ბირთვული ენერგიის წარმოებისა და განვითარების მიმართულებით საფრანგეთმა წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. საფრანგეთის თერმობირთვულმა სინთეზის რეაქტორმა, WEST-მა, პლაზმური რეაქციის შენარჩუნებით, რეკორდული 22 წუთი იმუშავა.
საფრანგეთის მიღწევა ტოკამაკის ტიპის რეაქტორმა 12 თებერვალს დააფიქსირა. ცნობისთვის, WEST-ს ფრანგული ოპერატორი Commissariat à l’énergie atomique et aux énergies alternatives-ი (CEA) მართავს. უახლესი მონაცემებით, CEA-მ ჩინური რეაქტორის შედეგი 10 წამით გააუმჯობესა. WEST-მა პლაზმური რეაქცია 90 მილიონ გრადუს ცელსიუსზე 1,337 წამის განმავლობაში შეინარჩუნა, რაც 25%-ით მეტია ჩინეთის EAST-ის მაჩვენებელზე – 1,066 წამი.
CEA-ს თანახმად, საბოლოო მიზანი არსებითად არასტაბილური პლაზმის მართვაა. ამავდროულად, რეაქტორის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც პლაზმასთან შეხებაშია, უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რომ გაუმკლავდეს მის სითბოსა და გამოსხივებას – დაზიანებისა და რაიმე პრობლემის გამოწვევის გარეშე.
WEST-ის გუნდი ცდებს მომდევნო თვეების განმავლობაშიც გააგრძელებს, რისი მიზანიც პლაზმის ხანგრძლივად, რამდენიმე საათამდე შენარჩუნება, ასევე მისი უფრო მაღალ ტემპერატურამდე გაცხელება იქნება.
ცნობისთვის, თერმობირთვული სინთეზის რეაქტორში ისეთივე რეაქცია მიმდინარეობს, როგორიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებში ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით წარმოებისთვის. მეცნიერები აღნიშნული პროცესის წარმართვისთვის ძლიერ მაგნიტებს იყენებენ, რათა ცელსიუსის სკალით მილიონობით გრადუს ტემპერატურაზე ცხელი პლაზმის გაკონტროლება და სტაბილიზაცია იყოს შესაძლებელი. ამით ისინი ატომებს ერთმანეთთან შეჯახების საშუალებას აძლევენ, რაც უფრო ძლიერ ბირთვს აყალიბებს.
თეორიულად, ამ გზით იმ რაოდენობის მდგრადი ენერგია უნდა გამოიყოს, რომელიც კაცობრიობის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს კი თავის მხრივ კლიმატის ცვლილების შერბილებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.