კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიომაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში კომერციული სარეკლამო შემოსავლების 34.9%-იანი კლება დაფიქსირდა და, შედეგად, მაჩვენებელმა 21.4 მილიონი ლარი შეადგინა. კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია საარჩევნო პერიოდი და ის, რომ მსგავს ვითარებაში მაუწყებლები სარეკლამო დროს ძირითადად ფასიან პოლიტიკურ რეკლამას უთმობენ, საიდან მიღებულმა შემოსავალმაც IV კვარტალში მათთვის მთლიანობაში 9.8 მილიონი ლარი შეადგინა.
ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა მაუწყებლებისთვის ჯამში 33.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ კომერციულ შემოსავლებთან შედარებით 4.4%-ით ნაკლებია.
„შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა“, – ნათქვამია ანგარიშში.
2024 წლის IV კვარტალის კომერციული სარეკლამო შემოსავლები ტელევიზიების მიხედვით:
- „ტელეიმედი“ – 7.9 მილიონი ლარი (2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 6.7 მილიონი ლარით ნაკლები);
- „რუსთავი 2“ – 3.5 მილიონი ლარი (1.5 მილიონი ლარით ნაკლები);
- „მთავარი არხი“ – 2.1 მილიონი ლარი (0.6 მილიონი ლარით ნაკლები);
- „პოსტვ“ – 1.9 მილიონი ლარი ( 0.2 მილიონი ლარით ნაკლები);
- „ტელეკომპანია პირველი“ – 1.5 მილიონ ლარი (0.8 მილიონი ლარით ნაკლები);
- „ფორმულა“ – 1 მილიონი ლარი (0.8 მილიონი ლარით ნაკლები);
- „ჯი-დი-ეს თი-ვი“ – 0.8 მილიონი ლარი (0.9 მილიონი ლარით ნაკლები);
- „ბი-ემ-ჯი“ – 0.8 მილიონი ლარი (0.2 მილიონი ლარით ნაკლები);
- „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – 0.4 მილიონი ლარი (0.5 მილიონი ლარით ნაკლები);
- „სილქნეტი“ – 0.3 მილიონი ლარი (0.2 მილიონი ლარით მეტი).