ბანქოს სახლი ქართულად: მამაცაშვილის მამული ფართოვდება

ბანქოს სახლი ქართულად: მამაცაშვილის მამული ფართოვდება
უჩა მამაცაშვილმა წყნეთში მდიდრული რეზიდენციის მშენებლობის ნებართვის მოპოვება არარეალისტურად მჭიდრო ვადებში შეძლო. კაკლებში 9,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული პრესტიჟული ნაკვეთის ნაწილი ძმამ, არჩილ მამაცაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტისგან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინა და მოგვიანებით, უჩა მამაცაშვილს უსასყიდლოდ გადასცა. Forbes Georgia-ს გამოძიება მოგითხრობთ, როგორ მოქმედებს სისტემა საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ, მაშინაც კი, როდესაც საქართველო პოლიტიკურ კრიზისშია ჩაფლული და ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც ($4.9 მილიარდი) საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 15%-ს უტოლდება, ხშირად ანდობს ნათესავებს საკუთარი კომპანიების მართვასა და მისი ინტერესების გატარებას სხვადასხვა ფრონტზე. წლების მანძილზე ივანიშვილი ნათესავებს სახელმწიფო საკითხების მოგვარებაშიც რთავდა, რაც მათ მიმართ მილიარდერის განსაკუთრებულ ნდობაზე მეტყველებს. უჩა მამაცაშვილი ივანიშვილისთვის სწორედ ასეთი სანდო პირია. იგი იყო როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე, ასევე – ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული კერძო ფონდის, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის მეწილე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს 2022 წელს 27 აპრილის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს (ასევე — მის მეუღლეს) და უჩა მამაცაშვილს კომპანია Geo Organics-ის გავლით საერთო ბიზნესი ჰქონდათ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან, ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტი ანა კუვიჩკოა. შედეგად, 2022 წელს უკრაინამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა: უჩა მამაცაშვილი, ტატე მამაცაშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი და ქეთევან ხარაიძე. დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მოიცავს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციებისა და რესურსების ტრანზიტის სრულ შეწყვეტას, ასევე — ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების გაუქმებას ან შეჩერებას და სხვა მრავალ ზომას. 

თუმცა უჩა მამაცაშვილი მხოლოდ დასაწყისი იყო. 2024 წლის 27 დეკემბერს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესა და მიზეზად “რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა“ დაასახელა. (ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით წინადადება გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაშიც შევიდა და მას უკვე 25 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს).

დასავლურ სანქციებს ბიძგი საქართველოში გამართულმა მასშტაბურმა პროტესტმა მისცა. აქციები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში ყოველდღე გამოვიდნენ. ყველაზე მწვავე ტალღა, რომელიც დღემდე გრძელდება, ქართული ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს (დროებით) აჩერებს. ხელისუფლების რეაქცია პროტესტზე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა: დაკავებულია 500-ზე მეტი ადამიანი, სისხლის სამართლის დანაშაულს კი 50-მდე ადამიანს ედავებიან – მათ შორის მედიის წარმომადგენლებს. 

ბიძინა ივანიშვილი მოსალოდნელი სანქციებისთვის წინასწარ მოემზადა. 2024 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის აქტივების საქართველოს კომპანიისთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები ამოქმედდა და ოჯახთან ერთად, ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. 29 იანვრის მდგომარეობით, ივანიშვილების ოჯახმა ქვეყანაში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა და ოფშორებიდან 12 კომპანია გადმოიტანა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, გადაფორმებული კომპანიების საერთო კაპიტალი ₾ 163,2 მილიონს შეადგენს. 

თუმცა დასავლური სანქციები ივანიშვილის ოჯახის ქონების გაფართოებას ხელს არ უშლის. ამის ერთ-ერთი უახლესი თვალსაჩინო მაგალითი უჩა მამაცაშვილის ახალი მდიდრული რეზიდენციაა კაკლებში — პრესტიჟულ სატყეო უბანში, რომელიც პანორამული ხედებითა და მშვიდი გარემოთი ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ ნაწილს იზიდავს. 

მამაცაშვილების ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთები კაკლებში საერთო ჯამში 8,655 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ბიზნესმენის მეუღლის, ლელა მამაცაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ადგილი, სადაც მამაცაშვილების სახლი აშენდება, 10 ცალკეულ მიწის ნაკვეთს აერთიანებს. როგორც ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, ეს ქონება მათ სხვადასხვა გზით — შესყიდვით, ჩუქებითა და საეჭვო გარემოებებში წარმართული პრივატიზაციის პროცესით მოიპოვეს.

განსაკუთრებით საყურადღებოა 2018 წელს თბილისის მერიის მიერ აუქციონზე გატანილი ორი ნაკვეთი (542 კვ.მ და 437 კვ/მ — ჯამში 1014 კვ/მ). პირველი აუქციონი 2018 წლის 22 მაისს გამოცხადდა, ხოლო მეორე — 1 ივნისს. ორივე შემთხვევაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა დაინტერესებულმა პირმა მიიღო და აუქციონის დასრულების შემდეგ ავტომატურად გაიმარჯვა. ორივე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უჩა მამაცაშვილის ძმა არჩილ მამაცაშვილი გახდა.

