აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფები ძალაში შევიდა. თებერვლიდან კანადას, მექსიკასა და ჩინეთს აშშ-ში საკუთარი პროდუქციის შეტანისას დამატებით 10-25%-იანი ტარიფების გადახდა მოუწევს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადისა და მექსიკის შემთხვევაში ტარიფების დაწესების მთავარი მიზანი აშშ-ში ფენტალინისა და არალეგალური მიგრანტების შედინების შემცირებაა. მისი განმარტებით, მიღებული ზომები ძალაში მანამდე დარჩება, სანამ აღნიშნული საკითხები არ მოგვარდება. აშშ-ის ერთ-ერთმა მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა, კანადამ და მექსიკამ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და საპასუხო ზომების მიღებაზე მიანიშნეს. ჩინეთმა კი განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრებს და კონტრზომებს მიიღებს.
დონალდ ტრამპმა სამი დამოუკიდებელი აღმასრულებელი ბრძანებით კანადიდან და მექსიკიდან შემოსულ უმეტეს პროდუქციაზე 25-25%-იანი ტარიფი, ჩინურ პროდუქციაზე კი 10%-იანი ტარიფი დააწესა. ნავთობგადამმუშავებელი კომპანიების პროტესტის შედეგად, ტრამპის ადმინისტრაციამ კანადიდან შემოსულ ენერგოპროდუქტებს მხოლოდ 10%-იანი ტარიფი დაუწესა, მექსიკის შემთხვევაში კი იმავე პროდუქტზე ტარიფი 25%-ზე შენარჩუნდა.
კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, საპასუხო ქმედების სახით, აშშ-დან შემოსულ $155 მილიარდის ღირებულების პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოზე, ლუდზე, ხე-ტყის მასალასა და ტექნიკაზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება. კანადა ტარიფს თავდაპირველად $30 მილიარდის ღირებულების პროდუქციას, 21 დღის შემდეგ კი $125 მილიარდის ღირებულების პროდუქციას დაუწესებს. ჯასტინ ტრიუდომ განცხადებით მიმართა ამერიკის მოსახლეობას და სურსათისა და საწვავის ფასების ზრდის შესახებ გააფრთხილა. გარდა ამისა, აშშ-ში ნიკელის, ურანის, ფოლადისა და ალუმინის ექსპორტის შეზღუდვაზეც გააკეთა მინიშნება. საკუთარ მოსახლეობას კი აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკული პროდუქციის ყიდვისაგან თავის შეკავება სთხოვა.
განცხადება გაავრცელა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმაც. მისი განმარტებით, მექსიკის ეკონომიკის მინისტრს უკვე მიეცა ბრძანება საპასუხო ზომების მომზადების თაობაზე, თუმცა დეტალების შესახებ განმარტება მას არ გაუკეთებია. მექსიკისა და კანადის განცხადებით, ქვეყნები საპასუხო ზომებზე ერთობლივად იმუშავებენ.
კონკრეტული კონტრზომების მიღების შესახებ განმარტება არ გაუკეთებია ჩინეთის ვაჭრობის მინისტრს. თუმცა ის აშშ-სთან თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს. ჩინეთის მთავრობის საპასუხო ზომების შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
საინტერესოა, რომ აშშ-ის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს აშშ-ში $100 მილიარდის ღირებულების კანადური ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რაც აშშ-ის მთლიანი იმპორტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.