სირიული რესპუბლიკის დროშის ქვეშ იბრძვის.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რამდენად ნამდვილია ალ–ჯულანის ტრანსფორმაცია და ხომ არ არის მისი მოწოდებები დასავლეთისა და სირიელების გასაცრუებელი ხრიკი. ავღანელი თალიბებიც დებდნენ ინკლუზიური მთავრობის შექმნის პირობას, ამბობდნენ, რომ მეტი პატივისცემით მოეკიდებოდნენ ქალთა უფლებებს, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ავღანეთში ქალებს კვლავ აკრძალული აქვთ განათლების მიღება, მუშაობა, გადაადგილება, ხოლო თალიბანი დაახლოებით იმავენაირად მართავს, როგორც 2001 წლამდე.
ამასთანავე ცნობილია, რომ ალ–ჯულანის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიები უფრო კარგად არის ადმინისტრირებული, ვიდრე ჩრდილოეთ სირიაში სხვა აჯანყებულების ტერიტორიები. ისლამური სახელმწიფოსგან განსხვავებით ალ–ჯულანის დაჯგუფება ნაკლებად ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, მამაკაცებს არ აძელებენ წვერისა და თმის კონკრეტული ვარცხნილობის ტარებას, ხოლო ქალებს თავიდან ფეხებამდე რელიგიური სამოსით სიარულს. იდლიბში ამ დრომდე მუშაობს ქალთა რამდენიმე თავშესაფარი.
ალ–ჯულანის წარმატების მთავარ მიზეზად ექსპერტები ბოლო 4 წლის განმავლობაში საკუთარი საბრძოლო პოტენციალის ზრდას, დისციპლინის დამყარებას, სირიის არმიის ყოფილი ოფიცრების მჭიდრო ინტეგრირებას, სხვადასხვა დაჯგუფებას შორის გაზრდილ კოორდინაციას და ტექნოლოგიურ ინოვაციებს ასახელებენ.
ალ–ჯულანის არმიას ჰყავს კარგად მომზადებული და გაწვრთნილი დრონების დანაყოფი, რომელმაც ბრძოლის ველზე თამაშის წესები ამოაყირავა.
„სამხედრო სამუშაოს გარდა, შთამბეჭდავი იყო „ჰაიათ თაჰრირ აშ–შამის“ მუშაობა ველზეც, მათი კომუნიკაცია სხვადასხვა ტომთან, რელიგიურ უმცირესობებთან და იდლიბს გარეთ მცხოვრებ სოციალურ ჯგუფებთან“- წერს სირიის ექსპერტი ჩარლზ ლისტერი.
ამ დროის განმავლობაში ალ–ჯულანის დაჯგუფებამ დიპლომატიური გამოცდილებაც შეიძინა, რომელიც იერიშის დაწყების შემდეგ სრული ძალით აამუშავა. არაერთ პროვინციაში სუნიტურ დაჯგუფებებთან წინასწარი კომუნიკაციის ფონზე, მათ ბევრი დასახლებული პუნქტი უბრძოლველად დაიკავეს. გასულ დღეებში ალ–ჯულანის დაჯგუფებამ პრევენციული კომუნიკაცია აწარმოა როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და მკაფიო გახადა, რომ მიმდინარე აჯანყება მათ წინააღმდეგ არ არის მიმართული.
გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ ალ–ჯულანი ბევრს საუბრობს ნახევრად ტექნოკრატიულ მთავრობაზე, ამ თვალსაზრისით მას იდლიბში წარმატებული გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იდლიბში გაიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, არსებობს მისამართები და სოციალური სერვისები, მეტიც, კორონავირუსის პანდემიის დროს ალ–ჯულანის კვაზიმთავრობა ბევრად უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე ასადის რეჟიმი.
მთავარი მოულოდნელობა ისაა, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის არნახული ინტერნაციონალიზაციის (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აშშ, ისრაელის ავიაცია და ათასი ჯურისა და სხვადასხვა ქვეყნის პროქსი–დაჯგუფებების) მიუხედავად, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები უშუალოდ სირიელების შემუშავებული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და თავიანთი ხელით ამ გეგმის აღსრულების შედეგია.