როგორ იზღუდება პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლება კანონში ახალი ცვლილებებით?

როგორ იზღუდება პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლება კანონში ახალი ცვლილებებით?

3 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ორგანოში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ახალი პაკეტი წარადგინა. აღნიშნულ ნაბიჯს წინ უსწრებდა 2 თებერვლის აქციაზე სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ გზის ნაწილობრივ გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეთა დაკავებები.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ პროევროპული აქციების პარალელურად კანონში უკვე შეტანილი ცვლილებები დემონსტრაციების მუხტის დასაგდებად და მის მონაწილეთა დასაშინებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ, პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შესაზღუდად ახალი ცვლილებები შეიმუშავა. ერთპარტიულმა პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით, 5-6 თებერვალს დაუჭირა. 

გთავაზობთ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილ ძირითად ცვლილებებს:

სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების შესახებ წინასწარ გაფრთხილება აუცილებელი ხდება

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება როგორც – „შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.“ აღსანიშნავია, რომ აქამდე კანონში ამ ცნების განსაზღვრება არ არსებობდა. 

ამასთან ერთად, განისაზღვრება „ორგანიზატორის“ ცნებაც, რომელიც ცვლილების თანახმად, „არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას“.

როგორც კანონში შეტანილ ცვლილებებშია აღნიშნული, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა პასუხისმგებელი პირის მიერ სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილების შეტანა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით. გაფრთხილებაში კი აღნიშნული უნდა იყოს:

  • შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;
  • პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო;
  • გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ აქციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

ამ შემთხვევაში გაფრთხილებისას არ იმოქმედებს დაგეგმილი აქციისთვის დაწესებული ხუთდღიანი ვადა. თუმცა წინასწარ ინფორმირება, „გონივრულ ვადაში“ აუცილებელი იქნება. აღნიშნული ცვლილებით, მთავრობა პროტესტისთვის მომზადებასა და საპოლიციო ძალების წინასწარ მობილიზებას შეძლებს, რაც პროცესების მართვას გაუმარტივებს. 

გარდა ამისა, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ამავდროულად, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, „რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.“ 

ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო, აღნიშნულია, რომ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, მოძრაობა აღადგინოს, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, მისი ჩატარება სხვაგვარად არის შესაძლებელი. აქვე, ნათქვამია, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, სამინისტრო ვალდებულია, მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა უზრუნველყოს.

თუკი შეკრება ან მანიფესტაცია, „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონის ფარგლებში არ ჩატარდება, „სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს“, – ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში. თუმცა ბოლო პერიოდის აქციებიდან მიღებული გამოცდილება, ამის გარანტიასთან დაკავშირებით ეჭვებს ბადებს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველების მიერ პროტესტის დასაშლელად ძალის გადამეტებაზე განცხადება დასავლური ქვეყნების წარმომადგენელმა არაერთმა ოფიციალურმა პირმა და ორგანიზაციამ გააკეთა. 

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ოთხჯერ, 15-დან 60 დღემდე იზრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს შორის ყველაზე საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა ოთხჯერ იზრდება – 15 დღიდან 60 დღემდე. აღსანიშნავია, რომ 15 დღემდე ვადა თავად „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს მიღებული ცვლილებით შეამცირა. მანამდე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადად 90 დღე იყო განსაზღვრული.

აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, კანონში შესწორებით გაიზრდება უკვე დაწესებული ჯარიმების მოცულობა და პატიმრობის ვადა წვრილმანი ხულიგნობისა და ვანდალიზმის შემთხვევაში, კერძოდ:

  • „წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე ან 20 დღემდე პატიმრობას, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას.
  • ვანდალიზმის განმეორებით ჩადენა, 2 000 ლარი ჯარიმის ან 5 დღემდე პატიმრობის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას კვლავ 2 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე პატიმრობას“.

გარდა ამისა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, ზოგიერთი პირის მიმართ „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით“, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა განისაზღვრება 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.

