საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. ელჩის ინფორმაციით, შეჩერებულია მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.
„გერმანიამ, სინანულით, საქართველოს სახელმწიფოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და პროტესტების ჩახშობაზე რეაგირებენ.
შევაჩერეთ მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება,“ — დაწერა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა X-ზე.
გერმანიის მიერ განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ განცხადება სვენია შულცემ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გაავრცელა. განცხადება 28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას და ამის საპასუხოდ წარმოქმნილ საპროტესტო ტალღას მოჰყვა. შეგახსენებთ, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
„საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტი არ დაიგეგმება და არ განხორციელდება, ასევე არც სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება. ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ შემდგომ ზომები ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით,“ — განაცხადა მაშინ სვენია შულცემ.