ამერიკულმა ტექგიგანტმა, Apple-მა 2024 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, კომპანიამ საანგარიშო პერიოდში რეკორდული შემოსავლები მიიღო. კერძოდ, Apple-ის შემოსავლებმა $124.3 მილიარდს მიაღწია, რითაც 2021 წლის მეოთხე კვარტლის რეკორდული მონაცემიც გააუმჯობესა. თუმცა, ამ შედეგის მიღების მიუხედავად, კომპანიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტის, iPhone-ის გაყიდვები ანალიტიკოსთა მოლოდინებს ვერ ამართლებს და იკლებს.
კვარტალური შემოსავლებისგან განსხვავებით, iPhone-ის გაყიდვებმა ანალიტიკოსთა ნავარაუდევი $70.7 მილიარდის ნაცვლად $69.1 მილიარდი შეადგინა. ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი ჩინეთია – Apple-ისთვის ყველაზე დიდი ბაზარი, სადაც წინა წლებთან შედარებით, სმარტფონების გაყიდვებით კომპანიამ 11%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო. ცნობისთვის, სექტემბერში დასრულებული ფისკალური 2024 წლის მონაცემით, ჩინეთი Apple-ის შემოსავლების 17%-ს შეადგენდა.
ამის საპირისპიროდ კი, გაიზარდა Apple-ის სხვა ძირითადი პროდუქტების – iPad-ისა და Mac-ის შემოსავლები, თუმცა ეს მონაცემი შემცირდა Watch-ისა და Airpods-ის შემთხვევაში. შედეგად, პროდუქტების გაყიდვებიდან კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 1.6%-ით მატების შემდეგ, $97.96 მილიარდს მიაღწია.
საერთო ჯამში, კომპანიის საერთო გაყიდვები 4%-ით, ხოლო წმინდა მოგება 10%-ით გაიზარდა. ზრდა Apple-ის მაღალი მარჟის მქონე პროდუქციასთანაა კავშირში, რომელთა შემოსავლებმაც ბოლო პერიოდში რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. ეს, გარკვეულწილად, კომპანიისთვის აბალანსებს იმ ფაქტს, რომ გასულ კვარტალში, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, iPhone-ების გაყიდვები 0.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით – 3.5%-ით.
სმარტფონების გაყიდვები მცირდება, თუმცა იზრდება ამერიკული კომპანიის ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შემოსავლები. მათ შორის, App Store-დან, AppleCare-დან და Apple Music-დან მიღებული შემოსავალი 2024 წლის მეოთხე კვარტალში 14%-ით, რეკორდულ $26.3 მილიარდამდე გაიზარდა.
ამერიკული კომპანია მილიარდობით დოლარს Google-ისგან, თავის მოწყობილობებში ფირმის საძიებო სისტემის გამოყენებისთვისაც იღებს. იუსტიციის დეპარტამენტმა, ამ საკითხთან მიმართებით, Google-ი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა საქმეში Apple-იც ჩაერთო, რომელსაც ყოველწლიურად Google-დან მიღებული $20 მილიარდის შენარჩუნება სურს.
Apple-ის მიერ დაფიქსირებულ შერეულ შედეგებს, ანალიტიკოსთა შეფასებებიც მალევე მოჰყვა. JPMorgan-ის ანალიტიკოსთა გუნდმა კომპანიის სამი ძირითადი გამოწვევა დაასახელა. პირველი, რა თქმა უნდა, ჩინეთში iPhone-ის ბაზრის წილის შემცირებაა. მეორე მიზეზად კომპანიის AI-ფუნქციები დასახელდა, რომლებიც კომპანიის პროდუქტებში იმავე ტემპით არ ინერგება, დაბოლოს, ვალუტის რყევები, რაც აშშ-ის გარეთ Apple-ის პროდუქციაზე ფასებს აძვირებს.
კომპანიის შემოსავლებზე ისაუბრა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმაც. კუკი იმედებს კომპანიის მიერ შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებზე ამყარებს, როგორიცაა Apple Intelligence-ი და მას Apple-ის ახალი მოწყობილობების გაყიდვების ზრდის მთავარ ფაქტორად განიხილავს.
iPhone-ების გაყიდვების შემცირებასა და შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით კრიტიკული კომენტარი Meta-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმაც გააკეთა. ცუკერბერგი იზიარებს შეხედულებას იმის შესახებ, რომ Apple-ს ბოლო პერიოდში ინოვაციური არაფერი შეუქმნია და ფულს, მომხმარებლისთვის იმავე პროდუქტების შეთავაზებით გამოიმუშავებს:
„ერთი მხრივ ეს [iPhone] საოცარი რამ გახლდათ, რადგან ახლა, მსოფლიოში თითქმის ყველას მობილური ტელეფონი აქვს და ის საოცარი რაღაცების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. თუმცა მეორე მხრივ, მათ ეს პლატფორმა მრავალი წესის დასანერგადაც გამოიყენეს, რომლებიც ჩემი აზრით, თვითნებურია და მიმაჩნია, რომ მათ ახალი დიდი ხანია აღარაფერი გამოუგონებიათ. სტივ ჯობსმა 20 წლის წინ შექმნა iPhone-ი და ისინი დღესაც “მასზე სხედან”.
მაშინ, როგორ აკეთებს კომპანია ამდენ ფულს? ძირითადად, ისინი ამას ხალხის “გაწეწვით” ახერხებენ, როგორც თქვენ ამბობთ, დეველოპერებზე 30%-იანი გადასახადის დაწესებით, რათა თქვენ იყიდოთ მეტი პერიფერიული მოწყობილობა და მასთან დაკავშირებული სერვისები.
ისინი ქმნიან ისეთ მოწყობილობებს, როგორიც მაგალითად Air Pods-ია, რაც ძალიან მაგარია, თუმცა საფუძვლიანად ზღუდავენ სხვების შესაძლებლობას, შექმნან ისეთი რამ, რაც iPhone-ებს იმავე გზით დაუკავშირდება“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა The Joe Rogan Experience-ის ეპიზოდში სტუმრობისას.
საინტერესოა ისიც, რომ Counterpoint Research-ის შეფასებით, 2023 წელთან შედარებით, Apple-ის წილი 1%-ითაა შემცირებული გლობალური სმარტფონების ბაზარზე და 18%-ს შეადგენს. შედეგად, ამერიკული კომპანია მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია, Samsung-ის (19%) შემდეგ. Counterpoint Research-ის ანალიტიკოსთა შეფასებით, IPhone-ების გაყიდვების ვარდნის მიუხედავად, კომპანიის შემოსავლებს მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას Apple-ის ულტრა მაღალი დონის მოდელებზე მოთხოვნა უწყობს ხელს. ამის მიუხედავადაც, კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, iPhone-ის გაყიდვები მსოფლიოში გასულ წელს 2%-ით შემცირდა, მაშინ, როდესაც სმარტფონების მთლიანი გაყიდვების ზრდამ 4% შეადგინა.