Meta და Microsoft-ი დაბალი შედეგების მქონე თანამშრომლებს ათავისუფლებენ

Meta და Microsoft-ი დაბალი შედეგების მქონე თანამშრომლებს ათავისუფლებენ

ინდუსტრიის მიმდინარე რესტრუქტურიზაციის ფონზე, ტექნოლოგიური სექტორის უმსხვილესი კომპანიები, Meta და Microsoft-ი, თანამშრომელთა გათავისუფლების რაუნდებს განაგრძობენ. სამუშაო ძალის სტრატეგიული შემცირების ფარგლებში, კომპანიები დაბალი შედეგების მქონე კადრების დათხოვნას გეგმავენ.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Meta სამუშაო ძალის 5%-ით შემცირებას განიხილავს, რაც კომპანიის დაახლოებით 3,600 თანამშრომელია. გამოცემის ცნობით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის მიერ თანამშრომელთათვის დაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ კომპანია „დაბალი შედეგების მქონე თანამშრომლებისგან სწრაფად თავისუფლდება“. მათ სანაცვლოდ, ტექნოლოგიური გიგანტი ახალ ტალანტებს მოიძიებს.

„Meta მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. ხელოვნური ინტელექტი, AR-სათვალეები, სოციალური მედიის მომავალი. ეს იქნება ინტენსიური წელი და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ გუნდში საუკეთესო კადრები გვყავს“, – ნათქვამია ცუკერბერგის მიერ თანამშრომლებისთვის დაგზავნილ წერილში.

Meta-ს გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად ინფორმაციას აშშ-ში დასაქმებული პირები 10 თებერვალს მიიღებენ. შემდეგ კი მათი სამსახურებრივი სტატუსის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლებსაც ეცნობებათ. CNBC-ის ინფორმაციით, Meta-სთან ერთად, კადრების გათავისუფლებას განიხილავს Microsoft-იც. Microsoft-ი, სავარაუდოდ, სამუშაო ძალის 1%-ს შეამცირებს.

გასულ წლებში Meta-ს მხრიდანთანამშრომელთა გათავისუფლების არაერთი რაუნდი ვიხილეთ. ყველაზე ფართო რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, 2022 წელს, კომპანიამ 11,000 დასაქმებული დაითხოვა. მომდევნო წელს კი, რომელსაც Meta-მ „ეფექტიანობის წელი“ უწოდა, კომპანიიდან დამატებით 10,000 თანამშრომელი გაათავისუფლეს.