რის გაკეთებას გეგმავს ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღეს?

რის გაკეთებას გეგმავს ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღეს?

დღეს, 20 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. 2016-2020 წლების შემდეგ დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ადმინისტრაციას უკვე მეორე ვადით გადაიბარებს. რესპუბლიკელმა ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.

არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღიდან რამდენიმე ძირითად ბრძანებას გასცემს. მილიარდერი ლიდერის დაპირებით, მისი პრეზიდენტობის „პირველი დღე“ მოიცავს იმიგრაციის, ეკონომიკის, კლიმატის ცვლილების საკითხებს, ასევე აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის საკითხს, რომელიც გუშინ სულ რაღაც რამდენიმე საათით გაითიშა. გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციიდან მოკლე ვადაში ტრამპი 100-ზე მეტი აღმასრულებელი ბრძანების გამოცემას გეგმავს. მათ შორის, Associated Press-ის ინფორმაციით, დაახლოებით 25-მდე ბრძანებას ტრამპი პირველივე დღეს გამოსცემს.

TikTok: ტრამპის განცხადებით, TikTok-ის აკრძალვის გადავადებასთან დაკავშირებით, აღმასრულებელ ბრძანებას ის ხელს ინაუგურაციის პირველივე დღეს მოაწერს. პლატფორმის აკრძალვის განკარგულება ძალაში კვირას, 19 იანვარს, „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით“ შევიდა. TikTok-ის ამჟამინდელი მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ია, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კავშირსა და ჩინეთის ხელისუფლებისთვის აშშ-ის მომხმარებელთა ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს.

იმიგრაცია: აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დაპირებით, საბუთების არმქონე ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია მისი თანამდებობაზე დაბრუნების პირველივე დღიდან დაიწყება. ტრამპის გეგმაში „შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის პროგრამის“ შემუშავებაც შედის, სხვა თანმხლებ ნაბიჯებთან ერთად, როგორებიცაა: საზღვრების ჩაკეტვა და გარკვეული მუსლიმური სახელმწიფოებიდან მოგზაურობაზე აკრძალვის აღდგენა.

დაბადებისთანავე მინიჭებული მოქალაქეობის უფლება: ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ შეაჩერებს დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების უფლებას – რაც ნიშნავს, რომ აშშ-ში დაბადებული ნებისმიერი ადამიანი ავტომატურად იძენს მოქალაქეობას. NBC News-თან ინტერვიუში არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარების დიდი სურვილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოქალაქეობის ამ სახით მიღების უფლება კონსტიტუციითაა გაწერილი და მისი შეჩერების პროცესებსაც ართულებს.

ტარიფები: წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდიდან, ტრამპი სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე მაღალი ტარიფების დაწესების მოთხოვნით გამოდის. მიუხედავად ეკონომისტების გაფრთხილებისა, რომ ეს ქმედება ამერიკელ მომხმარებელსაც დააზარალებს, ტრამპი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ტარიფების ზრდა მათ არ შეეხებათ. ჯერ კიდევ ნოემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანება, რომელსაც გამოსცემს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე, 25%-იანი ტარიფების დაწესება იქნება. ასევე დამატებით 10%-იანი ტარიფი დაწესდება ჩინურ იმპორტზე.

კლიმატის ცვლილება: Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპი პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გამოყვანას კვლავ გეგმავს. გამოცემის ცნობით, ბრძანების პროექტი უკვე მზადაა და მის ხელმოწერას ელოდება.

ელექტრომანქანები: ტრამპს, როგორც თავად უწოდებს, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული, „ელექტრომობილების მანდატის“ გაუქმებაც სურს, რაც დაბინძურებაზე უფრო მკაცრ სტანდარტებს გულისხმობს და აიძულებს ავტომწარმოებლებს, გაზარდონ ელექტრომობილებისა და დაბალი ემისიების მქონე ავტომობილების წარმოება.

ენერგეტიკა: მეორე ვადით პრეზიდენტობისას, ტრამპის ერთ-ერთი პრიორიტეტი ნავთობის მოპოვების ზრდა იქნება. მისივე თქმით, პირველივე დღიდან გააუქმებს ბაიდენის რეგულაციებს, რომლებიც ქვეყანაში ნავთობმოპოვებას ზღუდავს. გარდა ამისა, ტრამპი განახლებადი ენერგიის მიმართულებით ძალისხმევის შემცირებას და ქარის ოფშორული პროექტების შეჩერებასაც განიხილავს.

განათლება: აგვისტოში მიმართვისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სასწავლებლისთვის, რომელიც „კრიტიკულ რასის თეორიას, ტრანსგენდერულ სიგიჟეს და სხვა შეუსაბამო რასობრივ, სექსუალურ ან პოლიტიკურ საკითხებს“ შეასწავლის, ფედერალური დაფინანსების შეჩერებას განიხილავს. თუმცა ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კონგრესის თანხმობის გარეშე ვერ მიიღწევა.

6 იანვრის შეწყალება: როგორც ტრამპმა TIME-თან განაცხადა, თანამდებობაზე დაბრუნებიდან „პირველ ცხრა წუთში“ ამბოხების საქმეების განხილვას დაიწყებს. ეს უკანასკნელი, 2021 წლის იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. არჩეული პრეზიდენტის თქმით, ის გეგმავს შეიწყალოს ის პირები, რომლებიც, მისი აზრით, „არაძალადობრივი დამნაშავეები“ არიან.

ფედერალური სამუშაო ძალა: ტრამპის განცხადებით, ხელახლა გამოიცემა მისი პირველი ვადის დროს დაწესებული აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც Schedule F-ის სახელითაა ცნობილი. Schedule F-ი თანამდებობიდან საჯარო მოხელეთა გათავისუფლების პროცესს აადვილებს.

ტექნოლოგია: 2023 წლის წინასაარჩევნო გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებასაც განიხილავს. Politico-ს ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტი ამ საკითხზეც აღმასრულებელი ბრძანების გაცემას გეგმავს. ამავდროულად, ტრამპის ბრძანებით, ფედერალურ სააგენტოებს აეკრძალებათ თანამშრომლობა კომპანიებთან, რომლებიც ზღუდავენ და ცენზურას აწესებენ სიტყვისა და აზრის გამოთქმის უფლებაზე. ტრამპს დეზინფორმაციასთან საბრძოლველად დაფინანსების შეზღუდვაც სურს.

თევზაობის უფლებები: The Washington Post-ის ცნობით, ტრამპს კომერციული თევზაობის რეგულაციების შემსუბუქებაც სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი მეთევზეებსაც შეხვდა, რომლებიც გარემოსდაცვითი საკითხების გამო, სხვადასხვა ადგილებში თევზაობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობის გამო არიან შეშფოთებულნი.

ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანება: ტრამპმა TIME-თან ინტერვიუში პირობა დადო, რომ გააუქმებს ბაიდენის ადმინისტრაციაში ყოფნისას მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას: „მე შემიძლია გავაუქმო თითქმის ყველაფერი, რაც ბაიდენმა გააკეთა… აღმასრულებელი ბრძანებით. და მათი დიდი ნაწილი, პირველივე დღეს გაუქმდება“.