აშშ-ში TikTok-ი დაიბლოკა - სავარაუდოდ, ტრამპი აპლიკაციას აღადგენს

აშშ-ში TikTok-ი დაიბლოკა - სავარაუდოდ, ტრამპი აპლიკაციას აღადგენს

მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალვის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ამერიკელი მომხმარებლებისთვის TikTok-ის აპლიკაცია დაიბლოკა. მათ აპლიკაციაში შესვლისას შემდეგი შეტყობინება დახვდათ: „ბოდიში, TikTok-ი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი“ „TikTok-ის აკრძალვის კანონის“ გამო.

შეგახსენებთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მფლობელ ჩინურ ByteDance-ს აშშ-ში ბიზნესის გაყიდვის ვადა 19 იანვრამდე, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ჰქონდა მიცემული.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ ის ორშაბათს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, „სავარაუდოდ“ აპლიკაციის აკრძალვის თარიღს გადაავადებს და ByteDance-ს ქვეყანაში TikTok-ის ადგილობრივი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას ისევ მისცემს. ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ვადა, სავარაუდოდ, 90 დღით გახანგრძლივდება.

TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შეძენისადმი ინტერესი, აპლიკაციის დაბლოკვამდე, რამდენიმე მილიარდერმა, კომპანიამა და ინვესტორმა  გამოხატა. ერთ-ერთი პირველი, რომლისგანაც ჩინურმა კომპანიამ შეთავაზება მიიღო, მილიარდერი ინვესტორი ფრენკ მაქკორტია. Los Angeles Dodgers-ის ყოფილი მფლობელი და Project Liberty-ის დამფუძნებელი TikTok-ის გადარჩენის ჯგუფს – „სახალხო შეთავაზება TikTok-ისთვის“ ხელმძღვანელობს. როგორც ცნობილია, მაქკორტიმ ByteDance-ს $20-მილიარდიანი შეთავაზება გაუკეთა.

Bloomberg-მა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა TikTok-ის ერთ-ერთ მყიდველად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს განიხილავდა. პარალელურად, პლატფორმის ამერიკული ოპერაციების შეძენის სურვილი ცნობილმა იუტუბერმა MrBeast-მა (ჯიმი დონალდსონი) საჯაროდ გამოთქვა.

აშშ-ში TikTok-ის შეძენით Activision Blizzard-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ბობი კოტიკიც არის დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარიგებაში მსხვილ ინვესტორებთან თანამშრომლობას განიხილავს, მათ შორის OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორ სემ ოლტმენთან.

პოტენციურ მყიდველებს შორის განიხილება Amazon-იც, რომელიც TikTok-ზე რეკლამების სიდიდით მესამე განმთავსებელია. გასული წლის მარტში TikTok-ის შეძენის სურვილი გამოთქვა ვიდეოგაზიარების პლატფორმა Rumble-მაც.

აპლიკაციის შეძენით დაინტერესებულთა შორის მოიაზრებენ Microsoft-ს, რომლის გარიგებაც ჯერ კიდევ 2020 წელს ჩავარდა. 2020 წელს აპლიკაციის შეძენას Oracle-ი და Walmart-იც ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგების პროცესი ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა.

სხვადასხვა შეფასებით, TikTok-ის ღირებულება $55 მილიარდიდან $132 მილიარდამდე მერყეობს, რაც დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, პლატფორმა საკუთარი ალგორითმით გაიყიდება თუ არა.

ჯო ბაიდენმა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის ან გაყიდვის კანონპროექტს ხელი 2024 წლის 24 აპრილს მოაწერა. ამერიკელი კანონმდებლების მტკიცებით, სოციალური ქსელი, ჩინეთის მთავრობასთან პოტენციური კავშირის გამო, აშშ-ისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. საპასუხოდ პლატფორმამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ კომპანიამ „აშშ-ის მონაცემების უსაფრთხოებისა და გარე ძალებისგან დასაცავად, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა“.