  • არჩილ მამაცაშვილმა 1,014 კვადრატული მეტრი მიწა 144,829 ლარად შეიძინა: 542 კვ/მ მიწის ნაკვეთი — 80,025 ლარი (კვადრატულის ღირებულება —147,6 ლარი); 437 კვ/მ მიწის ნაკვეთი — 64,804 ლარი (კვადრატულის ღირებულება —148 ლარი)
  • იმავე პერიოდში კაკლებში მიწის საშუალო საბაზრო ფასი 120-150 დოლარი იყო კვადრატულ მეტრზე
  • მამაცაშვილებმა მიწის შეძენა მხოლოდ 147-148 ლარად მოახერხეს.

2021 წლის 18 აგვისტოს არჩილ მამაცაშვილმა ორივე ქონება ძმას, უჩა მამაცაშვილს უსასყიდლოდ გადასცა. 

საინტერესოა, რომ პირველი რეგისტრაციისას დაშვებული იყო ბიუროკრატიული შეცდომა, რის გამოც მოთხოვნა ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე თავდაპირველად შეჩერდა: უჩას ნაცვლად, დოკუმენტში რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქის, ვახტანგ კარიჭაშვილის პირადი ნომერი იყო შეყვანილი — ეს ადამიანი უჩას ბიზნეს პარტნიორია და რუსეთში ღვინის ექსპორტით დაკავებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიების, Bolero & Company-სა და GVMT Group-ის მფლობელია. როგორც კი შეცდომა გამოსწორდა, უჩა მამაცაშვილმა მიწა 2022 წელს ლელა მამაცაშვილს გადასცა.

საინტერესოა, რომ სსიპ ქონების სააგენტო ორივე ნაკვეთს უწესებდა შეზღუდვას “დარეგისტრირებული კონფიგურაციის მშენებლობის უფლების გარეშე” — აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არ დაიშვებოდა მშენებლობა, თუ არ მოხდებოდა მისი გაერთიანება მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან (საკადასტრო ერთეულებთან). 

აღნიშნული შეზღუდვა მარტივად გაუქმდა 2023 წელს, როდესაც ლელა მამაცაშვილმა მომიჯნავე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაირეგისტრირა. მამაცაშვილები უზარმაზარი მიწის ნაკვეთის უზრუნველსაყოფად არაერთი ნაბიჯისგან შემდგარი გეგმით მოქმედებდნენ. მიწის ნაკვეთების შეძენა და საკუთრებაში რეგისტრაცია ლელა მამაცაშვილმა 2020 წელს დაიწყო. 

  • 2020: ლელა მამაცაშვილმა 965 მ² მიწა შეიძინა შპს რეალითი ავლაბარისაგან, რომელსაც ეს ნაკვეთი 2019 წელს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსგან ჰქონდა პრივატიზებული. შპს რეალითი ავლაბარმა მიწის ნაკვეთში 234,263 ლარი გადაიხადა და რამდენიმე თვეში აღნიშნული მიწა ლელა მამაცაშვილს დაახლოებით იმავე ღირებულებით, 79 000 აშშ დოლარად (241,740 ლარად) მიჰყიდა.
  • 2020-2022: ლელა მამაცაშვილმა კერძო მესაკუთრეებისგან ექვსი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელთა ჯამური ფართობიც 5677 კვ/მ-ს შეადგენდა. 2020 წელს ლელა მამაცაშვილმა 3 მიწის ნაკვეთი, ჯამში 2565 კვ/მ, შეისყიდა კერძო მესაკუთრეებისგან. 2021 წელს — დამატებით კიდევ 2 მიწის ნაკვეთი ფართობით 2,362კვ/მ, ხოლო 2022-ში — 750 კვ/
  • 2022: ლელა მამაცაშვილმა მიწის ნაკვეთები საჩუქრად არა მხოლოდ მეუღლისგან, უჩა მამაცაშვილისგან (542 კვ/ და 437 კვ/), არამედ ამჯერად პირდაპირ არჩილ მამაცაშვილისგანაც მიიღო (1000კვ/ და 1000 კვ/). არჩილმა ჯამში უჩა მამაცაშვილების ოჯახს ოთხი მიწის ნაკვეთი, ფართობით 2,979 კვ/მ, სრულად უსასყიდლოდ, ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიწების ნაწილს განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა. იმისათვის, რომ ლელა მამაცაშვილს მიწები ერთ ნაკვეთად გაეერთიანებინა და დაერეგისტრირებინა, საჭირო იყო, რომ თითოეულ მიწის ნაკვეთს ერთი და იმავე დანიშნულება ჰქონოდა (არასასოფლო-სამეურნეო). საინტერესოა, რომ სამ შემთხვევაში წინა მესაკუთრეებს საჯარო რეესტრი მიწის დანიშნულების ცვლილების უფლებას არ აძლევდა, თუმცა როცა 2023 წელს ლელა მამაცაშვილმა მოისურვა მიწის ნაკვეთების სისტემური დანიშნულების შეცვლა, საჯარო რეესტრმა თანხმობა უპრობლემოდ გასცა.

მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემდეგ ლელა მამაცაშვილის წარმომადგენელმა, 2023 წელს კიდევ ერთხელ მიმართა საჯარო რეესტრს, ამჯერად უკვე ათივე მიწის ნაკვეთის გაერთიანების მოთხოვნით. საჯარო რეესტრმა მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ დააკმაყოფილა და მიწის ნაკვეთები ერთიან ქონებად დაარეგისტრირა

მიწის ნაკვეთისთვის მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამუშაოები იმავე წელს ზაფხულში დაიწყო, როდესაც მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის განცხადებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ლელა მამაცაშვილის წარმომადგენელმა, არქიტექტორმა გიორგი ქევანიშვილმა მიმართა. დოკუმენტების წარდგენის შემდეგ არქიტექტურის სამსახურმა 2024 წლის აპრილში მოთხოვნა დააკმაყოფილა. სწორედ ამ დროს განისაზღვრა შენობა-ნაგებობის განთავსების პირობები და ყველა ის დეტალი, რომელთა მიხედვითაც არქიტექტურული პროექტი უნდა მომზადებულიყო. 

ლელა მამაცაშვილის წარმომადგენელმა თბილისის არქიტექტურის სამსახურის პროექტის შესათანხმებლად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად მალევე მიმართა და მიმართვიდან 2 თვეში თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასცა. ასეთი მასშტაბის პროექტის შეთანხმების ვადა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ორ თვეს მნიშვნელოვნად სცილდება და შეიძლება პროცესი ექვს თვემდეც გაიწელოს — თუმცა ეს მაშინ, თუ რიგითი მოქალაქე ხარ და არა — ოლიგარქის ოჯახის წევრი. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მიმდინარე პროცესის კანონიერება საფუძვლიან ეჭვებს აღძრავს. 

რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას ისაა, რომ ე.წ. კაკლების დასახლებაში უჩა მამაცაშვილის ოჯახის საცხოვრებელი სახლი ნამდვილად არ იქნება მოკრძალებული. 3500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება კეთილმოწყობილი ბაღი, მის შუაგულში კი — ბაც ფერებში გადაწყვეტილი ფილებითა და ვიტრაჟებით გაფორმებული საცხოვრებელი ნაგებობა. პროექტის თანახმად, შენობა სამსართულიანი იქნება და მას ორი დამხმარე ნაგებობა ექნება, საერთო ფართობით — 2302.8 კვ/მ. 

პროექტის გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება, რომ მამაცაშვილების სახლი თბილისის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული საცხოვრებელი იქნება. 

“აუზი, სპა, სამასაჟე ოთახები და დამხმარე ოთახები. +1 სართულზე ტრენაჟორების ოთახი. მესამე ფლიგელი არის სასტუმრო ნაწილი. 0 სართულზე განთავსდება მისაღები ოთახი, ოფისი, სამზარეულო და დამხმარე ოთახები. +1 სართულზე — საძინებლები და სამზარეულო. ეზოში ასევე მოეწყობა გარე აუზი. ერთ დამხმარე ნაგებობაში განთავსდება დაცვის ოთახი, ხოლო მეორეში – გენერატორები” — ვკითხულობთ სახლის პროექტის აღწერილობაში.

სახლის რენდერი
სახლის რენდერი

რთულია იმის თქმა, რა დაჯდება ასეთი სახლის მშენებლობა, თუმცა თუ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილ მასალის ღირებულებასა და მშენებლობის ხარჯებს გავითვალისწინებთ, საცხოვრებლის ასაშენებლად ოლიგარქის დეიდაშვილს რამდენიმე მილიონი დოლარის ხარჯის გაღება მოუწევს.

განახლება: ჩვენ გავესაუბრეთ უჩა მამაცაშვილის წარმომადგენელს და მის პოზიციას პირველივე შესაძლებლობისთანავე შემოგთავაზებთ. 

ივანიშვილის გარემოცვის, ამ შემთხვევაში უჩა მამაცაშვილის ოჯახის ქონებრივი ტრანზაქციები კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოში ფართოდ გავრცელებული კორუფციული მექანიზმის არსებობას:

  • საჯარო მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად
  • ოჯახურ წრეში ქონების გადანაწილება და გაერთიანება
  • მერიაში ნებართვების სწრაფი დამტკიცება, რაც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის შეუძლებელია. 

მამაცაშვილების ოჯახის მიერ მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების ისტორია აჩვენებს, როგორ ხეირობენ ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ ისინი, ვისაც კავშირები, გავლენა და ძალაუფლება აქვს. სანამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მომხრეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად თავს საფრთხეში იგდებენ, ივანიშვილის ახლობლები მშვიდად აგრძელებენ ძვირად ღირებული ქონების შეძენასა და პრივილეგიებით სარგებლობას.


საქართველოს პოლიტიკური მომავალი ისეთი ბუნდოვანია, როგორიც — არასდროს, თუმცა ერთი რამ დღესავით ცხადია — ოლიგარქის ნათესავების საკეთილდღეოდ სისტემა კრიზისის პირობებშიც კი შეუფერხებლად მუშაობს.