ფინანსურ ბაზრებზე რეკორდული წლის შემდეგ, 2025 წელს ინვესტორები კიდევ უფრო დიდი მოლოდინით ხვდებიან. ფინანსური ანალიტიკოსები მომავალი წლის ფინანსურ ბაზრებზე გავლენის მომხდენ 5 ფაქტორზე საუბრობენ.
გლობალური ეკონომიკის აღდგენისა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ზრდის დამსახურებით, 2024 წელს აქტივებმა გლობალურ ბაზრებზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მსხვილი ფონდები კი ამ ინერციის 2025 წელსაც შენარჩუნებას ვარაუდობენ. ზრდის ტემპის შენარჩუნებას მეტწილად ინფლაციის მაჩვენებლისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირება განაპირობებს.
რომელი ფაქტორები იქონიებს გავლენას 2025 წლის ფინანსურ ბაზრებზე?
საგარეო ვალი
ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Brooks McDonalds-ის შეფასებით, ცალკეული სახელმწიფოების მიერ საგარეო ვალის პრობლემებთან ბრძოლაში წარმატება, გლობალური ეკონომიკის ზრდაზე დიდ გავლენას იქონიებს. 2025 წელს სტაბილურობის შესანარჩუნებლად კი აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება გადამწყვეტი იქნება.
მაგალითად, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებით, შესაბამისად 100%, 112% და 123%-ია.
გლობალური ვაჭრობა
გლობალური ვაჭრობის ტენდენციებზე დიდ გავლენას იქონიებს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაც. ჩინეთის, მექსიკისა და ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება აღნიშნულ ქვეყნებს ალტერნატიული სავაჭრო პარტნიორების მოძიებისაკენ უბიძგებს. დიდი ტარიფების დაწესება უარყოფითად აისახება აშშ-ის ინფლაციაზეც, რაც, შესაძლოა, Fed-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გადახედვის და, შედეგად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის წინაპირობაც გახდეს.
მიუხედავად ამისა, ფინანსური ანალიტიკოსები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ და იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპის იდეების იმპლემენტაცია არ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში წარმოჩინდა. ამის მოლოდინს ტრამპის პირველი ვადა აჩენს, როდესაც ტარიფებზე მუქარა საყოველთაო გახლდათ, თუმცა საბოლოო ჯამში მხოლოდ ჩინეთს შეეხო.
დოლარის კურსი
აშშ-ის იმპორტის გადასახადის, ანუ ტარიფების ზრდა ქვეყნის სავაჭრო დეფიციტს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც დოლარის გადინებას ასევე მინიმალურ ნიშნულზე დაიყვანს. საინვესტიციო კომპანია AJ Bell-ის შეფასებით, თუკი აშშ შეძლებს და 1975 წლის შემდეგ პირველად, სავაჭრო დეფიციტს აღმოფხვრის, აშშ-ში დოლარის უკან შედინება მნიშვნელოვნად გაიზრდება. დოლარის სიმცირე კი გლობალურ ლიკვიდობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. განვითარებადი ქვეყნებისთვის ეს სესხის მომსახურების ფასს გააძვირებს.
„შესანიშნავი შვიდეული“
საფონდო ბირჟებზე 2024 წელს „შესანიშნავმა შვიდეულმა“: Alphabet-მა, Amazon-მა, Apple-მა, Meta-მ, Microsoft-მა, Nvidia-მა და Tesla-მ განსაკუთრებით დიდი ზრდა დააფიქსირეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ზრდა 2025 წელსაც მსგავსად გაგრძელდება. ამ მოცემულობით „შესანიშნავი შვიდეულის“ ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია S&P-ის 35%-ს, $18 ტრილიონს შეადგენს. შესაბამისად, 2025 წელს მათი ზრდა ან კლება კაპიტალის ბაზრებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
Mergers & Acquisitions
ფინანსური ბაზრების განვითარებაში თავის წვლილს 2025 წელს დაგეგმილი კომპანიების შერწყმები და შეერთებებიც შეიტანს. მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიმდინარე Mergers & Acquisitions-ებისთვის მწვანე შუქის ანთება კაპიტალის ბაზრებზე დადებითად აისახება. ბუნებრივია, დიდი როლი ექნება დაგეგმილ IPO-ებსაც.