ამ პირთა შორის არიან: სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, სამხედრო მოსამსახურე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, აღსრულების პოლიციელი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ან მასთან გათანაბრებული პირი. თუმცა სიაში არ ხვდებიან პროტესტის მონაწილეები, რომელთა მიმართ სამართალდამცავების მიერ, ფიზიკურთან ერთად, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. 

ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა განისაზღვრება 2500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

გარდა ამისა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები გათვალისწინებულია პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შესაზღუდად, რასაც „ქართული ოცნება“ ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაზრდით შეეცდება. მათ შორის: 

შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა – რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ ქმედება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერაა ჩადენილი – ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იზრდება 6 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 60 დღემდე.

შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირებისთვის – მონაწილე დაისჯება 5000 ლარამდე, ორგანიზატორი კი – 15 000 ლარამდე ჯარიმით; განმეორების შემთხვევაში, მონაწილე – 10 000 ლარამდე, ორგანიზატორი კი – 20 000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობით.

ცვლილებებით პროტესტის გამოხატვა იზღუდება ზოგიერთ ობიექტთან: კერძოდ, იკრძალება სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – ამ შემთხვევაში ჯარიმა 5 000 ლარით არის განსაზღვრული ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით.

პოლიციის წინააღმდეგობა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება

სამოქალაქო პირებისთვის პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პარალელურად, გაიზარდა პოლიციისა და სხვადასხვა სტრუქტურაში მომუშავე სამართალდამცავთა დაცვის მექანიზმები. მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებით, აღნიშნული პირების მიმართ დაუმორჩილებლობა, მუქარა ან მათზე თავდასხმა უფრო მკაცრად ისჯება. იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების შემთხვევაზე სასჯელი გაამკაცროს და მის პრევენციას შეუწყოს ხელი, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, მათ წახალისებას უფრო გამოიწვევს. 

როგორც „სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი ცვლილების პაკეტშია აღნიშნული, „პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“ – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე ვადით. ამ კანონის ჯგუფურად ან არაერთგზის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია თავისუფლების ხუთიდან რვა წლამდე აღკვეთა.

ჩამოთვლილ პირებზე, მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, ან ოჯახის წევრზე თავდასხმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე

სასჯელი გამკაცრდება თუ „დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“ – ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა ხუთიდან რვა წლამდე განისაზღვრა.

ამ პირების ჯანმრთელობის ხელყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. თუ დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით – სასჯელი იზრდება და განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე.

აღნიშნულ პირთა სიცოცხლის მოსპობა, კანონში შეტანილი ცვლილებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

მათ მიმართ ძალადობის მუქარა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. თუ დანაშაული ჩადენილი იქნება ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

ზემოხსენებულ პირებზე თავდასხმა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. თუ დანაშაული ჩადენილი იქნება ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

მაშინ, როდესაც შსს წესრიგის დაცვის ნაცვლად სამართლებრივ მექანიზმებს აქციის მონაწილეთა მიმართ ანგარიშსწორებისთვის იყენებს, ხოლო სასამართლო პროცესები როგორც წესი სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული უგულებელყოფით მიმდინარეობს, აღნიშნული ცვლილებები „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელში დამატებით რეპრესიულ ინსტრუმენტად იქცევა. 

აღსანიშნავია, რომ გარდა ამ ცვლილებებისა, „ქართული ოცნება“ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდველ ახალ კანონებზეც მუშაობს. მამუკა მდინარაძის თქმით, მედიისთვის შემუშავდება ახალი კანონმდებლობა, „რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები“. მდინარაძემ ხაზი გაუსვა ასევე მედიისათვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვის აუცილებლობას. 

მედიის კანონი, რომელზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში ისედაც გაუარესებული მედიაგარემოს სამომავლო მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეზღუდვები, როგორიცაა ხელისუფლების მხრიდან სარედაქციო სტანდარტების განსაზღვრა და უცხოური დაფინანსების შეჩერება, ცენზურისა და მედიის მკაცრი კონტროლის ცალსახა ნიშნებს შეიცავს.