რომელი მილიარდერები დაესწრნენ ტრამპის ინაუგურაციას?

რომელი მილიარდერები დაესწრნენ ტრამპის ინაუგურაციას?

გუშინ, 20 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიოს უმსხვილესი მილიარდერები დაესწრნენ, რომელთა შორისაც მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანიც იყო. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ტრამპის ინაუგურაციაზე მყოფ მილიარდერთა კოლექტიური ქონება $1.2 ტრილიონს აღწევს.

ვაშინგტონში გუშინ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ($433.9 მილიარდი), Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ($239.4 მილიარდი) და Meta-ს მარკ ცუკერბერგი ($211.8 მილიარდი) იმყოფებოდნენ. ილონ მასკი, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის უმსხვილესი შემწირველია, ტრამპმა ჯერ კიდევ ნოემბერში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარადგინა.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებთან ერთად, ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდნენ OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი ($1.1 მილიარდი) და Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი ($2.2 მილიარდი), ასევე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მილიარდერი მხარდამჭერები: Las Vegas Sands-ის აღმასრულებელი დირექტორის ქვრივი მირიამ ადელსონი ($31.9 მილიარდი) და Fox News-ის ყოფილი თავმჯდომარე რუპერტ მერდოკი.

უმდიდრესი არაამერიკელი, რომელიც ტრამპის 20 იანვრის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა, ფრანგი მილიარდერი, LVMH Moët Hennessy Louis Vuitton-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნოა. არნო, რომელიც, $179.6-მილიარდიანი შეფასებით, მსოფლიოს რიგით მე-5 უმდიდრესი ადამიანია, ღონისძიებას შვილთან ერთად ესწრებოდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციას ესწრებოდა ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი, Reliance Industries-ის თავმჯდომარე მუკეშ ამბანი ($98.1 მილიარდი).

The New York Times-ის ცნობით, კაპიტოლიუმში შენიშნეს Las Vegas Casino-ს აღმასრულებელი და ტრამპის მეგობარი ფილ რუფინი ($4.7 მილიარდი). ღონისძიებაზე მიწვეული იყო Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან არმსტრონგიც ($12.8 მილიარდი), თუმცა, Bloomberg-ის თანახმად, ის ფიცის დადებას არ დასწრებია.

რამდენიმე მილიარდერს, მათ შორის Cantor Fitzgerald-ის CEO-ს ჰოვარდ ლუტნიკსა ($1.5 მილიარდი) და ამერიკელ მეწარმესა და პოლიტიკოსს, ვივეკ რამასვამის ($1 მილიარდი) ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობებიც შესთავაზეს. მათ გარდა, შეთავაზებები მიიღეს Cerberus Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ფაინბერგმა ($5 მილიარდი), Stephens-ის CEO-მ უორენ სტეფენსიმ ($3.4 მილიარდი) და Allentown-ის დამფუძნებელმა ჯარედ აიზეკმანმა ($1.9 მილიარდი), თუმცა მათი დასწრება ინაუგურაციაზე არ დადასტურებულა.

კაპიტოლიუმში გამართულ ინაუგურაციაზე დამსწრეთა შორის იყო TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი შოუ ჭი ჩოუ, რომლის პლატფორმაც, ერთი დღით ადრე, აშშ-ში აკრძალვის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა TikTok-ის აკრძალვის დროებით გაუქმების ბრძანებასაც, რითაც ჩინურ კომპანიას ბიზნესის გასხვისების ვადა გაუხანგრძლივდა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, იგი, Forbes-ის შეფასებით, $6.7 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს. თეთრი სახლის ახალი ლიდერის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი Truth Social-ის მფლობელ კომპანიაში მის წილსა და უძრავი ქონების ინვესტიციებზე მოდის.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელ ღონისძიებაზე ინაუგურაციის ფონდმა $170 მილიონზე მეტი შეაგროვა – თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხი წლის წინ. ამ თანხით, ტრამპმა წინა რეკორდიც მოხსნა ($107 მილიონი), რომელიც ასევე მისი, 2016 წლის ინაუგურაციისას დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელმა თეთრი სახლი 2016-2020 წლების შემდგომ, უკვე მეორედ დაიკავა.