ეს კომპანია თანამშრომლებს ოფისში დაბრუნებისთვის $10,000-ს უხდის

ეს კომპანია თანამშრომლებს ოფისში დაბრუნებისთვის $10,000-ს უხდის

ამერიკულმა კომპანია Cameo-მ, რომელიც მომხმარებლებს ცნობილი ადამიანების მონაწილეობით პერსონალიზებულ ვიდეოებს სთავაზობს, თანამშრომლების ოფისში დასაბრუნებლად  საინტერესო სტრატეგია მოიფიქრა: CNBC-ის ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტი თანამშრომლებს  წლიურად 10,000 დოლარს სთავაზობს, თუ ისინი ოფისში დაბრუნდებიან.

ბოლო წლებში დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა Amazon და JPMorgan, მკაცრი პოლიტიკა აირჩიეს და თანამშრომლებს სრულ განაკვეთზე ოფისში დაბრუნება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდათ.

“ჩვენ გვინდოდა, რომ სათაო ოფისი თანამშრომლებისთვის პრივილეგიად ქცეულიყო და არა სასჯელად,“ — განაცხადა Cameo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ გალანისმა. “ვიცით, რომ მოქნილობის დათმობას ვთხოვთ, ამიტომ ვცდილობთ, ეს გადაწყვეტილება მათთვის მომგებიანი გავხადოთ.“

გარდა 10,000-დოლარიანი მატებისა, ოფისში დაბრუნებული თანამშრომლები დამატებით ისეთი უპირატესობებითაც ისარგებლებენ, როგორებიცაა უფასო სადილი, პარკიგი და წვდომა სპორტდარბაზზე.  ამჟამად ეს პოლიტიკა მხოლოდ ჩიკაგოში მომუშავე თანამშრომლებს ეხებათ, თუმცა კომპანია მზადაა რელოკაციის ხარჯები დაუფაროს იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ჩიკაგოში საცხოვრებად გადასვლას მოისურვებენ.

საიდან მოვიდა ეს თანხა? 

გალანისის თქმით, ხელმძღვანელობა თანხის შერჩევისას განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა თანამშრომლებზე ფიქრობდა, რომლებიც კარიერის საწყის საფეხურებზე იმყოფებიან.

ეს თანხა მათ საშუალებას მისცემს, ოფისთან ახლოს იქირავონ ბინა, ნაცვლად იმისა, რომ მშობლებთან ერთად გარეუბანში იცხოვრონ და ყოველდღე იმგზავრონ მატარებლით”, — აღნიშნა კომპანიის  აღმასრულებელმა დირექტორმა.

რატომ არ სურთ დასაქმებულებს ოფისებში დაბრუნება? 

დასაქმებულების დიდი ნაწილი ოფისში სრული განაკვეთით დაბრუნების იდეას წინააღმდეგობით ხვდება, რადგან მათთვის ჰიბრიდული მუშაობისათვის დამახასიათებელი მოქნილობა ძალიან მნიშვნელოვანია.  ოფისში მუშაობა ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი მზადაა, ხელფასის შემცირებას დათანხმდეს, თუ სანაცვლოდ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნება. Harvard Business School-ის კვლევის თანახმად, დასაქმებულთა 40% მზადაა, 5%-იანი ხელფასის შემცირება მიიღოს დისტანციური სამსახურის შესანარჩუნებლად, ხოლო 9% ანაზღაურების 20%-მდე შემცირებასაც დათანხმდებოდა.

Cameo-ს პოლიტიკა მნიშვნელოვანი გამონაკლისია: გალანისი ამბობს, რომ მისთვის გასაგებია, რომ თანამშრომლები მოქნილობას აფასებენ.

“ვიმედოვნებთ, რომ პარასკევი  მოქნილი დღე იქნება,“ — ამბობს ის, “რათა თანამშრომლებმა შეძლონ ექიმთან ვიზიტი და სხვა პირადი საკითხების მოგვარება”.

ხელმძღვანელობა დასწრებას არ გააკონტროლებს. “ჩვენ აქ ზრდასრულები ვართ, — აღნიშნავს გალანისი.

Came0-ს მიდგომა შეიძლება მაგალითი გახდეს სხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც თანამშრომლების ოფისში დაბრუნება საუკეთესო კადრების დაკარგვის გარეშე სურთ