ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო აშშ-ში TikTok-ის პოტენციური აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. თუ ჩინური კომპანია ByteDance-ი 19 იანვრამდე TikTok-ს არ გაყიდის, პოპულარული სოციალური ქსელი აშშ-ში აკრძალვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. თარიღის მოახლოებასთან ერთად, TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შეძენისადმი ინტერესი უკვე გამოხატა რამდენიმე მილიარდერმა, ასევე რამდენიმე კომპანიამ და ინვესტორებმა.
ჩინურ კომპანიას TikTok-ის ამერიკული ბიზნესის გაყიდვის ვადა 19 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციამდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალურ ქსელს აკრძალვისგან მხოლოდ ბაიდენის მიერ თარიღის გადავადება ან კონგრესის წინააღმდეგობა იხსნის. აშშ-ის მთავრობის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, პლატფორმის ამერიკული ოპერაციების გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ხმებს აქტიურად უარყოფდა ByteDance-ი. თუმცა რამდენიმე მსხვილი ინვესტორისა და მილიარდერის დაინტერესების შესახებ ხმები ფართოდ ვრცელდება.
ერთ-ერთი პირველი, რომლისგანაც ჩინურმა კომპანიამ TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შეძენის შესახებ შეთავაზება მიიღო, მილიარდერი ინვესტორი ფრენკ მაქკორტია. Los Angeles Dodgers-ის ყოფილი მფლობელი და Project Liberty-ის დამფუძნებელი ფრენკ მაქკორტი TikTok-ის გადარჩენის ჯგუფს – „სახალხო შეთავაზება TikTok-ისთვის“ ხელმძღვანელობს.
მაქკორტიმ კომპანიას $20-მილიარდიანი შეთავაზება გაუკეთა. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, Snapchat-ის ღირებულება. ინვესტორის შეთავაზება აშშ-ში TikTok-ის მომხმარებელთა ბაზას ეფუძნება რომელიც ბოლო მონაცემებით 170 მილიონამდეა გაზრდილი – ამის გათვალისწინებით, შეთავაზებული თანხა ერთ მომხმარებელზე დაახლოებით $120-ს შეადგენს. ცნობისთვის, მაქკორტის გეგმებში არსებული ალგორითმიდან აპლიკაციის გათიშვა შედის, რაც ეროვნული უსაფრთხოებისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა.
პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა TikTok-ის ერთ-ერთ მყიდველად ილონ მასკს განიხილავდა. ჩინეთის მხრიდან მასკის კანდიდატურის განხილვა მილიარდერსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ახლო ურთიერთობებს უკავშირდებოდა. თუმცა ეს ხმები ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. ამასთან ერთად კი, პლატფორმის ამერიკული ოპერაციების შეძენის სურვილი ცნობილმა „იუტუბერმა“ MrBeast-მა (ჯიმი დონალდსონი) საჯაროდ გამოთქვა. დონალდსონმა გარიგების მისაღწევად ინვესტორებთან თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა.
TikTok-ის შეძენის მსურველთა შორის განიხილება Activision Blizzard-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბობი კოტიკიც. გავრცელებული ინფორმაციით, კოტიკი აპლიკაციის შესაძენად ისეთ მსხვილ ინვესტორებთან თანამშრომლობას განიხილავს, როგორიც OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენია. პოტენციურ შემსყიდველებს შორის ფართოდ განიხილავენ Amazon-ის კანდიდატურასაც, რომელიც TikTok-ზე რეკლამების სიდიდით მესამე განმთავსებელია. Amazon-მა ბოლო წლებში პლატფორმასთან კავშირებიც გააძლიერა – სარეკლამო პარტნიორობისა და პლატფორმისთვის ახალი სავაჭრო ფუნქციების შეთავაზებით.
2024 წლის მარტში TikTok-ის შეძენის ინტერესი გამოთქვა ვიდეოგაზიარების პლატფორმა Rumble-მაც. კომპანიამ ინვესტორებით დაკომპლექტებული კონსორციუმის შექმნისა და შესყიდვის დაფინანსების იდეა წამოაყენა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აპლიკაციის შეძენით დაინტერესებულთა შორის არიან ტექნოლოგიური გიგანტებიც, მათ შორის Microsoft-ი, რომლის გეგმაც აპლიკაციის შეძენასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2020 წელს ჩავარდა. 2020 წელს აპლიკაციის შეძენას Oracle-ი და Walmart-იც ცდილობდნენ, თუმცა მაშინ, უსფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებების გამო, გარიგების პროცესი ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა.
უსაფრთხოების საკითხების მთავარი შეშფოთება ჩინეთის ხელისუფლებასა და TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ის შესაძლო კავშირიდან მოდის. ამერიკელი კანონმდებლების მტკიცებით, სოციალური ქსელი, ჩინეთის მთავრობასთან პოტენციური კავშირის გამო, აშშ-ისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. TikTok-მა ბრალდებები არაერთგზის უარყო და განაცხადა, რომ ის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ ექვემდებარება და მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა აშშ-ის მომხმარებლების მონაცემების დასაცავად.
სხვადასხვა შეფასებით, TikTok-ის ღირებულება $55 მილიარდიდან $132 მილიარდამდე მერყეობს – ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზეც, პლატფორმა საკუთარი ალგორითმით გაიყიდება თუ არა. კომპანია ჩინეთის ბაზრისთვის გაყიდვების შედეგებს არ ასაჯაროებს. თუმცა Financial Times-ის ინფორმაციით, 2023 წელს პლატფორმის შემოსავალმა, მხოლოდ აშშ-ში, $16 მილიარდს მიაღწია, ხოლო ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ByteDance-ის შემოსავალი 2024 წლის პირველ ნახევარში 40%-ით გაიზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამერიკული Forbes-ი აშშ-ში პლატფორმის 2024 წლის შემოსავლებს $22 მილიარდად აფასებს. ამ შემოსავლით და ალგორითმის ჩათვლით, აშშ-ში აპლიკაციის ღირებულება $132 მილიარდამდე აღწევს.
ცნობისთვის, ბაიდენმა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის ან გაყიდვის კანონპროექტს ხელი 2024 წლის 24 აპრილს მოაწერა. ამის საპასუხოდ პლატფორმამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ კომპანიამ „აშშ-ის მონაცემების უსაფრთხოებისა და გარე ძალებისგან დასაცავად, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა“.